რეზონანსი
13.05.2024

ივანიშვილის პარტიის დეპუტაციამ კომიტეტის სხდომა დაასრულა ერთ წუთსა შვიდ წამში, ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი, რომ კანონი, რომლის გაწვევასაც ითხოვს მთელი ქვეყანა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათთვის წუთსა და შვიდ წამში არის განსახილველი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„მორიგ ჯერზე დაარბიეს, სცემეს მშვიდობიანი მომიტინგეები, რათა ივანიშვილის პარტიის დეპუტაცია მალულად და მოღალატეობრივად შემოეპარებინათ და შემდეგ გაეპარებინათ პარლამენტის შენობიდან. მათ კომიტეტის სხდომა დაასრულეს ერთ წუთსა და შვიდ წამში. ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი, რომ კანონი, რომლის გაწვევასაც ითხოვს მთელი ქვეყანა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათთვის წუთსა და შვიდ წამში არის განსახილველი. ეს არის სწორედ მონობის სახე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლობის, რომელსაც არ შეეგუება თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე პროევროპელი ქართველი ხალხი, ის ახალგაზრდები, რომლებსაც სცემენ, აკავებენ და ცდილობენ, რომ დააშინონ. ამ რამდენიმე დღემ გვაჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების არავის ეშინია, როდესაც ის ერთს სცემს, ასი გამოდის, როდესაც ათს იჭერს, ათასი, ათი ათასი და ასი ათასი გამოდის. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას არა მხოლოდ აქ, არამედ ქუჩაში.

იცით, რომ ხვალ არის პლენარული სხდომა, სადაც ისევ მოღალატეობრივი, მონური მორჩილებით რუსული კანონი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს, უნდა მიიღონ მესამე მოსმენით იმ 83-მა მოღალატე დეპუტატად წოდებულმა, რომლებმაც რუს ოლიგარქად წოდებულის მორჩილება აირჩიეს რუსული კანონის მხარდაჭერით, ნაცვლად იმისა, რომ დამდგარიყვნენ ისტორიის ნათელ მხარეს, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ხვალაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის 83-მა მოღალატემ ვერ მიიღოს აღნიშნული კანონი.

მივესალმებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ არანაირი მოტივირებული შენიშვნები არ იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური და პრინციპული ვეტო, რომელიც უერთდება და ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რომ ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული. დღეს ევროპული გული ნამდვილად ძგერს საქართველოში და დღეს ქართველი ხალხი ნამდვილად ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ ევროპას, რომლის სრულფასოვანი და დიახ, ღირსეული წევრიც აუცილებლად გახდება საქართველო მას შემდეგ, რაც რუსულ კანონთან ერთად მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ მთავრობას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×