რეზონანსი
06.06.2024

პოლიტიკოსებს ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში უბრალოდ არ ესმით თუ რა ხდება, ასეთი აბსურდული და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დამაზიანებელი განცხადებები რატომ მეორდება საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლების მიერ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ელჩის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ბრალდება ტერორიზმის მხარდაჭერასა და დაფინანსებას ეხებოდა, რაც უსაფუძვლოა.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი ამაყობს დახმარებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა და ნებისმიერი დეტალის, თითოეული ევროს, რომელიც საქართველოში დაიხარჯა, ნახვა შესაძლებელია შესაბამის ვებგვერდზე.

ელჩი მწუხარებას გამოთქვამს და შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოს უმაღლესი ოფიციალური პირების ბრალდებებს და იმედოვნებს, რომ მსგავსი განცხადებები, არ განმეორდება.

"კონკრეტულ განცხადებებზე კომენტარის არგაკეთების ძალიან ნათელი პოლიტიკა მაქვს, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგიერთი ძალიან შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ საქართველოს უმაღლესი ოფიციალური პირისგან. მათ შორის ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, ბრალდებები თითქოს ტერორიზმს ვაფინანსებთ საქართველოში, თითქოს ჩვენ, ევროკავშირი, ვჩაგრავთ საქართველოს, ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარებები.

ეს განცხადებები ძალიან მამწუხრებს. საქართველოში თითქმის ორი წლის ყოფნის შემდეგ სრულიად მესმის, რომ საქართველოში პოლიტიკური დისკურსი ძალიან ემოციურია. ასევე მესმის, რომ, როგორც ყველამ ვიცით, უკვე წინასაარჩევნო კამპანიაში ვართ.

ვცდილობ ეს განცხადებები ესკალაციურად არ მივიღო, მაგრამ რაზეც ნამდვილად ვნერვიულობ არის ის, რომ ეს განცხადებები ასევე ესმით ევროკავშირის დედაქალაქებში, და ბევრ პოლიტიკოსს ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში, რომლებსაც უბრალოდ არ ესმით თუ რა ხდება და ასეთი აბსურდული და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დამაზიანებელი განცხადებები რატომ მეორდება საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლების მიერ.

როგორც ყველამ ვიცით, ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლა მთავარი პრიორიტეტია 9 ნაბიჯიდან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მსგავსი განცხადებები, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულიად უსაფუძვლოა, არ განმეორდება.

ერთ-ერთი ასეთი განცხადება გვადანაშაულებს ტერორიზმის მხარდაჭერაში, ტერორიზმის დაფინანსებაში. მინდა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ, რომ ვამაყობთ განვითარების მხრივ მთელი ჩვენი დახმარებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში განვახორციელეთ აქ, საქართველოში, ყოველთვის საქართველოს მთავრობებთან მჭიდრო მუშაობით. ჩვენს ვებგვერდზე თუ შეხვალთ, ნახავთ ადგილს, სადაც შეგიძლიათ "პროექტებს" "დააკლიკოთ". გთხოვთ, გააკეთეთ ეს. შემდეგ გადაგამისამართებთ ვეგბერდზე eu4georgia.eu-ზე, სადაც ნებისმიერი დეტალი შეგიძლიათ იპოვოთ თითოეულ ევროზე, რომელიც საქართველოში დაიხარჯა," - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×