თამთა ჩაჩანიძე
10.06.2024

ევროპარლამენტის ინტერნაციონალური არჩევნები დასრულდა და წინასწარი შედეგები ცნობილია - ყველაზე მეტი მანდატი კვლავ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსს, „ევროპის სახალხო პარტიას"აქვს. ანალიტიკოსები ევროპარლამენტის კონფიგურაციაში დრამატულ ცვლილებას არ ელოდებიან, თუმცა ე.წ. კონსერვატიულ-ტრადიციონალისტური პოლიტიკური ჯგუფები გარკვეულწილად დაწინაურდნენ, მაგრამ არა იმდენად, რომ ევროპარლამენტში ტენდენცია შეცვალოს.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპარლამენტის კონფიგურაცია თითქმის არ იცვლება, საქართველოსთან მიმართებაშიც პოზიცია დაახლოებით იგივე შენარჩუნდება ევროკავშირის მხრიდან.

ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, 720 დეპუტატიან ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიას" 185 ადგილი აქვს მოპოვებული, პოზიცია გაიუმჯობესა 9 მანდატით. „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულმა ალიანსმა" - 137 ადგილი მიიღო დაკარგა - 2. „განახლებული ევროპა" მოიპოვა 79 მანდატი, დაკარგა -23. „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პარტიამ" 73 ადგილი მოიპოვა და პოზიცია გაიუმჯობესა ოთხი მანდატით. 9 ადგილით მეტი აიღო „იდენტობა და დემოკრატიამ" და ახლა აქვს 58 მანდატი. „მწვანეებს" - 52, პოლიტიკურ ჯგუფმა დაკარგა 19 ადგილი. მიუმხრობლები - 46, დაკარგა - 16. მემარცხენეები - 36, დაკარგა 1. სხვებმა კი 54 ადგილი მოიპოვეს.

უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. მაკრონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.

„მჯერა ფრანგი ხალხის შესაძლებლობების, რომ თავიანთი და მომავალი თაობებისთვის ყველაზე სამართლიან არჩევანს გააკეთებენ. ჩემი ერთადერთი ამბიცია არის გამოვადგე ჩვენ ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს", - აცხადებს მაკრონი.

„როიტერსი" წერს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა დარტყმა მიაყენა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში პოლიტიკის წარმართვას, გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აიძულა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, რომელიც 30 ივნისს გაიმართება.

წყაროს ცნობით, მაკრონის მსგავსად, მტკივნეული ღამე გადაიტანა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც, როდესაც მისმა „სოციალ-დემოკრატიულმა" პარტიამ ევროპის არჩევნებში აქამდე დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" შემდეგ მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

რაც შეეხება იტალიას, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პოზიცია გაძლიერდა, რადგან, ეგზიტპოლების თანახმად, მისმა კონსერვატიულმა ჯგუფმა - „იტალიის ძმები" - ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

შეფასებები

ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი : უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ ისიც მართალია, რომ მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სურს გააგრძელოს მუშაობა „მათთან, ვინც არის პროევროპული, პროუკრაინული და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი.ლაიენის თქმით, არჩევნები არ ტარდება ვაკუუმში.

„ჩვენს ირგვლივ სამყარო არეულობაშია. ძალები გარედან და შიგნიდან ცდილობენ ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციას და ევროპის დასუსტებას. არასოდეს დავუშვებთ ამას. არჩევნების ეს შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს," - დაასკვნა მან.

„ლელოს" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის არცევნებს ეხმიანება.

„რას ნიშნავს ევროპული არჩევნების შედეგი ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის?

„1. ევროკავშირის მოწინააღმდეგე ფრონტი დამარცხდა, ევროკავშირის შემდგომ გაფართოებაზე ამ ეტაპზე გაგრძელდება იგივე პოლიტიკა. ახალ ევროპულ კომისიაში, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მანდატი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტი, სავარაუდოდ დიდ და გავლენიან ქვეყნებს ექნებათ პრეტენზია. მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და ევროპული პროექტი-ანუ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე. ისტორიული შესაძლებლობა გვეძლევა, თუ რუსულ ხელისუფლებას გავაგდებთ ოქტომბერში.

„2. სადაც ულტრამემარჯვენე ძალებმა მოიპოვეს შედარებით მეტი მანდატი (ყველაზე მძიმე შედეგი საფრანგეთშია, ცხადია) ემიგრაციის საწინააღმდეგო პლატფორმა იყო წამყვანი და ზოგადად, ევროპის შიდა სივრცის უკეთ დაცვა. ანუ, მათთვის ვინც ევროკავშირის წევრი არ იქნება, ევროპა შესაძლოა გახდეს უფრო მიუწვდომელი მომავალში. შესაბამისად, როდესაც ივანიშვილის პოლიტიკის გამო შანსია, დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა, არჩევანი არის მარტივი-ან იქნები ევროპის შიგნით, ან გარეთ, კიდევ უფრო მეტი გამყოფი ბარიერის მიღმა, დაუცველ, ღარიბ სივრცეში.

„3. უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, რუსეთის შეკავების პოლიტიკაც-პრორუსულმა ძალებმა ვერ გაიძლიერეს პოზიცია საერთო ევროპულ დონეზე. საბოლოოდ კი, ეს არჩევნები გვეუბნება, რომ რამდენიმეწლიანი ფანჯარა გვაქვს ევროპაში შესასვლელად.

„ჯერი ჩვენზეა, დარჩება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ ქვეყნის სათავეში?-დაიხურება ეს ფანჯარაც. დავამარცხებთ? წავალთ ევროპაში, ოღონდ მხოლოდ ფეხბურთის ჩემპიონატზე არა. ივანიშვილის დამარცხება 26 ოქტომბერს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე საქართველოს მოქალაქემ შეიძლება გააკეთოს მისი ცხოვრების განმავლობაში. ესაა ჩვენი დიდგორი ამ ქვეყნის გადასარჩენად",- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

რა იცვლება ევროპარლამენტის არჩევნებით

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ევროპარლამენტის კონფიგურაციაში დრამატული ცვლილება მოსალოდნელი არაა, თუმცა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს ადგილები კონსერვატიულ-ტრადიციონალისტურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა. რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, კონფიგურაციიდან გამომდინარე, არც საქართველოსთან მიმართებაში შეიცვლება დიდად რამე.

„ამ არჩევნებზე ევროპარლამენტის პოლიტიკურ კონფიგურაციაში რაღაცა დრამატული ცვლილება არ მომხდარა. როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპის სახალხო პარტიამ, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი პარტიაა, პირველი ადგილი აიღო და მანდატების რაოდენობა ცოტათი გაზარდა, მაგრამ ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მანდატების გარკვეული რაოდენობა დაკარგეს ტრადიციულად ლიბერალური ორიენტაციის პარტიებმა და პოზიციები მართალია ბევრით არა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს ე.წ. კონსერვატიულ-ტრადიციონალისტურმა და ევროსკეპტიკური ორიენტაციის პოლიტიკურმა პარტიებმა.

„მაგალითად გერმანიაში, ძალიან შთამბეჭდავი და სიურპრიზი იყო აშკარად ნაციონალისტური მიმართულების პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმატება, რადგან ეს შედეგი, რაც მან აჩვენა, ნამდვილად მისთვის წარმატებაა, თუ შევადარებთ წინა ევრიპარლამენტის არჩევნებზე მის შედეგს.

„რაც შეეხება იმას თუ რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე, ჩემი აზრით, „ევროპის სახალხო პარტია", რომელიც არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ ევროკავშირის აღმასრულებელ ტრუქტურებს დააკომპლექტებს - ევროკომისია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ევროკომისრების ვაკანსიებს, რომელიც არჩევნების შედეგად გამოთავისუფლდა, ალბათ „ქართული ოცნების" მიმართ იმავე პოზიციაზე დარჩება, რაზეც ის ადრე იყო.

„მეორეც, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნება" „ევროსოცალისტების" რიგებიდან გამოვიდა, მას უკვე ფაქტიურად ევროპარლამენტში დასაყრდები რეალურად აღარც აქვს, რადგან მაშინ მან ხელახლა უნდა შეეცადოს რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანდეს, რაც ალბათ არჩევნებამდე ვერ მოესწრება. არ ვიცი, პარტიას ეს გეგმაში აქვს თუ არა, მემგონი ამაზე ჯერჯერობით განაცხადი არ გაკეთებულა.

„ალბათ სავარაუდოდ დაახლოებით ისეთივე მდგომარეობა შენარჩუნდება, რაც ადრეც იყო. ზუსტად არ ვიცი ევროპარლამენტში მოხვდნენ თუ არა ის რამდენიმე - ხუთი თუ შვიდი ოდიოზური ევროპარლამენტარი, რომლებიც ყველასთვის ცხადი იყო თუ რის საფასურად მუშაობდნენ „ნაცმოძრაობასა" და დანარჩენ ოპოზიციაზე. მმართველ პარტიას პირდაპირ ხმალამოღებულები ებრძოდნენ, მაგრამ დიდი ალბათობით ოპოზიცია ალბათ შეეცდება, ასეთი მოკავშირეების პოვნას იქ.

„დანარჩენს ალბათ დრო გვაჩვენებს, ყველაფრეი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ დამთავრდება საპარლამენტო არჩევნები და უკრაინაში ომი, იმისდა მიხედვით ალბათ ევროპარლამენტის პოზიციების ფორმირება მოხდება. სხვათა შორის, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ევროპარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით იმასთან შედარებით განსხვავებული პოზიციები დააფიქსიროს, ვიდრე წინა ევროპარლამენტი აფიქსირებდა. მიუხედავად იმისა,რომ „ევროპის სახალხო პარტიას" აქვს იქ უმრავლესობა, მაგრამ პოზიციების გაჟღერება იმისათვის, რომ ომი შეჩერდეს, ალბათ მოხდება და დანარჩენს ალბათ პოლიტიკური ცხოვრების დინამიკა გვაჩვენებს.

„საქართველოსთან მიმართებაში ისევ და ისევ გადამწყვეტი იქნება საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ევროპარლამენტს უკარნახებს თუ ქვეყანასთან ურთიერთობები როგორ ააწყოს",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ განსაკუთრებული ცვლილება არ იქნება, ის მოცემულობა დადგა, რაც უკვე პროგნოზირებადი იყო. რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, ახლა ჯერი ჩვენზეა.

„ევროპარლამენტის არჩევნებზე რაიმე განსაკუთრებული ნამდვილად არ მომხდარა, ის მოცემულობა მივიღეთ, რაც პრინციპში პროგნოზირებადი იყო. შესაბამისად, რაიმე ისეთ განსაკუთრებულ ცვლილებებს ევროკავშირის პოლიტიკაში არ უნდა ველოდოთ. საქართველოს რაც შეეხება, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ბურთი ჩვენს მხარეზეა. მნიშვნელობა აქვს ჩვენ როგორ გამოვასწორებთ იმ მდგომარეობას, რომელიც უაღრესად კრიტიკულ და საგანგაშო წერტილამდე გვყავს მიყვანილი.

„ევროპარლამენტის კონფიგურაციას რომ გადავხედოთ, ვერ აღმოაჩენთ ვერცერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც „ქართული ოცნების" მოკავშირეა. წესით მმართველი პარტია ამაზე უნდა ფიქრდებოდეს და ეს თემა უნდა აწუხებდეს, მაგრამ ჩვენთან სამწუხროდ განსხვავებული მოცემულობაა.

„რაც შეეხება საფრანგეთს, აქ ეს შედეგი დაკაშირებულია საფრანგეთის თემებთან - ფერმერების აქციები და სხვა თემები, რამაც მემარჯვენეების პოპულარობა განაპირობა. შესაბამისად საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი გადადგა, მაკრონი ცდილობს ამ ვითარების ფონზე, რომელსაც ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს, ამის კაპიტალიზაცია მოახდინოს, ეს არის და ეს. ვფიქრობ, რომ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები ისე არ შეცვლის ევროკავშირის პოლიტიკას, რომ საქართველოზე აისახოს",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×