თამთა ჩაჩანიძე
06.07.2024

„ხალხის ძალა" არ გამორიცხავს, რომ არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან" ერთიანი ფრონტით წარსდგეს, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ. ამასვე ადასტურებს მმართველი პარტია - მათი შეფასებით, საუბარი არაა იმაზე, რომ ცოტა ხნის წინ გამოყოფილი ჯგუფი, ცალკე საარჩევნო სუბიექტი იყოს.

ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაში, რომ „ხალხის ძალის" გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთვარი მიზეზი შეისაძლოა რეიტინგი იყოს, რადგან დიდია ალბათობა იმისა, რომ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახოს. ის „მისია" კი, რაც ამ გაყოფას ახლდა თან, „ნაწილობრივ შესრულებულია".

„ხალხის ძალა" ქართულ ოცნებას" 2022 წლის აგვისტოში გამოეყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში დარჩა. ჯგუფი პარტიად ამა წლის მარტში დარეგისტრირდა, რომელიც თავიდანვე აცხადებდა, რომ ოპიზიციაში გადაბარგებას არ აპირებდა და „ქართული ოცნების" თანამოაზრედ რჩებოდა.

როგორ გავა „ოცნება" და „ხალხის ძალა" არჩევნებზე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა და „ხალხის ძალის" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ არსებობს არჩევნებში „ოცნებასთან" ერთად წარმოდგენის თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ.

„რა თქმა უნდა, უმრავლესობა უმრავლესობად რჩება. როდესაც ჩვენ „ქართულ ოცნებას" გამოვეყავით, მაშინაც დავადასტურეთ, რომ უმრავლესობაში ვრჩებოდით. რა თქმა უნდა, ჩვენს შორის ღირებულებითი სხვაობა არ არის და ჩვენი ერთობა არ დარღვეულა.

„შესაძლებლობა ჩვენი ერთად წარმოდგენის არსებობს თეორიულიც და პრაქტიკულიც, თუმცა ამ თემაზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ასე რომ, შეფასებებს ნაადრევად ნუ გავაკეთებთ.

„ჩვენ „ქართულ ოცნებას" მხოლოდ იმიტომ გამოვეყავით, რომ ჩვენთვის სიმართლე უფრო ხმამაღლა სათქმელი იყო - ამიტომ წარმოვადგინეთ საკუთარი თავი ცალკე. ის, თუ როგორ იქნება ეს არჩევნებზე, დრო ჯერ კიდევ არსებობს და ამასთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს კონსულტაციები. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ცალ-ცალკე და ერთადაც", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" 2024 წლის არჩევნებზე ერთიანი ფრონტით გამოვა და იმაზე საუბარი არ არის, რომ „ხალხის ძალა" საარჩევნო სუბიექტი იყოს.

„ქართული ოცნება" ჯერჯერობით და მგონია, რომ ეს ასეც იქნება, 2024 წლის არჩევნებში ერთიანი ფორმატით გამოვა, ისევე როგორც ეს 2020 წლის არჩევნების დროს იყო. ის, რომ „ხალხის ძალა" საარჩევნო სუბიექტი იყოს, ამაზე ლაპარაკი არ არის!" - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, რეალური კვლევები აჩვენებს, რომ "ქართულ ოცნებას" მაღალი მხარდაჭერა აქვს, რაც "არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან არ არსებობს ადამიანი, ვინც სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას დესტაბილიზაციასა და ქვეყნის ცეცხლში გახვევა ამჯობინებს".

რა მიზანი ჰქონდა „ხალხის ძალის" გამოყოფას და რატომ უბრუნდება „ოცნებას"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ხალხის ძალამ" „ქართულ ოცნებაში" დაბრუნება ალბათ უფრო იმიტომ გადაწყვიტა, რომ ის ვერ დადებდა ისეთ რეიტინგს, რომელიც მის დამოუკიდებლად გასვლას უზრუნველჰყოფდა არჩევნებზე. მისი თქმით, მიზანი რისთვისაც ეს ჯგუფი მმართველ პარტიას გამოეყო, ნაწილობრივად შესრულებულია.

„ოცნებასთან" ისევ შეერთება ალბათ იმიტომ გადაწყვიტა, რომ „ხალხის ძალამ" ის რეიტინგი ვერ მოიპოვა, რაც მის დამოუკიდებლად გასვლას უზრუნველჰყოფს.

„რაც შეეხება იმას თუ თავის დროზე ეს ჯგუფი რატომ შეიქმნა, ითქვა კიდეც, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ არსებულიყო ჯგუფი და ამ შემთხვევაში ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკოსებისა, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებისთვის უხერხულ განცხადებებს გააკეთებდნენ ხელისუფლების მაგივრად, მათ შორის, მწვავე კრიტიკასაც არ მოერიდებოდნენ.

„ეს ჯგუფი ფაქტიურად ასეთი „მეხამრიდი" იყო. რაღაც თვალსაზრისით , ალბათ მაინც შეასრულა, რადგან უცხოელი მეგობრები და პარტნიორები, რომელთა მიმართ ძალიან ხშირად იყო მიშვერილი „ხალხის ძალის" კრიტიკა, ამ კრიტიკის ადრესატები კი, ძალიან ხშირად ხელისუფლებას საყვედურობდნენ ჩუმად რატომ ხარო, ანუ აღიქმებოდა ის, რომ „ხალხის ძალასა" და ხელისუფლებას შორის რაღაც ხიდი არსებობს და ამ კავშირის არსებობას საყვედურობდნენ.

„რახან საყვედური გაჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი გულზე მოხვდათ. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს შედგეგი გამოიღო. ამ მხრივ ეს ეტაპი შესრულებულია და დანარჩენი ალბათ უფრო არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამოჩნდება",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართული ოცნებამ" „ხალხის ძალა" ხელოვნურად გამოყო, რომ ორმაგი თამაში ეთამაშა რუსეთთან და დასავლეთთან. თან დასავლეთის მიმართ კრიტიკული და რუსეთისთვის მაამებლური განცხადებები გაეკეთებინა და თან არ დაბრალებოდა მმართველ პარტიას.

„ხალხის ძალის" ძირითადი მიზანი ის იყო, რომ „ოცნებას" საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა სურდა, თუმცა არ უნდოდა, რომ ეს ღიად განეცხადებინა - ხელოვნურად შეიქმნა „ხალხის ძალა", რომელიც გარკვეულ პოლიტიკას არ ეთანხმებოდა. ჯგუფი შეიქმნა, რომ არა მხოლოდ დასავლეთი გაეკრიტიკებინა, არამედ თავისი რუსული პოზიცია დაეფიქსირებინა. შარშან „რუსული კანონი" სწორედაც, რომ „ხალხის ძალამ" დააინიცირა, მერე „ოცნება" ვითომ აჰყვა. რეალურად ეს „ქართული ოცნების" ინიციატივა იყო.

„ხალხის ძალამ" (თუ შეიძლება მას ხალხის ძალა ვუწოდოთ) განტევების ვაცის როლი ითამაშა, როცა დასავლეთის კრიტიკა დაიწყო, რეალურად დასავლეთს „ქართული ოცნება" აკრიტიკებდა, ამით ცდილობდა, რომ როგორმე ანტიდასავლური ტალღა აეგორებინა. „ოცნება" ცდილობდა ორმაგი თამაში ეთამაშა, რომ თითქოს თავად პროდასავლურები იყვნენ და დასავლეთის კრიტიკა მხოლოდ ამ ჯგუფს ეკუთვნოდა, მაგრამ, ვის რას მოატყუებ.

„ის, რომ „ხალხის ძალა" „ოცნებას" უბრუნდება, აშკარად რეიტინგის პრობლემაა და ჩანს, რომ პრორუსულ ძალებს საქართველოში მხარდაჭერა არ აქვს. ამასთან, პრორუსული ამომრჩეველი „ალტ-ინფოსკენ" უფრო იხრება. როცა „ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, თავიდან პრორუსულ ძალებში ლიდერის პოზიცია ნინო ბურჯანაძეს ჰქონდა, მან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 10%-იც მიიღო, შემდეგ მისი პარტიის რეიტინგი დაეცა და პრორუსული ორიენტაცია თავის თავზე „პატრიოტთა ალიანსმა" აიღო, „ოცნება" კი ხელს უწყობდა, რომ ამ ჯგუფს გადაელახა ბარიერი.

„ქართულ ოცნებას" პრორუსული ძალები აწყობს, რადგან, თვითონ გამოჩენილიყო, როგორც პროდასავლური ძალა. თუმცაღა, თავის პრორუსულობას უკვე ვეღარ მალავს, რადგან კარგად ვხედავთ, რომ „ხალხის ძალა" სახელისუფლებო პარტიაა. „ოცნებას" ახლა სურს, რომ ხმები არ გაიყოს და „ხალხის ძალის" ხმებიც მიიღოს, რადგან თუ ბარიერი ვერ გადალახა, ხმები დაიკარგება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×