პრემიერის მინიშნების შემდეგ დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული ეკონომიკური პროექტები, რომელსაც არასამთავრობოები ბლოკავდნენ
გვანცა წულაია
23.05.2024

საქართველოში, მრავალი სხვადასხვაგვარი პროტესტიც გამო, არაერთ ეკონომიკური პროექტი დაპაუზებულა ანდა საერთოდ გაჩერებულა. ასეთი არაერთი მაგალითი, ძირითადად, ენერგეტიკულ სექტორში მოიძებნება. მსგავს ვითარებას ხელისუფლებაში ადასტურებენ და მთავრობის მეთაურმა პირდაპირ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის დაბლოკვას არაამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა.

საუბარია ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე. საქართველო პრემიერ-მინისტრს არ დაუსახელებია არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა დაუფარავად აღნიშნა, რომ 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრის დაბლოკვას ჰქონდა ადგილი.

მთავრობის მეთაურმა ისიც განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის როდესაც ცნობილი გახდება, ვინ ბლოკავდა ეკონომიკურ პროექტს, დონორსაც გაუჭირდება ასეთი აქტივობის დაფინანსება და თვითონ ორგანიზაციაც უფრო მეტად გაუფრთხილდება დონორის ინტერესს.

„მე დარწმუნებული ვარ გამჭვირვალობის საფუძველზე გაირკვევა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია როგორ ცდილობდა დაებლოკა 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა, ვგულისხმობ ქვეშეთი-კობის მონაკვეთს. ამის უკან იდგა კონკრეტული დონორი ორგანიზაცია და საზოგადოებისთვის ეს ხომ გახდება ცნობილი?! ვინ ცდილობდა, ვისი დაფინანსებით, რომ დაებლოკა ეკონომიკური პროექტი.

ეკოლოგიასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა ამ პროექტს, კილომეტრ-ნახევრის სიღრმეში იჭრებოდა ეს გვირაბი და აშკარაა, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი იყო და ეს ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი ტიპის განცხადება პრემიერმა რამდენიმე ხნის წინაც გააკეთა. მას არც მაშინ დაუსახელებია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები და არც ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა აქტიურობითაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები ჩავარდა, თუმცა მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფრის გამო უკვე იზარალა ენერგეტიკულმა სექტორმა.

ზუსტად უცნობია, რომელ პროექტი იგულისხმა პრემიერმა, თუმცა "ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, პროტესტის გამო, ჩაგდებული ან დაპაუზებული პროექტები მრავლად მოიძებნება. ენერგეტიკაში ამის მრავალი მაგალითი არსებობს. ყველაზე დიდი პროტესტი ნამოხვანჰესის მშენებლობას მოჰყვა. ობიექტი, ახლა გაჩერებულია, არადა სფეროს სფეციალისტების შეფასებით, პროექტი ენერგეტიკულად სრულყოფილი იყო.

კიდევ ერთ მაგალითად შეიძლება ხუდონსესის დასახელება. ასევე 2019 წელს პანკისში განვითარებული მოვლენები, მაშინ ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე მცირე სიმძლავლის 5.4-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა. საბოლოოდ, ობიექტის მშენებლობა ჩაიშალა.

შეიძლება წლების წინანდელი "პანორამა თბილისის” მშენებლობის დასახელებაც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პროტესტის გამო მხოლოდ სანახევროდ აშენდა. ასევე საყრდისის ამბების გახსენება და სხვა უამარავი მაგალითის მოჰყავა.

სწორედ ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაასახელა დეპუტატმა თამარ ჩიბურდანიძემ და განაცხადა, რომ ხელოვნური პროცესის და მუხტის აწევის შემთხვევა, რაც ეკონომიკური პროექტების დასაპაუზებლად გამოიყენება, საქართველოში ბევრია.

"პირველ რიგში, სრულიად ვეთანხმები პრემიერს. ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია და უფრო მეტიც, ვიცოდით კონკრეტულად, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ხდებოდა ასეთი პანიკური პროპაგანდის შექმნა საქართველოში. ნამოხვანჰესის აშენების მთავარი მოწინააღმდეგე ვარლამ გოლეთიანი ყველამ ვიცით, რომ იყო ხელოვნურად მართული პიროვნება. არაერთხელ შეხვდნენ მთავრობას, ეკონომიკის მინისტრს, საპარლამენტო დელეგაციას, მაგრამ შედეგი იყო ნული.

ამის შემდეგ, სრულიად შემთხვევით, ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისგან, რომლებიც თავიანთი მრწამსით არიან "ნაცები”, გავიგე, რომ მისი ოჯახი და ბევრი ქართველი ემიგრანტი გოლეთიანს ფონდში ურიცხავდა თანხას, რადგან ჰესი შეჩერებულიყო და ობიექტი არ აშენებულიყო. არადა, ეს ქალბატონი და მისი მეუღლე პროფესორები. ფიზიკოსები, ინჟინრები არიან და მათ ყველაზე კარგად იციან, ნამოხვანჰესი რამდენად სჭირდება საქართველოს და რომ არანაირი საფრთხე ქუთაისს და ახლომახლო ტერიტორიას არ ემუქრებოდა. ეს იცოდნენ, მაგრამ მიზანიმართულად რიცხავდნენ თანხას, ჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზებისთვის.

ასევეა, სხვა დიდი და უმსხვილესი პროექტები. რამდენიმე ებრაელი მილიარდელი ინვესტორი ვიცი, რომელთაც სურდათ საქართველოში შემოსვლა და დიდი ინვესტიციის ჩადება. დაიწყებოდა მოლაპარაკება, პრემიერისგან თანხმობა, მაგრამ ამ პროცესში ვიღაც აჩერებდა ყველაფერს. მე პირადად მითხრეს და გავიგე, რომ ასეთ მსხვილ და დიდი პროექტებს აჩერებდნენ ამერიკის საელჩოში. როდესაც 1-2 ასეთი შემთხვევა მოხდა, რა თქმა უნდა, მე-3 და მე-4 ინვესტორი თავს შეიკავებს აქ შემოსვლისგან.

ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია საქართველოში. იმ წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ასეთ ფაქტებს ვაწყდებოდით, მუდმივად ვცდილობით ყველა კერა ჩაგვექრო და აღარ წასულიყო წნეხი. გარკვეულწილად თითქოს ხელს ვაფარებდით ამ დეზინფორმაციებისგან გამოწვეულ დანაშაულს. სახელმწიფო ცდილობდა გამკლავებოდა ასეთი სახის დანაშაულს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც შეგნებულად აგორებდნენ და დღემდე აგორებენ ცრუ ბრალდებას ხელისუფლების და ეკონომიკური წინსვლის წინააღმდეგ”, - განუცხადა "რეზონანსს” თამარ ჩიბურდანიძემ.

"ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორი იარაღია, რომელიც პოლიტიკური პროცესებიდან გასული ოპოზიციური სპექტრის მიერ გამოიყენება ქართულ სახელმწიფოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად.

"ეს ლიტონი სიტყვები არ არის, როგორც პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა ამაზე სახელმწიფოს შესაბამის სამსახურს ინფორმაცია უკვე აქვს.

ასევე არის ინფორმაცია, როგორც ფაქტობრივი დადასტურება, იმისა, რომ გლობალური ომის პარტია კონკრეტულ ძალებთან შეთანხმებულად მოქმედებს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ეწევა.

საჭიროების შემთხვევაში ეს ინფორმაცია საზოგადოებისათვის საჯარო გახდება და ქართველი ხალხი, ამომრჩეველი ყველაფერს გაიგებს. ქართული სახელმწიფო ამ შანტაჟსაც გაუძლებს", - დაწერა მეგრელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×