რეზონანსი
06.07.2024

უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომელიც მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა C ჰეპატიტის პრობლემას და ნაკლებად სერიოზულად აღიქვამს B ჰეპატიტს, მას აქვს გაცილებით უფრო მაღალი ონკოგენური უნარი, ვიდრე C ჰეპატიტს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში" B ჰეპატიტის მართვის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, B ჰეპატიტის პროგრამა დიდხანს მზადდებოდა და სულ რაღაც ორი კვირის წინ, ის უკვე დაიწყო.

„თუ C ჰეპატიტის პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ძირითად ხარჯებს იღებდა ამერიკული მხარე, საუბარია მედიკამენტებზე, რამდენიმე მილიარდი დოლარის მედიკამენტები იყო მოწოდებული, თუ შიდს ძირითადად სახელმწიფო ახორციელებდა, მაგრამ გლობალური ფონდის მხარდაჭერითა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების მიერ, B ჰეპატიტის პროგრამა მთლიანად სახელმწიფოს მიერ იქნება დაფინანსებული.

ორი წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 70 ათასი ქრონიკული ავადმყოფია B ჰეპატიტით. კერძოდ, დადგინდა, რომ ყველა გამოკვლეულის 2,7 პროცენტს აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი და ეს მოსახლეობაზე გადათვლით გამოდის დაახლოებით 70 ათასი, მაგრამ ამ 70 ათასიდან ყველა არ საჭიროებს მკურნალობის დაუყოვნებლივ ჩატარებას. მკურნალობის დაწყებას აქვს კრიტერიუმები.

სულ ახლახან დაიდო მონაცემები, რომ მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას საჭიროებს დაახლოებით 50 პროცენტი, ანუ, საქართველოში სადღეისოდ, უნდა ვიფიქროთ, რომ დაახლოებით 35 ათასი B ჰეპატიტით ავადმყოფია, რომელსაც დღესვე სჭირდება მკურნალობა", - განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, B ჰეპატიტს ძალიან სერიოზული გართულებები ახასიათებს.

„ესენია: ღვიძლის ციროზი, ღვიძლის კიბო და ღვიძლის უკმარისობა. ესენი ყველა სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებებია. უნდა აღინიშნოს და ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომელიც მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა C ჰეპატიტის პრობლემას და ნაკლებად სერიოზულად აღიქვამს B ჰეპატიტს, მას აქვს გაცილებით უფრო მაღალი ონკოგენური უნარი, ვიდრე C ჰეპატიტს. ანუ B ჰეპატიტს შეუძლია ღვიძლის კიბოს გამოწვევა უფრო მაღალი ალბათობით", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×