თამთა ჩაჩანიძე
25.06.2024

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთიანობის ახალი დეკლარაცია შეიმუშავა, მასზე ხელმოწერა გულისხმობს „ერთიანობას, როგორც არჩევნებამდე ისე მის შემდეგ", აღნიშნულია, რომ 8 ივლისამდე ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე შეთანხმდებიან. განცხადებას ხელს აწერენ - ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი", „ლელო", „ახალი", „დროა", „გირჩი - მეტი თავისუფლება". დასკვნით ნაწილში კი აღნიშნულია, რომ სურვილის შემთხვევაში, სხვა პარტიებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ შეუერთდნენ.

ხელმომწერი პარტიები დადებითად აფასებენ დეკლარაციას და მასში არსებულ ყველა საკითხზე თანხმდებიან. „ქართულმა ოცნებამ" კი „ფანჩატური 2" უწოდა. იდეას ოპოზიციიდან მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, „ევროპული საქართველო" აცხადებს, რომ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს და „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთობას არ განიხილავს.

ანალიტიკოსთა შესასებით, სიაში ყველაზე გასაკვირი „ლელოს" ხელმოწერა იყო, რადგან მანამდე „ნაცმოძრაობასთან" არანაირი გაერთიანების მომხრე არ იყო. რაც შეეხება პერსპექტივას, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დეკლარაციას მხოლოდ ერთი გამართლება აქვს - თუ ერთ სიაში აპირებენ გაერთიანებას პარტიები, რომლებიც ვერ ლახავენ ბარიერს. თუმცა ამ შემთხვევაშიც, „ოცნებას" ეძლევა იმის საშუალება, რომ ის კარტი გაათამაშოს, რასაც 12 წელი ათამაშებდა.

შეფასებები ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე წერს, რომ ეს დოკუმენტი კიდევ უფრო მეტ ერთობას გულისხმობს.

„ოპოზიციის ერთიანობის პირველი ნაბიჯი ჩვენ ვნახეთ, როდესაც პრეზიდენტის ქარტიას მოვაწერეთ ხელი. ეს ინტერპარტიული დოკუმენტი გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, პარტიების უფრო მეტ ინტეგრაციას, რათა მიღწეული იყოს უფრო დიდი მიზანი, ეს არის ივანიშვილის დამარცხება და მეორე ეს არის საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება.

„ამისთვის საჭიროა ერთიანობა. სწორი ფორმატის წარდგენა მოხდება 8 ივლისამდე, რათა დამაჯერებლად მოხდეს რეჟიმზე გამარჯვება. ამისთვის საჭიროა ერთიანი კოალიციური ხედვა და კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ამ რეფორმებს სწრაფად ჩაატარებს და იმისთვის, რომ რეჟიმი დამარცხდეს, რეფორმები სწრაფად შესრულდეს, ქარტია სწრაფად შესრულდეს და ვინტეგრირდეთ ევროკავშირში. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, კონსოლიდაცია, ამისთვის საჭიროა მოქალაქეების მობილიზება არჩევნებზე მისვლისთვის და ამას ემსახურება ეს ინტერპარტიული დოკუმენტი", - წერს სერგო ჩიხლაძე.

ენმ-ს თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი განაცხადია 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების" დასამარცხებლად.

„ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი მოაწერა, ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად, ქართული დემოკრატიის გადასარჩენად და საქართველოს სწრაფი ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ქართულმა ოცნებამ" კი ოპოზიციის ახალ ერთიანობის დეკლარაციას „ფანჩატური 2" უწოდა.

„მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ეს არის „ფანჩატური 2", ოღონდ მადამ პრეზიდენტის თავმჯდომარეობით და პატრონაჟით. შალიკო წარსულია, შალიკო გვერდზე გაწიეს. ახლა არ ახსოვთ შალიკო და მის ფანჩატურში რომ დილიდან საღამომდე ყელს იღერებდნენ, ეს დაავიწყდათ. ესაა შალიკო, არ გიფასებენ ძმაო!

„რა არის აქ გასაერთიანებელი, ისედაც ერთიანი არ იყვნენ? ვის ატყუებენ? ერთადერთი მადამ პრეზიდენტთან მესიჯი მოვიდა პატრონებისგან, რომ უნდა უხელმძღვანელოს ამ რადიკალების პლატფორმას და ამას ასრულებს ის ქალი. მორჩა. რომელიმე მახასიათებელი განსხვავებული ჰქონდათ? ყველა თავიდან ბოლომდე არიან „ნაცები" ან „ნეონაცები". ძალიან კარგი პროცესია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ესენი. ერთი ორი პარტია დააკლდათ, ისინიც გაერთიანდებიან და ეგ არის.

„მარტივი არჩევანის გასაკეთებელი მოცემულობა გვექნება 2024 წლის ოქტომბერში. რადიკალები, "ლუზერები", "ჩახდილები", გამყიდველები, გაკოტრებულები, რუსეთის ინტერესების გამტარებლები. ქართველ ჯარს რომ დააბრალეს ომის დაწყება მერე რომ მიატოვეს. მეორე მხარეს ვიქნებით ჩვენ, მშვიდობის გარანტორები, ეკონომიკური განვითარების, უვიზო რეჟიმის და თავისუფალი ვაჭრობის ევროპასთან, კანდიდატის სტატუსის გვირგვინით. ძალიან კარგი პროცესია, მადამ პრეზიდენტო, გილოცავთ თქვენ ეს შეძელით",- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციის ახალ ინიციატივას

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დეკლარაციას მხოლოდ ერთი გამართლება აქვს - თუ ერთ სიაში აპირებენ გაერთიანებას პარტიები. თუმცა ამ შემთხვევაშიც, „ოცნებას" ეძლევა იმის საშუალება, რომ ის კარტი გაათამაშოს, რასაც 12 წელი ათამაშებდა.

„თუ მართლა გაერთიანებას და ერთიანი სიის შექმნას და ამით არჩევნებში გასვლას აპირებენ, მაშინ ეს დეკლარაცია სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა რამდენად სწორი გაერთიანებაა, ეს სხვა თემაა. თუ ერთიან სიას არ გულისხმობენ და მაინც რამდენიმე ჯგუფი უნდა შეიქმნას სხვა კონფიგურაციით, მაშინ ძალიან მაინტერესებს რომელმა ჭკვიანმა მოიფიქრა ასეთი დეკლარაციის გამოქვეყნება?!

„ეს დეკლარაცია აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს გარდა იმისა, რომ „ქართულ ოცნებას" აძლევს პროპაგანდის საშუალებას, ისევ ენმ-ზე ილაპარაკოს. თუ ერთიანად გამოდიან, მაშინ ვერც „ოცნებას" უსაყვედურებ რამეს და ვერც დეკლარაციაზე ხელმომწერ პარტიებს, მაგრამ თუ ერთიანი სიით არ გამოდიან და ასეთ დეკლარაციას აქვეყნებენ, მაშინ არ ვიცი რა კატეგორიის აბსურდია.

„მთელი 12 წელია ქართული ოცნება" ამ კარტს ათამაშებს და თუ ამას ვერ ხვდები, რომ ეს კარტი ისევ არ გაათამაშებინო, მაშინ პოლიტიკაში რა გინდა, თუ ასეთი მარტივი რამის დანახვა არ შეგიძლია? სიაში საინტერესო მხოლოდ „ლელოა და მისი პოზიციაა",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ გაერთიანებაში შემსვლელ პარტიებს მათ შორის „ლელოს" იმის იმედი არ აქვს, რომ ბარიერს დაძლევს, თუმცა თი ერთიანი სია იქნება. დიდი ალბათობით ეს ენმ-ს არ უნდა აწყიბდეს.

„ლელოზე" გამიკვირდა და გამეღიმა - ეს პარტია ხშირად იცვლის პოზიციას. ასეთი ერთიანობა იმითაა გამოწვეული, რომ მათში ყველაზე მეტი მომხრე ენმ-ს ჰყავს და „ლელომაც" მაგიტომ გადადგა ეს ნაბიჯი - თავისი მხარდამჭერების იმედი არ აქვს და რომ ვინც ხმას აძლევს, ისინი ამ ბრძოლაში არ ეყოფიან. მეორე ისაა, თუ ერთიანი სია იქნება, აწყობს კი „ნაცმოძრაობას", რომ მისი ხმებით პარლამენტში ამდენი პარტია შევიდეს? ასეთ შემთხვევაში, ნაკლები მანდატი ერგება. ადრე, როცა ეს საკითხი დადგა, ენმ-ს არ მოუნდა და უკან დაიხია.

„ქართულ პოლიტიკაში გახშირდა იმაზე პედალირება თუ ვინ ვისთან დგას. ისმის კითხვა - რა მიზანს ისახავს მათი ერთად დგომა? ხელს აწერენ, რომ ერთმანეთს არ ვუღალატებთო, რაც უდაოდ ცუდი არაა, მარგამ მათი აზრით ეს ერთიანობა „ქართული ოცნების" შეცვლას ემსახურება. ოპოზიციაში თავისი მოღვაწეობით მიხეილ სააკაშვილია და 2003 წელს, როცა შევარდნაძეს ებრძოდა, მანაც კი საჭიროდ ჩათვალა ეთქვა, რომ ადამიანს კი არა, ვებრძვი კორუფციასო.

„ამჟამად მათი მხრიდან ასეთი შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებას" რუსული კურსი აქვს და ამათ დასავლური კურსი. ამ გეოპოლიტიკურ კურსში ძირითადი აქცენტი ამერიკაზე კეთდება, ამ დროს აშშ ჩვენგან ითხოვს ჩინეთზე უარის თქმას, დღევანდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება არის იმაზე ჩინეთზე პოლიტიკური კურსი ავიღოთ თუ არა. ამ შემთხვევაში, საკითხი დგება იმაზე თუ საქართველოს რა არის მომგებიანი, ევროპისკენ მიმავალი ჩინური ტრანზიტი საქართველოს მილიარდებს ჰპირდება. ჩინური ინტერესი კი სავარაუდოს ხდის, რომ პეკინი ჩაერევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, აშშ კონფლიქტების თემაში არ ერევა.

„ამ პირობებში ეს გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები რომელი პოლიტიკური ორიენტაცია ავიღოთ - თუ ხელისუფლებაზე ავიღებთ ორიენტაციას, არაა გამორიცხული, რომ ჩინური ხაზი უფრო პროდუქტიულად განვითარდეს, მაგრამ თუ ოპოზიციას ავირჩევთ, გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო",- განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

რას გულისხმობს დეკლარაცია და ვინ აწერს ხელს

როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. აღნიშნულია, რომ პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.

„შეშფოთებულნი ვართ რა „ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი თავდასხმებით ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ასევე მთავრობის ქმედებებით, რომელიც ემორჩილება ამავე ოლიგარქს და უგულებელყოფს დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და მიზანმიმართულად ხელს უშლის საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ;

„ვერთიანდებით „ქართული ქარტიის" გარშემო და ქარტიის მიზნების გარშემო, როგორც ეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. ვაცხადებთ, რომ გავერთიანდებით მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ, საქართველოს პარლამენტში, შემდეგი მიზნების მისაღწევად: გავათავისუფლოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ოლიგარქიისა და მის მონობაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების" მმართველობისგან; დავაბრუნოთ საქართველო ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის გზაზე;

„აღნიშნული მიზნების მისაღწევად, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავერთიანდეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მომავალ არჩევნებში. ამას გავაკეთებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს ყველა მოქალაქესთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ და იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს. იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ მოახლოებულ არჩევნებში, ხელს ვაწერთ ერთიანობის დეკლარაციას, რომელიც გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ხელმომწერები ვთანხმდებით:

„გავაძლიეროთ ძალისხმევა მოახლოებულ არჩევნებამდე, იმისათვის, რომ არ დაიკარგოს არც ერთი საარჩევნო ხმა, რადგან 5% ბარიერის გადალახვა არ წარმოადგენდეს პრობლემას; არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე, მოვნახოთ ყველაზე ეფექტური კონფიგურაცია ჩვენი ერთიანობისა, რომელიც მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება არჩევნებში;

„ეთიკური ფარგლების დაცვით გავაგრძელოთ ქვეყნის წინაშე მდგომი საკითხების განხილვა და მოვერიდოთ ერთმანეთზე თავდასხმებს არჩევნებამდე და მის შემდეგ; ერთიანი ძალისხმევით დავუპირისპირდეთ „ქართული ოცნების" პროპაგანდას; შევთანხმდეთ, ერთიანი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე არჩევნების შემდგომ, „ქართული ქარტიაში" მოცემული პუნქტების შესასრულებლად;

„ავიღოთ ვალდებულება, რომ ახალ პარლამენტში არ მივცეთ ხმა ისეთი მთავრობის ფორმირებას, რომელშიც „ქართული ოცნება" მიიღებს მონაწილეობას; საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დავუჭიროთ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს; სტრატეგიული პოლიტიკური მიზნებისა და საქმიანობის გარშემო გავერთიანდეთ საპროტესტო სამოქალაქო მოძრაობებთან და აქტივისტებთან, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავაც იბრძვიან დემოკრატიის დასაცავად და საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად;

„მოვუწოდოთ და მობილიზება გავუკეთოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების მაქსიმალურ მონაწილეობას არჩევნებში და ვთხოვოთ პარტნიორ ქვეყნებს არსებული პროცესის ხელშეწყობა; შევთანხმდეთ ძალისხმევის გაერთიანებაზე, რათა დავიცვათ ყველა საარჩევნო ხმა და ხელი შევუშალოთ არჩევნების გაყალბებას;

„ვთხოვოთ დასავლელ პარტნიორებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლება, მონაწილეობა მიიღონ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებში, რადგან ამის შესაძლებლობა შეიძლება გამიზნულად შეიზღუდოს „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ; მოვუწოდოთ ეუთო/ოდირს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოსა და სხვა უწყებებს, უზრუნველყონ საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვება.

„დღეის მდგომარეობით, ამ დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; „გირჩი- მეტი თავისუფლება"; პარტია „ახალი"; „ლელო"; „დროა"; „სტრატეგია აღმაშენებელი". დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა მიეცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათი სურვილის შემთხვევაში", - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×