რეზონანსი
12.05.2024

პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ, სავარაუდოდ, ბლოგერი უჩა აბაშიძე ბინაში სათვალთვალო კამერას ამონტაჟებს. ქალი, რომელიც კადრებში ჩანს, გამოძიების ინფორმაციით, მისი მეუღლე მარიამ იაშვილია. პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, მალევე, უჩა აბაშიძე ფარდის უკან იმალება, სახლში კი სხვა მამაკაცი შემოდის, რომელსაც მარიამ იაშვილი ესალმება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მსგავსი შეხვედრებისა და ინტიმური კავშირის ფარული გადაღება თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, მარიამ იაშვილის სახლში ხდებოდა. ბრალდებული ქალის სტუმრებთან სექსუალური ურთიერთობის კადრები კი, მისი მეუღლის, უჩა აბაშიძის სახლიდან ამოიღეს. ამ ვიდეოჩანაწერის გავრცელება პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა. ირკვევა, რომ ეს მხოლოდ ფრაგმენტია საქმის მასალებიდან, რომელიც გამოძიებამ მოიპოვა. ჯამში, საქმის მასალებში პოტენციური დაზარალებული ასობით პირის ათასობით ფაილი დევს. სწორედ სხვისი პირადი ცხოვრების კადრების უკანონო მოპოვებას ედავებიან დაკავებულ ცოლ-ქმარს. ბლოგერ უჩა აბაშიძეს, დამატებით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალიც წარუდგინეს.

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ. მათ დღეს გირაოთი გათავისუფლება სურდათ, თუმცა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო სხდომა გახსნიდან რამდენიმე წუთში იმ მოტივით დაიხურა, რომ საქმეში პირადი ცხოვრების მასალები დევს. სანამ პროცესს დახურავდნენ, ბრალდებულებმა, ჩხრეკის დროს, დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრეს. მოსამართლე რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას აცნობებს.

ადვოკატების მტკიცებით, საქმის მასალებში არსებული ვიდეოჩანაწერები ჯერ არ უნახავთ. დღეს ცნობილი გახდა, რომ უფლებადამცველების ნაწილი, მათ შორის საია-ს იურისტი, საქმეს ჩამოშორდა, დაკავებულებს კი, ახალი ადვოკატები იცავენ. მარიამ იაშვილის ინტერესების დამცველი ვარაუდობს, რომ ქალი პოზიციას შეცვლის და დუმილს დაარღვევს.

ვინ არიან პირები, რომლებსაც ბრალდებულები ინტიმურ კადრებს უღებდნენ - მათი ვინაობა არ საჯაროვდება. გამოძიება მხოლოდ იმას ამბობს, რომ უკანონო ჩანაწერებში ცნობილი ადამიანების კადრებიც ინახება. გამოძიება, დაზარალებულების იდენტიფიცირებასთან ერთად, დანაშაულის მოტივსაც არკვევს.

უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის სახლები სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ გაჩხრიკეს. დაკავებულების საქმის არსებით განხილვას სასამართლო 2 ივნისს დაიწყებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×