პრემიერის ახალი განკარგულება ამას ადასტურებს, მაგრამ კომპანია "ორბის" დირექტორი ჯიუტად ძველ პირობებს იმეორებს
გვანცა წულაია
25.06.2024

მთავრობამ კურორტ ბახმაროში „ორბის“ სამშენებლო პროექტში სხვადასხვა სახის ცვლილება შეიტანა. შესაბამისი განკარგულება მას შემდეგ გამოიცა, რაც მოსახლეობამ და ურბანისტთა ნაწილმა მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტა, რის მიზეზადაც ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის საფრთხის შექმნა და ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემის უკიდურესად გამწვავება დასახელდა.

„ორბი ჯგუფი ბახმაროსთან“ 2020 წლის იანვარში გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესული ცვლილებებით, საპრივატიზაციო პირობის შესრულების ვადად არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ მრავალფუნქციური კომპლექსმა მუშაობა 2028 წლის 19 ივნისამდე უნდა დაიწყოს. აქამდე დაგეგმილი იყო პროექტის 2025 წელს დასრულება.

შემცირდა სასტუმროს ნომრების რაოდენობაც. როგორც ცნობილი იყო, რომ კომპანია ბახმაროში 350-ნომრიან კომპლექსი ააშენებდა, ახალი განკარგულების მიხედვით კი ნომრების რაოდენობა 120-მდე დავიდა. გარდა ამისა, კომპანია ააშენებს კომერციული დანიშნულების ფართებს, კვების ობიექტებსა და სპორტულ მოედანს.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს“.

საინტერესოა, ცვლილებების შემდეგ, რამდენად მისაღებია მშენებლობის დაწყება. როგორც სფეროს სპეციალისტებმა აღნიშნეს, ნომრების შემცირება სასტუმროს მოცულობაზე იმოქმედებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საბოლოო პროექტია. 

ურბანისტ მამუკა სალუქვაძის განცხადებით, თუკი სხვადასხვა სახის რისკფაქტორი მაინც იარსებებს, მნიშვნელობა არ აქვს სასტუმრო რამდენნომრიანი იქნება. 

"სასტუმროს თუ იმავე ადგილზე აშენდება, მაშინ საფრთხე მაინც არსებობს. თუკი ზვავსაშუშროება არსებობს ან არის რაღაც კვლევები, რომლებიც ამის საშიშროებას ადასტურებს ანდა რისკფაქტორად მიიჩნევს, მაშინ სასტუმრო რამდენნომრიანი იქნება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. 

ნომრების შემცირება ბუნებრივია, რომ შენობის მოცულობაზე იმოქმედებს. შეიძლება, გათვლაა, რომ სასტუმროს სართულიანობა თუ იყო უფრო მეტი, რაზეც არსებობდა პროტესტი, გახდეს უფრო ნაკლები და შენობის მოცულობაც სხვანაირი იყოს. ჯერ ახალი პრექტი არ არის საჯარო, ამიტომ ძალიან ძნელია ზეპირად მსჯელობა, მაგრამ ძირითადად, მოცულობის შემცირებაზეა საუბარი, რომელიც გასაგებია, თუმცა როგორ სახეს მიიღებს საბოლოო პროექტი, ესაა გასარკვევი. საინტერესოა, ახალი პროექტით რა მოცულობის იქნება კომპლექსი და აქრიტექტურულად როგორი იერსახე ექნება მას. 

არავინ ამბობს იმას, რომ არსად არაფერი უნდა აშენდეს. ამაზე არც იყო საუბარი, არამედ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ არ უნდა დაირღვეს რაღაც მასშტაბები, მოცულობა, ფორმა და არ უნდა მოხდეს იმ ლანდშაფტიდან და უსაფრთხოების ნორმებიდან გადახრა, რომელიც ადგილზე არსებობს”, - განუცხადა "რეზონანსს” სალუქვაძემ. 

რამდენიმე თვის წინ მშენებლობის დაწყებაზე ინფორმაციის გავრცელებს მოსახლეობის პროტესტი მალევე მოჰყვა. ეკოლოგი და პოლიტიკოსი ლაშა ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ თუ რეალური და შესაბამისი დასკვნით არ მოხდება მოსახლეობის დარწმუნება, მაშინ ეს მხოლოდ და მხოლოდ პიარსვლა და პროტესტის ჩახშობის სურვილია. 

"ნამდვილად მიუღებელია ნებისმიერი პროექტის განხილვა ზედაპირული დაპირების ფონზე. ყველაფრის განხილვა უნდა მოხდეს საჯაროდ, საზოგადოების, ადგილობრივი მოსახლეობის და ექსპერტების ჩართვით. ასეთია დამოკრატია და ამის იქით მგონია, რომ არის, უბრალოდ, პიარსვლა და პროტესტის ჩაქრობის მიზანი. იმედი მაქვს, ბახმაროელები და მათ შორის ჩვენც, საზოგადოება ადეკვატურ პასუხს გავცემთ იმ მაფიოზურ დაჯგუფებას, სახელად "ორბი” და არ მივცემთ საშუალებას ბახმარო გაანადგუროს ისე, როგორც ბათუმი. 

თუკი თეორიულად მართლა აპირებენ რაიმეს დადებითი კუთხით  შეცვლას, რაშიც ეჭვი ძალიან მეპარება, მაშინ კეთილი ინებონ და ასეთი ზეპირი განცხადებების და დაპირების ნაცვლად, გამართონ მოსახლეობისა და ექსპერტების ჩართვით სრულფასოვანი პროცესი. იქ გამოჩნდება ეს შემცირება რამდენად რეალურია და რა ტიპის ზიანი შეიძლება მოიტანოს ან არ მოიტანოს. არესებითად, თუ რაიმე უსაფრთხოს აშენება უნდათ, კეთილი ინებონ და დაარწმუნონ საზოგადოება ამაში. სხვა შემთხვევაში, როგორც გითხარით, ეს იქნებაპიარსვლა და პროცესტის ჩაშლის მცდელობა. 

ნებისმიერ ადგილს, მით უფრო ისტორიულს, ბუნებრივი ლანდშაფტით გამორჩეულს, პირველ რიგში, აქვს ავთენტურობის პრეტენზია. 

ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს ანადგურებს არა მხოლოდ "ორბი”, არამედ, ზოგადად, ინვესტორული-დეველოპერული ბიზნესი. ეს არის ხელისუფლების ნაწილი და მისი გაგრძელება, რომელიც ანადგურებს ისტორიულ მემკვირდეობას, ადამიანების ჯანმრთელობას, იქნება ეს ჰაერის დაბინძურების თუ მწვანე ნარგავების განადგურების მხრივ. 

ჩვენ ვცხოვრობთ სამშენებლო რეგულაციებისა თუ საქმიანობის ისეთ პირობებიში, სადაც არც გეოლოგია, არც ეკოლოგია, არც ვიზუალი, არც შინაარსი და არც უსაფრთხოება არ არის დაცული. ამის მაგალითი კი უამრავია: ბათუმი, თბილისი, თუნდაც ბაკურიანი...”, - განუცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა "რეზონანსს”. 

გუშინ დღის ბოლოს მოულოდნელი განცხადება გაკეთდა "ორბშიც” და როგორც სამშენებლო კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჯვერღელიძემ განაცხადა, არაფერი შემცირებულა, "ორბი” ისევ 350-ნომრიანი კომპლექსის მშენებლობას აგრძელებს და კომპანიამ მთავრობას მხოლოდ საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების ვადის გადაწევასთან დაკკავშირებით მიმართა.

"ვადის გადაწევა განპირობებული იყო იმით, რომ პანდემიის პერიოდი, რომელიც დაემთხვა საქმიანობას, გათვალისწინებულიყო ვადების გადაანგარიშებისას. 

არაფერი შემცირებულა. თავის დროზე, როდესაც პირდაპირი მიყიდვის კონტრაქტი იყო არანაკლებ 120 ნომერი იყო მითითებული  და კომპანია არანაკლებ 120 ნომრის ფარგლებში ახორციელებს 350-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას. კონტრაქტში ადრეც არანაკლებ 120 ნომერი იყო მითითებული და დღესაც, იმავე საინვესტიციო თანხის ფარგლებში, რაც იყო თავდაპირველად. 

ვადების გარდა არაფერი შეცვლილა კონტრაქტში. ვადა იწურებოდა ივნისში. შესაბამისად, ჩვენ მის ამოწურვამდე მივმართეთ, ჩავაბარეთ ანგარიში რა იყო გაკეთებული ამ ეტაპამდე", - აღნიშნა ირაკლი კვერღელიძემ "ბიზნესპარტნიორთან” და დასძინა, რომ კომპანია ბახმაროში კომპლექსის მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×