ელზა პაპოშვილი
12.05.2024

ბლოგერ უჩა აბაშიძეს, რომელიც ბოლო პერიოდის ანტისახელისუფლებო გამოსვლებისას განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ბრალი დაუმძიმდა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და კიბერ თავდასხმასთან ერთად, მას უკვე პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვაც ედება ბრალად. იგივე ბრალი აქვს წაყენებული მასთან ერთად დაკავებულ მის მეუღლე მარიამ იაშვილს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა. მათი შეფასებით, სამართალდამცავების თავდაპირველი ვერსია, რომ აბაშიძე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს, უკიდურესად არადამაჯერებელი იყო და ახლა ამ ახალი სკანდალური ბრალდებით ცდილობენ ამ ყველაფრის გადაფარვას. გარდა ამისა, ახალი ბრალდება ქმნის იმის იურიდიულ საფუძველს, რომ სასამართლოს სხდომები მედიისათვის დახურული იყოს და საზოგადოებამ ამ პროცესს ვერ მიადევნოს თვალი.

წლების განმავლობაში უჩა აბაშიძე „აირსოფტის“ ფედერაციის ხელმძღვანელი იყო და შსს-სთანაც აქტიურად თანამშრომლობდა. გომელაურის უწყების სამართალდამცველები აბაშიძის მიერ ორგანიზებული თამაშების მონაწილეები იყვნენ.

კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ცოლ-ქმარი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო დახურული იყო. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. მათი ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის დეტალებზე მედიასთან ვერ ისაუბრებს, რადგანაც გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინეს. პროკურატურამ კი საქმის მასალებში არსებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების ნაწილი გაასაჯაროვა.

ახალი ბრალდება

11 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ უჩა აბაშიძემ, რომელიც 9 მაისს დააკავეს, ცოლთან, მარიამ იაშვილთან ერთად  განიზრახეს სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. 11 მაისს მისი ცოლიც დააკავეს.      

შსს-ს ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საცხოვრებელი ბინა აღჭურვილ იყო შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას. 

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.  

„ჩამწერი მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში. ამასთანავე, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები განთავსებული ჰქონდა იმ ინტერნეტ ვებ-გვერდებზე, სადაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება.

მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება, ან შეხვედრა და იგი მივიდოდა ხსენებულ ბინაში, მისგან მალულად ბრალდებულები სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.   

გამოძიება აცხადებს, რომ ბრალდებულებმა ამ გზით 2019-2024 წლებში უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომელზეც აღბეჭდილნი არიან როგორც საქართველოს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები:

„აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა“.

გამოძიების თანახმადვე, პოლიციამ, უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოიღო მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ფოტოაპარატი, გარე მეხსიერების ბარათები, ე.წ. ვინჩესტერები, ასევე, ვიდეორეგისტრატორი, დრონები, ვიდეოსამეთვალყურეო კამერები, მეხსიერების ბარათები, ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა, ოპტიკა და ა.შ.

მათივე მტკიცებით, პოლიციამ უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა სპეციალური საშუალებები, გარდა ამისა, ამოღებულ იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რომლებსაც დაკავებული უკანონოდ ინახავდა.   

რაც შეეხება მარიამ იაშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი საცხოვრებელი ბინიდან, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის კომპიუტერული და ტექნიკური მოწყობილობები, ასევე მეხსიერების ბარათები ამოიღეს.

„მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური, ჰაბიდოსკოპიური და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზები. ასევე, აღსანიშნავია, რომ გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია დიდი რაოდენობით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინტიმური შინაარსის მქონე ფაილები, რომელთა შესწავლა გრძელდება დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“, - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

მხარეთა შეფასებები

კვირას გამართულ სასამართლოს სხდომაზე უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ამასთან, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გაიზიარა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი დახურა.

სხდომას ესწრებოდა ორივე ბრალდებული. პროცესზე დაკავებულებმა მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრეს. უჩა აბაშიძის განცხადებით, ჩხრეკის დროს მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა. ასევე, სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრა მისმა მეუღლე, მარიამ იაშვილმაც.

როგორც საქმის პროკურორმა ანი ხახანაშვილმა სხდომის შემდეგ განაცხადა, გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ ბრალდებულმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლე მარიამ იაშვილმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს.

ხოლო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ აუდიო და ვიდეო მასალის გავრცელება განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.

უჩა აბაშიძის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება უსამართლო და დაუსაბუთებელია. მისივე თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ არ უნახავს, თუმცა მიაჩნია, რომ არასწორია, როცა ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი და ამ დროს პროკურატურა ინფორმაციებს აქვეყნებს.

„ერთი მხრივ, თავად დაიტოვო უფლება, რომ რაც გინდა ის გამოაქვეყნო, რაზეც გინდა იმაზე ისაუბრო და მეორე მხარეს შეუზღუდო უფლება, რომ პასუხი გაგცეს, სამწუხაროდ, ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ. გაფრთხილებულები ვართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის შესახებ, რომ საქმის მასალებზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ, ეს არ არის სწორი“, -განაცხადა თუთბერიძემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს დაინიშნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×