თამთა ჩაჩანიძე
13.05.2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მწვავე პროტესტისა და ხმაურის ფონზე დაუჭირა მხარი. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა 14 მაისს გაიმართება. ოპოზიცია აცხადებს, რომ კომიტეტზე ხმის მიცემა ყველა პროცედურის დარღვევით ჩატარდა და საშუალება არ უნდა მიეცეს „ოცნებას", რომ საბოლოოდ დამტკიცდეს კანონი. „ოცნების" თქმით კი, კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება და „ის, რომ არსებობს მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს მთელი საქართველოა".

უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კენჭისყრის პროცესი დაახლოებით 70 წამამდე გაგრძელდა. რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა მომიტინგეებისა და ოპოზიციისგან და სხდომას არალეგიტიმური იუწოდეს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სამშაბათსაც პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ასეთივე სახით ჩატარდეს და კენჭისყრას „ოცნებამ" დიდი დრო არ მოანდომოს.

ანალიტიკოსების პროგნოზით, „ოცნება" კანონპროექტს მესამე მოსმენით მიიღებს, თუმცა პროცესი ამით არ დასრულდება არც პროტესტის მხრივ და არც კანონის თვალსაზრისით, რადგან პრეზიდენტის ვეტოა მოსალოდნელი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროტესტი „გაათენე საქართველოსთვის" პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლოაბში მიმდონარეობდა. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე თავდაცვის ზომები გამკაცრებულია, პარლამენტის გვერდითა შესასვლელი ჭიშკარი, რომელიც ჭიჭინაძის ქუჩაზე გადის, შეადუღეს. ასევე, დააყენეს დამატებითი კარიც. იურიდიული კომიტეტის სხდომა დილით 9:00 დაიწყო და მალევე დასრულდა.

შსს-ს ცნობით: „ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ისინი არ მისცემდნენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, რათა დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცემოდათ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება.

„მიუხედავად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა".

შსს აცხადებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 20 პირია დაკავებული, რომელთაგან ორი - აშშ-ის, ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქეა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში სტუდენტები 30-მდე უნივერსიტეტში გაიფიცნენ.

რას ამბობს „ოცნება" და ოპოზიცია

ხვალაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის 83-მა მოღალატემ ვერ მიიღოს აღნიშნული კანონი. მივესალმებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ არანაირი მოტივირებული შენიშვნები არ იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური და პრინციპული ვეტო, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას, - აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. მისი თქმით, ამ რამდენიმე დღემ აჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების არავის ეშინია.

„მორიგ ჯერზე დაარბიეს, უმოწყალოდ სცემეს მშვიდობიანი მომიტინგეები იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიის დეპუტაცია მალულად და მოღალატეობრივად შემოეპარებინათ და შემდეგ გაეპარებინათ პარლამენტის შენობიდან. მათ კომიტეტის სხდომა დაასრულეს 1 წუთსა და 7 წამში, ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი, რომ კანონი, რომლის გაწვევასაც ითხოვს მთელი ქვეყანა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათთვის 1 წუთსა და 7 წამში არის განსახილველი.

„ეს არის სწორედ მონობის სახე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლობის, რომელსაც არ შეეგუება თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე პროევროპული ქართველი ხალხი, ის ახალგაზრდები, რომლებსაც სცემს, აკავებს და ცდილობს რომ დააშინოს. ამ რამდენიმე დღემ გვაჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების არავის ეშინია, როდესაც ის ერთს სცემს, 100 გამოდის, როდესაც ათს იჭერს, ათასი, ათი ათასი და ასი ათასი ადამიანი გამოდის, ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას არა მხოლოდ აქ, არამედ ქუჩაში.

„იცით, რომ ხვალ არის პლენარული სხდომა, სადაც ისევ მოღალატეობრივი მონური მორჩილებით რუსული კანონი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს, უნდა მიიღოს მესამე მოსმენით იმ 83-მა მოღალატე დეპუტატად წოდებულმა, რომელმაც რუსული გზა და რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მორჩილება აირჩია რუსული კანონის მხარდაჭერით, ნაცვლად იმისა, რომ დამდგარიყვნენ ისტორიის ნათელ მხარეს, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ ხვალაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის 83-მა მოღალატემ ვერ მიიღოს აღნიშნული კანონი.

„მივესალმებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ არანაირი მოტივირებული შენიშვნები არ იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური და პრინციპული ვეტო, რომელიც უერთდება, ასახავს, ქართველი ხალხის ნებას, რომ ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული. დღეს ევროპის გული ნამდვილად ძგერს საქართველოში და დღეს ქართველი ხალხი ნამდვილად ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა და ახალგაზრდები იმსახურებენ ევროპას, რომლის სრულფასოვანი და ღირსეული წევრიც აუცილებლად გახდება საქართველო, მას შემდეგ, რაც რუსულ კანონთან ერთად, მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ მთავრობას",- განაცხადა ბოკუჩავამ.

„ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება. შეთავაზება არის, მათ შორის, რომ თუ აქვთ საგნობრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, დაგვიბრუნდნენ საგნობრივი შენიშვნით. ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. ეს პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული. ის, რომ არსებობს მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი საქართველო," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილმა კი თქვა, რომ საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება.

„ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება, რომ ამ ქვეყანაში საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, რა თანხები შემოდის, როგორ იხარჯება და რა მიზანს ემსახურება. დღესაც ყველა შესაძლებლობა ჰქონდათ, თუ ვინმეს რედაქციული შენიშვნა ჰქონდა, დაეფიქსირებინა, მაგრამ არც კი მოვიდნენ კომიტეტის სხდომაზე, არც კი შემოვიდა ის ხალხი, ვინც კონკრეტულ საკითხებზე აპელირებდა და ავრცელებდა დეზინფორმაციას. სრული მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, რომელიც მოქმედებს პროპორციულად, აფრთხილებს საზოგადოებას, რომ უკანონო ქმედებები არ განახორციელოს. გუშინაც იყო მოწოდებები, გაფრთხილება, თხოვნა, მოწოდება, კანონი არ დაარღვიონ, კანონის დარღვევის შემთხვევაში იქნება პროპორციული ძალა გამოყენებული.

„შეურაცხყოფას ნუ აყენებენ ჩვენს საზოგადოებას, აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელმაც ჩვენს ხელისუფლებას გამოუცხადა ნდობა და რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების, კონსტიტუციის შესაბამისად. კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე იქნება ხვალ. რაც შეეხება მშვიდობიან პროტესტს, ჩვენს საზოგადოებას, ვისაც კონკრეტული საკითხი აღელვებს, არ ეთანხმება, მშვიდობიანად სრული უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი აზრი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორ გაგრძელდება პროცესები

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" ვა ბანკზე მიდის დათმობის რესურსი მინიმალური აქვთ, ამიტომ სამშაბათს, დიდი ალბათობით, მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის. თუმცა პროცესი გაგრძრლდება, როგორც კანონის ისე პროტესტის მხრივ.

„რადგან იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ კანონს, დიდი ალბათობით, სამშაბათს მხარს დაუჭრს უმრავლესობაც. როგორც ჩანს, სესია არც იქ გაგრძელდება დიდხანს. ალბათ პირდაპირ გამოიტანენ და დასვამენ საკითხს კენჭისყრაზე და მიიღებენ. პროტესტი გაგრძელდება.

„როცა პროცესში თითქმის ყველა უნივერსიტეტი და სტუდენტი ჩაერთო, მისი მოთვინიერება და მასზე კონტროლის დამყარება ფაქტიურად შეუძლებელი და გამორიცხულია. უბრალოდ აქციის ორგანიზატორებმა უნდა გათვალონ სწორად პოტენციალი და უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ზაფხული მოდის.

„თუ ამ კანონს მიიღებს პარლამენტი, პროცესუალურად უნდა გაგრძელდეს, ანუ პრეზიდენტის ვეტო და ა.შ. მაგრამ ისიც უნდა გაითვალოს, რომ ზაფხულის პერიოდში სტუდენტური მოძრაობა საკმაოდ დასუსტდება არა იმის გამო, რომ დაიღლება, არამედ იმიტომ, რომ სწავლის პროცესი უკვე შეწყდა, ზაფხულში არდადეგები იქნება და თბილისი დაცარიელდება და პოლიტიკისთვის არ ეცლება.

„სექტემბერში ეს პროტესტი ახალი ძალით იფეთქებს. სექტემბერ-ოქტომბერში კი მართლაც უწყვეტი პროტესტია საჭირო, რეალურად ხელისუფლებას ვაიძულოთ, რომ ნორმალური არჩევნები ჩაატაროს.

„პროცეს უშველის თუ არა უცხოელების ვიზიტები ძნელი სათქმელია ძალიან მძიმე ვითარებაა. ჯერჯერობით რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს, ვა ბანკზე მიდის. დათმობის რესურსი მინიმალურზე მინიმალური აქვს. ადრეც ვთქვი, როცა მთავრობის ცვლილება მოხდა, რომ კობახიძეს გარკვეული დრო მისცეს და სადღაც მაისის ბოლომდე თუ პრობლემები გაჩნდა, კობახიძე შეიცვლოება-მეთქი, ეს პრობლემები არის და ხელისუფლების ერთ-ერთი გამოსავალი ის იქნება, რომ მთლიანად მინისტრთა კაბინეტი შეიცვალოს.

„შეუძლიათ ეს ნაბიჯი გადადგან, მაგრამ რას გეგმავს „ქართული ოცნება" უცნობია, მისთვის ეს პროცესი წამგებიანია. ახლა „ოცნებას" მომგებიანი ნაბიჯი ნამდვილად არ აქვს, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ წავა ეს პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებაზე თუ უფრო მშვიდ ვითარებაში მოხდება ამის გადაჭრა.

„გასაგებია, რომ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, დასავლეთის პოზიცია გაცილებით მკაცრი იქნება, რაც პროტესტს კი არ შეანელებს, გააძლიერებს",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" კანონს მიიღებს.

„ეს კანონი ქართულია და არანაირი რუსული. რუსული გავლენები, ანუ დესტრუქცია ნაცოპოზიციის მხარეზეა. დიახ ამ კანონს მივიღებთ, თუმცა ქვეყნის რყევის მცდელობები არჩევნებამდე გაგრძელდება, თუმცა ქართული სახელმწიფო ამას გაუძლებს.

„რომელი დეპუტატები მოუწოდებენ,რომ არ მივაღებინოთ კანონიო, ის უმცირესობა, რომელიც ყველა ფორმატში ლუზერები არიან? უსაქმური დეპუტატები, რა თქმა უნდა მოუწოდებენ, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა ამ ქვეყანაში, მაგრამ როცა „ქართულ ოცნებას" უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, იქ ვერანაირი წინააღმდეგობა წინ ვერ დაუდგება თუნდაც სხვადასხვა აგენტოკრტიის წარმომადგენლებისგან ამერიკიდან თუ ევროპიდან.

„დაპირისპირება ყოველთვის იქნება, მაგრამ ამ ქვეყანაში კანონი კანონობს და არავის ეშინია მარგინალების გამოხტომების, ყველას პასუხი გაეცემა", - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×