ნატალია ჯვარიძე
24.06.2024

28 ივნისს პრემიერი ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს, რასაც ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრება. თავად ოპოზიციონერები ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ პრემიერის გამოსვლაში არაფერი იქნება ახალი და შესაბამისად, მის მოსმენასა და ოპონირებას აზრი არ აქვს. რამდენად გამართლებული ოპოზიციის ბოიკოტი და რამდენად დამაჯერებელია მათი არგუმენტები?

„ჩემი აზრით, მათი ბოიკოტი გამართლებული არ არის, რადგან ოპოზიცია, რომელსაც საკუთარი ამომრჩევლის მანდატები აქვს, პარლამენტში იმისთვის არის წარმოდგენილი, რომ ხელისუფლების მეთაურის ანგარიშის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა და მისი ამომრჩევლის ან მისთვის საინტერესო კითხვები დასვას", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ვარაუდობს, რომ ეს გამოსვლა პარლამენტში ისევე ჩაივლის, როგორც თავის დროზე „გამჭვირვალოს შესახებ" კანონის მიღება და შესაბამისად, მასზე ოპოზიციის დასწრებას აზრი არ აქვს.

„ოპოზიციამ იქ ოპონირება უნდა გაუწიოს (ხელისუფლებას), მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს „რუსული კანონის" განხილვისას რა ხდებოდა - როგორი ჩხუბი იყო და „ოცნების" წარმომადგენლები ოპოზიციის წარმომადგენლებზე როგორ იწევდნენ. რეალურად ეს ხომ საპარლამენტო მოსმენა არ იყო? შეიძლება აქაც იგივე მოხდეს", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს გამოსვლაც ისეთივე იქნება, როგორც 2014-2015 წლებში იყო და რაიმე სიახლეს ვერ ხედავენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ძირითადი აქცენტი იმაზე გაკეთდება, რომ ამერიკა და ევროპა ჩვენი მტრები არიან, ხოლო ჩინეთი და რუსეთი - მეგობრები.

„ჩვენ არ დავესწრებით იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც მთავრობის პროგრამა უბრალოდ წინის წინა პრემიერის პროგრამიდან გადმოწერა - მითუმეტეს იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც საკუთარ თავსაც ვერ აჯერებს, რომ პრემიერ-მინისტრია", - განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის პაატა მანჯგალაძის თქმით კი, ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან და ამის შეცვლას არ აპირებენ.

„მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ირიბი და პირდაპირი პერიფრაზი იქნება ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოებიდან „ცხოველების ფერმა", სადაც ერთი პასაჟია - რომ ყველა ადამიანი მტერია და ყველა ცხოველი მეგობარია. ზუსტად ასე იქნება - ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებზე ილაპარაკებენ, რომ მტრები არიან, ხოლო რუსეთს, ჩინეთს და იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, მეგობრად გამოაცხადებენ. ეს იქნება მთავარი სტრატეგიული ხაზი, „ცხოველების ფერმის" სტილში და სამწუხაროა, რომ ასეთი მთავრობა ჰყავს დღეს საქართველოს, როდესაც ისტორიული პერსპექტივა და შესაძლებლობა გვაქვს.

„შეგიძლიათ ამოიღოთ 2014-2015 წლების „ოცნების" პრემიერების გამოსვლები, შეცვალეთ სახელი, გვარი და თარიღი - ვერანაირ განსხვავებას ვერ იპოვით", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, შესაძლოა ოპოზიციის რაღაც ნაწილი სხდომაზე მივიდეს და მწვავე კითხვებიც დასვას. ზოგადად კი, მისი თქმით, ხელისუფლების ოპონირება ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა და ეს საპარლამენტო ოპოზიციაში კარგად არ ესმით.

„მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი შესაძლოა ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, მაგრამ, სავარაუდოდ, ზოგიერთი მივა და საკუთარი თავის წარმოსაჩენად მწვავე კითხვებს დასვამს.

„შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის მიზეზებზე საუბრობს, არგუმენტებისგან დაცლილია. პრემიერის გამოსვლაში რაც არ უნდა ეწეროს, ეს მისი გადასაწყვეტია რა ანგარიშით წარსდგება და ოპოზიციური ფრაქციების ვალდებულებაა, რომ მას ოპონირება გაუწიოს. საპარლამენტო ოპოზიციაში ასეთი ელემენტარული რაღაცები არ ესმით. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი პარტიული, პოლიტიკურ თუ რაღაც ვიწრო ეგოისტური სურვილების სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დაყენება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ნიკა ჩიტაძის აზრით კი, ოპოზიციის მიზეზები დამაჯერებელია.

„ოპოზიციის მიზეზები დამაჯერებელია. ხელისუფლება პირდაპირ არ ამბობს, რომ რუსეთი მეგობარია, თუმცა არც იმას ამბობს, რომ მტერია და დასავლეთს როცა აკრიტიკებს, ყველაფერი გასაგებია. მისი გამოსვლაც დაახლოებით ამ შინაარსის იქნება", - განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×