თამთა ჩაჩანიძე
12.05.2024

მომავალი კვირა, შესაძლოა, ქვეყანაშ შექმნილი მწვავე კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით გადამწყვეტი აღმოჩნდეს. 11 მაისის თბილისში უპრეცედენტოდ მასშტაბური „ევროპული მარშის" შემდეგ, ვითარება კვლავ დაძაბული რჩება და ეს ყველაფერი კულმინაციას, სავარაუდოდ სამშაბათს, 14 მაისს მიაღწევს. ამ დღეს პარლამენტში „უცხური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სადავო კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით განხილვაა დაგეგმილი და სწორედ ამ დღეს თბილისში აშშ-სა და ევროპიდან რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია იქნება ჩამოსული.

კანონპროექტის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისსვე 9 საათზე პროტესტის ფონზე დაიწყება. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებს პარლამენტშ შესვლის წინ „თვალებში უნდა ჩახედონ", რაც ვითარების ესკალაციისა და პოლიციასთან შეტაკების რეალურ საფრთხეს ქმნის.

მეორეს მხრივ კი, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები აჩენს განცდას, რომ მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. 10 მაისს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, რომელსაც, როგორც უკვე წინასწარ ცნობია, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, უკვე ვეტოს დაძლევის პროცედურის ფარგლებში შესაძლებელი იქნება პოზიციების შეჯერება.

გარდა ამისა, მმართველი პარტიის თამჯდომარის, ირაკლი ღარიბაშილის მიერ 11 მაისს გაკეთებული განცხადება ოპოზიციის ნაწილმა უკვე შეაფასა, როგორც ერთგვარი ტონის შერბილება და საფუძლის შემზადება ხელისუფლების მხრიდან დათმობისათვის. თუმცა, მეორეს მხრივ, კანონის ნებისმიერ მოდიფიკაცია თავად ოპოზიციას მიუღებელად მიაჩნია და ისინი მის უპირობოდ გაწვევას ან კენჭისყრისას ჩაგდებას ითხოვენ.

რა არის დაგეგმილი

კვირის აქტიურობა იწყება პროტესტით. „გავათენოთ საქართველოსთვის" - როგორ 11 მაისის აქციაზე აღინიშნა, პროტესტის მონაწილეები კვირას ღამის 10 საათიდან შეიკრიბებიან პარლამენტის წინ და ღამეს გაათენებენ. როგორც მწერალმა ლაშა ბუღაძემ სცენიდან თქვა „ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83-ს („ქართული ოცნების" დეპუტატს) თვალებში. მათ არ უნდა მიიღონ რუსული კანონი, ამიტომ ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ".

„უცხური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისსვე 9 საათზე დაიწყება. ოპოზიციონერი დეპუტატები განხილვაში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ.

ამასთან მიმდინარე კვირას თბილისში მაღალი დონიზ ვიზიტებია დაგეგმილი - 13 მაისს ღამით საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი ეწვევა. ვიზიტი ოფიციალურად დაადასტურა როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ობრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან, „რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ". ამასთან, ობრაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ შთაგონებულ საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის შესახებ. ჩვენ ვგმობთ ამას. ქვეყანა, რომელიც აპირებს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ სვლას, ჩაატარებდა სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას", - წერს ობრაიენი.

დაგეგმილია სხვა ვიზიტებიც - საქართველოში 13-15 მაისს ჩამოდის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, მან პლატფორმა „იქს"-ზე დაწერა, რომ მიმდინარე კვირას „ევროპის ნამდვილ დედაქალაქს" სტუმრობს.

„13-15 მაისს მე ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს! ჩემთან ერთად თბილისს ეწვევიან ჩემი გამორჩეული კოლეგები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველით მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციის და გაბედული სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას", - წერს მაიკლ როთი.

თბილისში მაიკლ როთთან ერთად, პოლონეთის, ჩეხეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტების საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვლენ.

14 მაისს კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენა უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კვირას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მანამდე არსებული ინფორმაციით, მესამე მოსმენა პარასკევს, 17 მაისს იგეგმებოდა.

„ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქნება მესამე მოსმენით განხილვა, რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, სამშაბათს იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია. სამწუხაროა, რომ ამდენი კვირის განმავლობაში უცხოელმა აქტორებმა ნაცვლად რეკომენდაციებისა, ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში, რაც 9 რეკომენდაციიდან პირველს ეწინააღმდეგება. უცხოელმა აქტორებმა პირველივე ტესტი ვერ ჩააბარეს, დეზინფორმაციული კაპანია წამოიწყეს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

რა მოყვება „თვალებში ჩახედვას"

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გათენება საკამათო თემა არაა, მთავარია ესკალაცია არ მოხდეს.

„თუ გათენება პრობლემაა, მაშინ „ოცნება" მართალია და ყველაფერი წესრიგშია. მე ჩემი ჯანმრთელობის გამო ვერ გავათენებ, მაგრამ არ მაქვს მორალური უფლება სხვას მოვუწოდო ეს გააკეთოს, თუმცა ჩემს ცხოვრებაში საქართველოსთვის ბერჯერ გამითენებია. ასეთი ისტორიული დღეები საქართველოს არასდროს არ ჰქონია. დღეს ჩვენს ხელშია ჩვენი ბედი და ჩვენს ნაცვლად სხვა ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„რამდენად აუცილებელია ღამის გათენება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს საკამათო რატომ უნდა იყოს არ მესმის. ღამის გათენება კი არა, უკრაინაში სამშობლოსთვის თავს წირავენ, მათ შორის ჩვენთვისაც. აქ სიცოცხლის შეწირვას არავინ არ ითხოვს. ღამე რომ 20 ათასი კაცი დარჩეს, ეს ძალიან სერიოზული ამბავი იქნება.

„ის, რომ 84 დეპუტატს „თვალებში ჩავხედოთო", ეს უფრო პოეტური იყო. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ მაქსიმალიურად ყურადღებით უნდა ვიყოთ. მგონია, რომ „ოცნებას" დაძაბულობა სჭირდება, რომ პროცესები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიყვანოს. ეძებს საბაბს, რომ ყველაფერი მომიტინგეებს დააბრალოს. ჩვენი მთავარი ამოცანა არჩევნებია. „ოცნებას" ეს კანონი არჩევნებისთვის სჭირდება, რათა დამკვირვებლები არ იყვნენ და სამოქალაქო საზოგადოება დასუსტდეს, რომ გაყალბების გზით გაიმარჯვოს.

„ამ კანონის უკან გაწვევასაც რომ მივაღწიოთ, ჯერ კიდევ არ იქნება გამარჯვება. გამარჯვება იქნება არჩევნებში. არჩევნებამდე კი ესკალაციისა და დაძაბულობის გარეშე უნდა მივიდეთ. ყველას ვურჩევდი, რომ „თვალებში ჩახედვას" პროტესტის მშვიდობიანი ფორმის შენარჩუნება სჯობს. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვიდეს, მაგრამ მისვლას მაშინ აქვს აზრი, თუ ეს იქნება არაძალადობრივი",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" კი აცხადებს, რომ „თვალებში ჩახედვა", სავარაუდოდ, სირცხვილის კორიდორის მოწობას გულისხმობს, რაც სიტუაციას გაამწვავებს.

„ახალგაზრდები ასეთ შეხვედრებს მრავალფეროვანს ხდიან ხოლმე. „თვალებში ჩახედვა" სავარაუდოდ სირცხვილის დერეფნის მოწყობას ნიშნავს. თუ ამ დერეფანმა დეპუტატებს შენობაში შესვლაში ხელი შეუშალა, ალბათ კონფლიქტი მოხდება. პოლიცია ვაალდებულია პარლამენტის ბლოკირებაში ჩაერიოს.

„მეჩვენება, რომ გამძაფრებას ცდილობს თვითონ მომიტინგე მხარე. საკუთრივ ამოცანის ასე დაყენებაც - რომ თვალებში უნდა ჩავხედოთო - მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის ცოტა გაუგებარია. ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიან დემონსტრაციას განზრახული აქვს მინიმუმ დეპუტატს მიუახლოვდეს, ამხელა მასის მიახლოვება რაში გამოიხატება, მერე ჩანს ხოლმე. პარლამენტში და ეკლესიაში შესვლის მცდელობა იყო, ანუ გამომწვევი ხასიათის ნაბიჯების გადადგმას უკვე ვხედავთ და ამას ის ლოგიკა აქვს, რომ ამის საპასუხოდ, სავარაუდოდ, ხელისუფლებაც გადადგამს ნაბიჯებს. დასავლეთი კი ძალის გამოყენებას ამტყუნებს და ესაა პოლიტიკური მიზანი", - განაცხადა საყვარელიძემ.

რა არის მოსალოდნელი კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებისას

პაატა ზაქარეიშვილის პროგნოზით, 14 მაისს „ოცნება" კანონპროექტს გაიტანს, თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრდება.

„14 მაისს ველოდები, რომ ისინი („ოცნება") მაინც გაიტანენ თავის კანონპროექტს, ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ვცდები, მაგრამ ყველა მონაცემებით - ცინიზმით, იმით, რაც კობახიძემ იკადრა, მდინარაძის შეფასებით, რომ თურმე 20 ათასი კაცი იდგა მიტინგზე, დაცინვებით და ფარისევლობით - ჩანს, რომ არ აპირებენ დათმობაზე წასვლას. მაგრამ ამით თითქმის არაფერი არ მთავრდება. საზოგადოებაში არის ის განცდა, რომ ეს მარცხი არ იქნება, ეს იქნება მომავალი გამარჯვების კიდევ ერთი მოტივაცია, რომ არჩევნებზე გავიმარჯვოთ, ეს ხალხი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, ხელისუფლების დამარცხებაზე ამხელა მომართული მასა საქართველოს არ ჰყოლია არასდროს, თან პირველად საქართველოში სახალხო მოძრაობას ლიდერი არ ჰყავს, ეს ბედნიერებაა.

„კობახიძემ გარკვეული მინიშნებები გააკეთა, თითქოს ვეტოს დადების კონტექსტში შესაძლოა „ოცნება" კომპრომისზე წავიდეს. გჯერათ, რომ კობახიძე პირობას შეასრულებს? ყველაფერში გადამგდებები არიან და რატომ უნდა გვქონდეს ახლა ნდობა?! შეიძლება დროის გაწელვა და ტემპერატურის დაგდება უნდა არჩევნებამდე და შესაძლოა ახლა ვეტოს დადების კონტესტში რაღაცა იმაიმუნონ. ყბადაღებულად ლაპარაკობენ, რომ არავის შენიშვნები არ მოუციაო - შენიშვნები ნიშნავს იმას, რომ მზად არიან ილაპარაკონ კანონის მიღებაზე და შინაარსზე, ოღონდ უკეთესი იყოს, მაგრამ თავად კანონია ამორალური", - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ 14 მაისს სიტუაცია კდიევ უფრო დაიძაბება, თუმცა დიდია ალბათობა, რომ უცხოურმა ვიზიტებმა სიტუაცია შეამსუბუქოს.

„14 მაისს ალბათ უფრო დაიაბება სიტუაცია. ამავე დროს ვიცით, რომ პრეზიდენტი ვეტოს დადებისთვის ემზადება, დასავლეთიდან კი ვიზიტებია დაგეგმილი, რომელიც მემგონი გავლენას იქონიებს. კობახიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ თუ უცხოელი კოლეგები რაღაც კონკრეტულ წინადადებებს მოგვცემენ, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ და ანგარიში გავუწიოთო. ევროპის წარმომადგენლებიც იძახიან, რომ ამ სახით კანონის მიღება არ შეიძლება, მაგრამ სხვა სახე ალბათ მოიძებნებაო. მეორეს მხრივ ოპოზიცია იძახის - ამ კანონის მიღება არანაირი სახით არ შეიძლებაო.

„ალბათ იმის მცდელობა იქნება, რომ ევროპელებთან მაინც მოიძებნოს საერთო ენა იმაში, რომ შემუშავდეს კანონპროექტი, რომელიც ევროპელებისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება", -განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

რა თქვა ღარიბაშვილმა

ყოფილმა პრემიერმა და „ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კანონთან დაკავშირებით შაბათს გაკეთებულ განცხადებაში ოპოზიციის ნაწილმა ახალი მინიშნებები დაინახა. ანალიტიკოსთა შეფასებები კი ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია.

„არ შევალ არც ამ კანონის შინაარსში და არც ამ დეტალებზე არ მინდა საუბარი. მე ერთი რამ მინდა ვთქვა - რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. აუცილებელია ჩვენს პარტნიორებთან დიალოგის გაგრძელება, საუბარი და რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენს შორის.

„დღეს რთული სიტუაცია და ვითარებაა, ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევები აქვს, როგორიცაა იგივე ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები. რეგიონში როგორი ვითარებაა ხედავთ - უკრაინაში ომი არ ჩერდება და არ გაჩერდება დიდი ხანი. სხვათა შორის, ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. ეს ყველაფერი ამძიმებს ამ ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს. ასეთ ვითარებაში მე ვარ მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

„რაც შეეხება ამ კანონს, საერთოდ - ეს ჩემი პირადი აზრია და ეს არ არის ჩვენი პარტიის აზრი - როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა. ერთ რამეს გეტყვით - მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის თუ ამერიკის, თუ აფრიკის თუ აზიის, მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი, ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი", - ამბობს ღარიბაშვილი.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ღარიბაშვილს შეცვლილი აქვს რიტორიკა, რაც ნიშნავს, რომ მმართველ გუნგში შიდა პრობლემაა.

„ღარიბაშვილის არ მჯერა, მაგრამ ის რომ გაუშვეს და კობახიძის მოყვანის მერე დააბრუნეს კანონი, მე აქ გარკვეულ შიდა პრობლემას ვხედავ. ეტყობა ღარიბაშვილს დაბრალდა, რომ უხერხემლოდ მოიქცა, წნეხს ვერ გაუძლო. კობახიძემ კი ივანიშვილი დააჯერა, რომ ჯერ თავად აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, ღარიბაშვილი გაეშვა და ის დაენიშნა და აჩვენებდა რას ნიშნავს ქართველი ხალხის ნების ფეხებზე დაკიდება. კობახიძე ახლა ამას აჩვენებს ივანიშვილს, რომ კანონის გატანა მას შეუძლია და ღარიბაშვილმა სისუსტე გამოავლინა.

„ისმის კითხვა - რატომ ხდება ეს არჩევნების წინ? იმიტომ, რომ კობახიძემ თავის სია შეადგინოს, თავის ხალხი მოიყვანის პარლამენტში და მისი მთავრობა დამტკიცდეს, დღევანდელი მთავრობა ჯერ კიდევ ღარიბაშვილისაა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რამაზ საყვარელიძე კი საწინააღმდეგოს ფიქრობს - მისი შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადება კობახიძის გზავნილებს ემთხვევა.

„ღარიბაშვილის ტექსტი კობახიძის ნათქვამის სულისკვეთებას ემთხვევა - რომ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მივიყვანოთ ეს კანონი იმ კონდინციამდე, რომ მისაღები იყოს.

„ეტყობა ოპოზიცია ღარიბაშვილისგან ჭექა-ქუხილს ელოდა და რადგან არ გაისმა, ამიტომ ჩათვალეს, რომ ის მეორე მხარეს დადგა და შესაძლოა მიტინგზე მის მისვლას დაელოდონ. ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება, ვიზიტებით დატვირთული კვირაა და ალბათ ეს ვიზიტები სწორედ იმას მოემსახურება, რომ კომპრომისული ვარიანტი მოიძებნოს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×