
ევროკომისია 4 ნოემბერს გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელშიც საქართველოს საკითხსაც დაეთმობა ყურადღება. წყაროების ინფორმაციით, ევროკავშირი სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო ვადებზე მსჯელობს, საქართველოსთვის კი მსგავსი ვადა დასახელებული არ არის, მოსალოდნელია კრიტიკაც, თუმცა სტატუსი შეუნარჩუნდება.
ანგარიშის გამოქვეყნებამდე ანალიტიკოსები საქართველოს მიმართ კრიტიკისა და შესაძლო სანქციების საკითხის გააქტიურებას ელიან, ხელისუფლება კი ევროკავშირს დიალოგის ნაცვლად კონფრონტაციულ მიდგომაში ადანაშაულებს.
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი გაფართოების პროცესში კანდიდატი ქვეყნებისთვის მოლაპარაკების დასრულების სავარაუდო ვადების განსაზღვრაზე მუშაობს.
მისი ცნობით, განახლებული ხედვის წარდგენა მომავალ კვირას იგეგმება: მონტენეგროსთვის მოლაპარაკებების დასრულება 2026 წლის ბოლომდე განიხილება, ალბანეთისა და მოლდოვისთვის - 2027 წლის ბოლოს ან 2028 წლის დასაწყისში, უკრაინისთვის კი 2029 წლის ბოლომდე.
იოზვიაკი ხაზს უსვამს, რომ ეს ვადები ევროკავშირში გაწევრიანების თარიღებს არ ნიშნავს, საუბარია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულებაზე. ამ ჩამონათვალში საქართველოს ვადა მითითებული არ არის.
„ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკებთან დაკავშირებით უახლესი ხედვა, რომლის წარდგენაც მომავალ კვირას იგეგმება (საუბარია მოლაპარაკებების დასრულებაზე და არა წევრობის თარიღზე):
მონტენეგრო - 2026 წლის ბოლომდე; ალბანეთი და მოლდოვა - 2027 წლის ბოლოს / 2028 წლის დასაწყისში; უკრაინა - 2029 წლის ბოლომდე",- აღნიშნავს იოზვიაკი.
ევროკომისია 4 ნოემბერს გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. „რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ანგარიშში, სავარაუდოდ, განმეორდება გასული წლის შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა „მხოლოდ სახელით", თუმცა კანდიდატის სტატუსი შეუნარჩუნდება.
იოზვიაკის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა დიდმა ნაწილმა 12 ოქტომბრის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლაზე ისაუბრა. ამასთან, მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან თანამშრომლობის მზაობა არ გამოუხატავს.
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამ ეტაპზე არ განიხილავს შეზღუდვების საქართველოს რიგით მოქალაქეებზე გავრცელებას, თუმცა ბრიუსელი გადაწყვეტილების მიღებას უსასრულოდ ვერ გადადებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ თუ უვიზო რეჟიმის ფართო მასშტაბით შეჩერება გადაწყდება, საქართველო ამის ყველაზე სავარაუდო კანდიდატია.
რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწესებაზე ერთსულოვანი შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს და უახლოეს მომავალში ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად მოსალოდნელია.
ზოგიერთი ქვეყანა სანქციების გაფართოებას მოითხოვს, სხვები კი თბილისთან საკომუნიკაციო არხების შენარჩუნებასა და კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელებას უჭერენ მხარს.
საქართველო გაფართოების ანგარიშში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველო კვლავ კრიტიკის ობიექტი იქნება ევროპული ინტეგრაციის კურსიდან გადახვევისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში საქართველოს კანდიდატის სტატუსიც შეუჩერდეს, რადგან, მისი შეფასებით, ქვეყანას ამ სტატუსის მისაღებად საჭირო სტანდარტები სრულად არ დაუკმაყოფილებია და სტატუსი გარკვეული პირობებით მიიღო.
ნიკა ჩიტაძე: "საქართველო კანდიდატის სტატუსის სტანდარტებს ისედაც არ აკმაყოფილებდა, პირობებით მოგვცეს და არაა გამორიცხული მოგვიანებით გაგვიუქმონ კიდეც"
"ჩვენზე ბუნებრივია იტყვიან, რომ საქართველომ ევროპული ინტეგრაციის კურსს გადაუხვია და შეიძლება ისევ და ისევ მოწოდება და საუბარი იყოს კონკრეტული სანქციები დაუწესდეს ადამიანებს, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებებს არღვევს. საუბარი იქნება უკრაინაზე, მოლდოვაზე, ალბანეთზე, ახლა ალბათ სერბეთზეც იქნება საუბარი, მით უმეტეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება ხდება.
"საქართველო კანდიდატის სტატუსის სტანდარტებს ისედაც არ აკმაყოფილებდა, პირობებით მოგვცეს და არაა გამორიცხული მოგვიანებით გაგვიუქმონ კიდეც მიუხედავად იმისა, რომ ამის პრედენდენტი არ არსებობს",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" ფიქრობს, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა იქნება და ხაზგასმული იქნება, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სხვა კანდიდატ ქვეყნებს ჩამორჩება. მამრაძე მიიჩნევს, რომ ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა საქართველოსთვის რეალურ წინსვლას არ ნიშნავს.
„რასაკვირველია, კრიტიკა იქნება. რასაკვირველია, იქნება ფორმულირება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ამ გზას და კანდიდატებს შორის არავინაა ასეთი ჩამორჩენილი.
"ამ დროს დამაიმედებელი ის არის, რომ მომავალში არავის შეყვანას არ აპირებენ, ეს არის მთლიანად ბლეფი. სახედარს რომ ცხვირწინ სტაფილოს დაუკიდებენ და ეუბნებიან იარეო - ამასობაში რაღაცა უნდა გაგაკეთებინონ, ეს კანონი ამოიღე, ის მიიღე და ა.შ. ამ დროს, ამით არანაირად არ ვუახლოვდებით რეალურ წევრობას და რომც შეხვიდე რა?
"როდესაც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა პროგნოზი ევროკავშირისთვის ისეთი, რომ იქ ამ კავშირის და მისი წევრი ქვეყნების მომავალი საერთოდ არა ჩანს.
პეტრე მამრაძე: "იქნება ფორმულირება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ამ გზას და კანდიდატებს შორის არავინაა ასეთი ჩამორჩენილი. ამ დროს დამაიმედებელი ის არის, რომ მომავალში არავის შეყვანას არ აპირებენ"
"ამ ფონზე დიალოგის მოლოდინსაც აზრი არ აქვს. საქმიანი, კონომიკური იქნება ეს, პოლიტიკური თუ სხვა, არაფერი არ არის, როდესაც ანტიეროვნული ძალებიდან ისმის, რომ ჩვენი უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი ევროპული გზა და ა.შ. პირიქით. ევროპული გზით შეიძლება ჩრდილოეთი მეზობელი კიდევ უფრო გააღიზიანო და იქიდან არანაირი დახმარება უსაფრთხოების მხრივ არ შემოსულა და აარც შემოვა",- განაცხადა მამრაძემ
ხელისუფლების პოზიცია
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირთან დიალოგის მაგიდასთან სხედან, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლები ამ მაგიდას გარშემო უტრიალებენ და დიალოგის ნაცვლად, კონფრონტაციულ გზას ირჩევენ.
"ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკომისიის უმწიფარ საგარეო პოლიტიკას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა კანდიდატი ქვეყნების მიმართ. სანამ ევროკომისია ამ უმწიფარ პოლიტიკას არ შეცვლის, რთულია წარმოვიდგინოთ რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იყოს მათი მხრიდან გადადგმული.
"არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვსხედვართ ევროკავშირთან დიალოგის მაგიდასთან და ველოდებით, ევროკავშირის წარმომადგენლები როდის დასხდებიან ამ მაგიდასთან, მაგრამ, ვხედავთ, რომ ისინი ამ მაგიდას გარშემო უტრიალებენ - კონფრონტაციულ გზას ირჩევენ დიალოგის ნაცვლად. ესეც არის ევროპული ღირებულებების ნგრევა და ევროპის ცივილიზაციური უფსკრულისკენ წაყვანა.
"ევროკომისიას მთავარი ტაქტიკა აქვს გამოცხადებული ბევრი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მიმართ - კონფრონტაცია, ესკალაცია და არა დიალოგი. ეს არანაირად არ არის ევროპული ღირებულება. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, მოვიქცეთ ცივილიზებულად, ევროპულად, თუმცა სამწუხაროდ, იქიდან ვხედავთ საბჭოთა მეთოდებს, რაც გასაკვირი არაა, ვინაიდან ევროკომისიის ხელმძღვანელობაში პოსტსაბჭოთა ლიდერებს ვხედავთ. მართალია, საბჭოთა კავშირიდან გამოვიდნენ, მაგრამ თავისი ქცევებიდან საბჭოური ქცევები ვერ ამოიღეს.
"როგორც ჩანს, ის მეთოდები წამოიღეს, რომელიც საბჭოღა კავშირისთვის იყო დამახასიათებელი ზომით პატარა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ჩვეულებრივ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთ ახლა ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ - კონფრონტაცია, ესკალაცია, ზეწოლა, იძულება, ნაცვლად დიალოგისა. ჩვენ ვრჩებით ევროპულებად, ევროკომისია იქცევა არაევროპულად," - განაცხადა პაპუაშვილმა.