ნატალია ჯვარიძე
20.06.2024

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს, რომელსაც ოპოციზია არ ესწრებოდა. ანალიტიკოსთა აზრით, ბოიკოტი სასურველი არ არის, რადგან ეს ხშირად წამგებიანია. როგორც ისინი აღნიშავენ, „ოცნებამ" ეს არჩევნებში ხმების მობილიზებისთვის წამოიწყო, რადგან ამ კანონის მიღება ამ ეტაპზე საჭირო არ იყო.

„საერთოდ არ მიმაჩნია სწორად ბოიკოტი, რადგან ადამიანები ამ დეპუტატებს ირჩევენ არა იმიტომ, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, არამედ საპარლამენტო ტრიბუნაზე სიტყვით იბრძოლონ", - ამბობს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან".

მისივე თქმით, თუ ეს კანონი არ მიიღება „ოცნებას" მაინც ეთქმევა, რომ ჩვენ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ვიბრძოდით, თუმცა ოპოზიციამ მხარი არ დაგვიჭირაო და ამით ქულებს დაიწერენ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს კი მიაჩნია, რომ მართალია ბოიკოტი არ არის სწორი, თუმცა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ოპოზიციას მეტი გზა არ რჩება: „ამ მდგომაორებაში საჭიროა ოპოზიციამ რაღაც ფორმით პროტესტი გამოხატოს, ამ ეტაპზე მათ სხვა მექანიზმი არ აქვთ".

საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

„პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის ღალატს ნიშნავს, როდესაც ადამიანები არ გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას და პოზიციებს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საკითხზე", - ასე გამოეხმაურა რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბოიკოტს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს „რუსული კანონის" მეორე ეტაპია და ამის განხილვაში მონაილეობას არ მიიღებენ.

„ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის „რუსული კანონი 2" - ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი, ამიტომ მის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ", - განაცხადა „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ამ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მმართველი პარტიის მხრიდან ერთგვარი პიარია, რომელიც წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა კონკრეტული კატეგორიის მხარდაჭერის მოპოვებაზეა გათვლილი.

„ზოგადად ოპოზიციის ბოიკოტი სწორად არ მიმაჩნია, რადგან ხშირ შემთხვევაში უფრო წამგებიანია, თუმცა ახლა ქვეყანაში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ოპოზიციამ რაღაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ეს საპარლამენტო საქმიანობას ნამდვილად არ უკავშირდება. დღეს ქვეყანა უფრო დიდი საფრთხის წინაშეა, ვიდრე ამდაგვარი კანონპროექტები.

„ამ კანონპროექტზე არ მგონია დასავლეთს რაიმე ნეგატიური რეაქცია ჰქონდეს, მაგრამ არც დადებითად შეხედავს. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი უფრო პიარის თემაა და უფრო არჩევნებზე ხმების მობილიზებისთვისაა განკუთვნილი, ვიდრე რაღაც რეალური უსაფრთხოებისთვის.

„დასავლეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონს, რომელიც დემოკრატიულ უფლებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ზღუდავს. „რუსულ კანონს" რასაც ეძახიან, ეს ნამდვილად საშინელებაა. დიდი მედი მაქვს, სანამ ამ კანონის ამოქმედება დაიწყება, უმრავლესობა შეიცვლება და ამის ანულირება მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეს კანონი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და არასამთავრობო სექტორისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ოცნებას" ლგბტ-ები არ აინტერესებს, უბრალოდ ეს ჩვეულებრივი პიარია და მიმართულია არჩევნებზე ხმების მისაზიდად. ისინი ამით საზოგადოებას ეუბნებიან, რომ „აი, ჩვენ ტრადიციული ორიენტაციის მომხრეები ვართ". არ მგონია ამან მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანოს, მაგრამ „ოცნება" მაინც ყველაფერს აკეთებს.

„ამ წამოწყებას პერსპექტივა არ ექნება და როცა ეს დაიწყეს, მაშინაც კარგად იცოდნენ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს მართლა რაღაც ცვლილებების შესატანად კი არ სჭირდებათ, არამედ არჩვენებზე რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი რომ მიიზიდონ და ვითომ ქართული ტრადიციული ინტერესების დამცველებად გამოჩნდნენ. არჩვენები რომ არა, არც გაახსენდებოდათ ეს ლგბტ-ები", - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან".

რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ის ქვეყნები, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია, ამას საკმად აგრესიულად დაუპირისპირდებიან.

„მე ჯერ არ მინახავს წარმატება ბოიკოტის გამო, მითუმეტეს, როცა ლაპარაკია პოლიტიკოსების ძალიან მცირე ჯგუფზე. წესით ამან ხელისუფლება უნდა აიძულოს, რომ პარლამენტის ქმედუნარიანობის შეზღუდოს და ხელისუფლება იძულებული იქნება, რომ დათმობებზე წავიდეს. რასაკვირველია, ახლა ეს შეუძლებელია.

„დასავლეთი ალბათ ამ ცვლილებაზე აღფრთოვანებული არ იქნება. მათი ზოგიერთი ნაწილი ამ თემას სიფრთხილით ეკიდება, თუმცა ისეთებიც არიან, რომლებიც პირიქით იქცევიან. იმ ქვეყნებში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინებას აღიარებენ, ამას აგრესიულად დაუპირისპირდებიან.

„აქ ლაპარაკია იმაზეც, რომ ეს საარჩევნოდ არისო, კი, ბატონო, გარკვეულწილად ასეცაა. საერთოდ, არჩევნები ისეთი რამეა, რომ ბევრ პოლიტიკოსს ადგმევინებს ისეთ ნაბიჯს, რომელსაც სხვა დროს არ იზამდა.

„თუ „ოცნებამ" ეს კანონი ვერ მიიღო, სხვებისთვის ცნობილი იქნება, რომ ხელისუფლება ამისთვის იბრძვოდა და ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ეს „ოცნებისთვის" მომგებიანი განაცხადი იქნება", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×