თამთა ჩაჩანიძე
23.05.2024

გენპროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა - წერილობით განცხადებაში, რომელიც საქართველოს პროკურატურის საიტზე დევს, ვკითხულობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის „ურთულესი" იყო. გადადგომას უკვე მოჰყვა შეფასებები - „ოცნების" მტკიცებით, შოთაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი რეალურად ჯანმრთელობის გაუარესებული მდგოგომარეობაა, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ „სისტემა რღვევას იწყებს".

შოთაძის მოვალეობას ახლა მისი პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე ასრულებს. გენპროკურორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია. შოთაძემ გენპროკურორის თანამდებობა ორჯერ დაიკავა - 2015-2020 წლებში. მას შემდეგ, რაც ის 2018 წლის მაისში გადადგა, პოსტზე შალვა თადუმაძე დაინიშნა. 2020 წლის თებერვალში კი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტმა კვლავ ირაკლი შოთაზე აირჩია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ გადადგომის რეალური მიზეზი მართლაც ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობაა, ამას პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა არ ექნება, თუმცა თუ ეს ტყუილია, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ „ოცების" იერარქიაში რყევა დაიწყო".

„ამას პოლიტიკურ პროცესებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ ექნება, თუ სიმართლეს შეესაბამება ის, რომ მართლაც ავადმყოფობის გამო გადადგა. განცხადება კი ასე გააკეთა, მაგრამ თუ ეს რეალობა არაა, მაშინ სხვა სავარაუდო პროცესია - ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ლაპარაკი არაა სერიოზულ ავადმყოფობაზე, უბრალოდ ეს მოიმიზეზა იმისთვის, რომ თანამდებობა დაეტოვებინა და პოლიტიკური განცხადება არ გაეკეთებინა, ეს სხვა ვითარებას ქმნის, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნების" იერარქიაში რყევა დაიწყო.

„თუმცაღა განცხადება გააკეთა, რომ ავად ვარო, არ შემიძლიაო და თუ მართლაც ავადმყოფობის გამო გადადგა, ეს არაფერს არ ცვლის. ეს არანაირი დასკვნის საშუალებას არ გვაძლევს, უბრალოდ ცოდია კაცი, თუ ის ავადაა და ამიტომ ის იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

„ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს. რომ „სისტემა რღვევას იწყებს".

„ირაკლი შოთაძის გადადგომა ნამდვილად არის დასტური იმისა, რომ ოლიგარქის გუნდი და ეს სისტემა იწყებს რღვევას შოთაძე იყო კულუარული თუმცა ძალიან გავლენიანი და ძალიან კარგად ინფორმირებული ფიგურა იყო ივანიშვილის კარზე. შესაბამისად, მისი გაქცევა ნიშნავს იმას, რომ დიახ, დაძირული გემიდან, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს გაიქცეს," - ამბობს ნაცვლიშვილი.

შოთაძის გადადგომას ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, მისი თქმით, გადადგომის მიზეზი მართლაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.

„ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანი. თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე თავად ისაუბრა, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის გაუარესებასთან. მას მხოლოდ ჯანმრთელად ყოფნა უნდა ვუსურვოთ. თუ ვინმე გაბედავს პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამაზე ამორალური საქციელი არაფერი აღარ იქნება ოპოზიციის მხრიდან. შესაბამისად, მათი განცხადებები მათსავე სინდისზე იყოს", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

აწ უკვე ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე 23 მაისით დათარირებულ განცხადებაში გადადგომის მიზეზზე საუბრობს, ასევე აფასებს პროკურატურის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს.

„მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით.

„მეხუთე წელი მიდის, რაც საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მიკავია, ხოლო ზოგადად საჯარო სამსახურში 2005 წლიდან ვმუშაობ. ჩემთვის უდიდესი პატივია ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ვამაყობ იმ წვლილით, რაც ჩემს კოლეგებთან ერთად ამ წლების განმავლობაში შევიტანეთ პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმების კუთხით პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაძლიერება, რის შედეგადაც საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან გარდაიქმნა დამოუკიდებელ ინსტიტუციად. შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელიც ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატებს, ასევე იბარებს გენერალური პროკურორის საქმიანობის ანგარიშს. ეს ანგარიშები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამდენად ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს დეტალური ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია ინსტიტუციის გამჭვირვალობის კუთხით.

„ცალკე აღნიშვნის ღირსია ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული რეფორმები, კონკრეტულად კი პროკურორების და გამომძიებლების სპეციალიზაცია. სწორედ სპეციალიზაცია გახდა მნიშვნელოვანი წარმატების წინაპირობა მთელი რიგი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაში, მაგალითად ტრანსნაციონალური დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ქალთა მიმართ და სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს ხელშესახები შედეგები, რასაც მოწმობს ევროჯასტის ფარგლებში, სხვადასხვა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად თბილისში ჩატარებული არაერთი წარმატებული ოპერაცია, რაც არაერთხელ გახდა ევროჯასტის მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნის და შექების საგანი.

„რა თქმა უნდა, ეს შედეგები და მიღწევები რომლებზეც კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო და რომლებიც დეტალურად არის ასახული ჩემს ანგარიშებში არ იქნებოდა, რომ არა პროკურატურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და ყოველდღიური თავდადება. დიდი მადლობა მათ ამ მონდომებისთვის, გვერდში დგომისთვის. მადლობა ჩემს კოლეგებს არაერთი წარმატებული პროექტისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას პროკურატურის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის",- აღნიშნულია შოთაძის განცხადებაში, რომელიც საქართველოს პროკურატურის საიტზე დევს.

გახარიას პარტია „საქართველოსთვის" წევრის ნათია მეზვრიშვილი წერს, რომ შოთაძის გადადგომა მისთვის მოსალოდნელი იყო.

„გენერალური პროკურორი გადადგა. ივანიშვილის სრულიად მოსალოდნელი გადაწყვეტილება (დიდი ხანია, ვამბობდი). გენერალურ პროკურორს არჩევნების მერე ვადა მალევე გასდის. ივანიშვილი წაგებისთვის ემზადება და მისთვის მნიშვნელოვანია, არჩევნების შემდეგ პროკურატურისა და სასამართლოსგან უსაფრთხოდ იყოს. ამიტომ, არჩევნებამდე უნდა აირჩიოს ახალი, ლოიალური გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით",- წერს მეზვრიშვილი „ფეისბუქზე".

ამასთან მეზვრიშვილი წერს, რომ:

„გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე და საპროკურორო საბჭოს რეფორმაზე გახსოვთ ალბათ, „ოცნებამ" უარი თქვა. ახლა უფრო ცხადია რატომ:

- ახალი გენერალური პროკურორი პარლამენტმა უბრალო უმრავლესობით - 76 ხმით უნდა აირჩიოს (რაც „ოცნებას" აქვს). კვალიფიციური უმრავლესობით არჩევაზე, რაც გენერალური პროკურორის პოლიტიკური კონსენსუსით არჩევის შესაძლებლობას შექმნიდა, ხელისუფლებამ უარი თქვა.

- ამასთან, არ არსებობს საპროკურორო საბჭოს მიერ პარლამენტისთვის დამოუკიდებელი გენერალური პროკურორის წარდგენის მცირედი პრაქტიკული შანსიც კი. კერძოდ:

- ეს საბჭო 15 წევრისგან შედგება. კანდიდატის შესარჩევად 10 ხმაა საჭირო. ამ 15 წევრიდან, 8 პროკურორი წევრია, რომლებსაც პროკურორთა კონფერენცია ირჩევს (რიგითი, დამოუკიდებელი პროკურორების მოხვედრის შანსი მოქმედი კანონმდებლობით მინიმალურია. ბოლოს საბჭოს წევრებად ყველა მენეჯერი აირჩიეს).

- დანარჩენი 7 წევრიდან 2 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირჩევს (ანუ გავლენის ჯგუფი), ორი პარლამენტის წევრია (ერთი უმრავლესობიდან და ერთი „ოცნების" სატელიტი იაგო ხვიჩია). დანარჩენ 3 წევრს პარლამენტი ირჩევს.

- ანუ ლოიალური კანდიდატის შერჩევისთვის აუცილებელი 10 ხმა საბჭოში უპრობლემოდ გროვდება. შემდეგ კი, 84 მორჩილი დეპუტატი პარლამენტში", - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×