რეზონანსი
21.06.2024

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ქობულეთში ერთ-ერთი საშაურმე კვებითი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე შეამოწმა - სააგენტომ საშაურმე დააჯარიმა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი რეკომენდაციები გასცა.

ამის შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საშაურმეს ჯარიმა საქმიანობის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე განხორციელებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე ფუნქციონირებისთვის დაეკისრა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში საშაურმეში „გივის შაურმა ნაკვერჩხალზე" (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და იმავე მისამართზე ფლობს საწარმოს, რომელიც ფუნქციონირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. შედეგად, ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები.

მონიტორინგის ფარგლებში, ობიექტიდან აღებულია სურსათის ნიმუშები, რომლებიც მიკრობიოლოგიური კვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე აცნობებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×