თამთა ჩაჩანიძე
02.07.2024

მომავალ კვირას ნატოს საიუბილეო სამიტი გაიმართება, სადაც საქართველოც მონაწილეობს, ვაშინგტონში საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მალე გაემგზავრება, რომელსაც უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. იგი დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, სამიტი ორიენტირებული იქნება, საერთო საფრთხეების გლობალურ შეფასებაზე, რაც შეეხება შვედეთისა და ფინეთის შემდეგ, გაფართოების პოლიტიკას, ახლა ექსპერტები ამას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევენ, იმ განცხადების ფონზე, რაც ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან მინიშნებას, რომ ჩვენ განვაგრძობთ გაფართოებას უახლოეს მომავალში", - აღნიშნა ოსტინმა.

9-11 ივლისის 75-ე საიუბილეო სამიტს ალიანსი ახალი გენმდივნით ხვდება, ნატო-ს ელჩებმა ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე 26 ივნისს, ბრიუსელში, 32 ქვეყნისგან შემდგარი ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცეს. ის მოვალეობის შესრულებას ოქტომბრიდან შეუდგება, მას მერე, რაც იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ამასთან, ილია დარჩიაშვილი დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

აღსანიშნავია, რომ სამიტის პროგრამის მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა გათვალისწინებულია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, შესაბამისად, ვაშინგტონში სამიტში მონაწილეობის მიზნით საქართველოდან მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვაშინგტონის სამიტზე მნიშვნელოვან გარღვევას გაფართოების მხრივ არ ელოდება, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინის განცხადებიდან გამომდინარე, თუმცა დასძენს, რომ ალიანსი გაჰყვება იმ სტრატეგიას, რომ კიდევ უფრო გააფართოვოს საქართველოს დახმარება და თანამშრომლობა.

„რამდენიმე დღის წინ, პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა ნატო-ში ინტეგრაციაზე საკმაოდ პესიმისტური განცხადება გააკეთა, რომ ამ ეტაპზე ალიანსის გაფართოება არ იგეგმება. ოსტინი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია, რომელმაც მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა, მანამდე ჩვენ ეს ყოველთვის სხვადასხვა ექსპერტების თუ ყოფილი ჩინოსნებისგან გვესმოდა, რომ ნატო-ს შემდგომი გაფართოება არ შეიძლება, მით უმეტეს მოსკოვის გაღიზიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

„რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის და სხვა ასპირანტი წევრი ქვეყნებისთვის კარგი არაა, როცა ამ მნიშვნელოვან სამხედრ-პოლიტიკურ გუნდში წევრობა უნდათ. მოსალოდნელი სამიტი იქნება საერთო საფრთხეების გლობალური შეფასება, უკრაინის სამომავლო მდგომარეობის განხილვა, როგორც ღია დისკუსიების კუთხით, ასევე კულისებსმიღმა და დიდი ალბათობით, რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი გარღვევა არ იქნება, რომ მაგალითად გამოცხადდეს ახალი წევრების მიღების გეგმა.

„საქართველოსადმი ნატო-ს დახმარება თითქმის 20 წელზე მეტია გრძელდება, წლიდან წლამდე თანამშრომლობის არეალი უფრო ფართოვდება, როგორც არალეტალური იარაღის, ასევე სხვადასხვა სამხედრო სწავლებების მხრივ და ბუნებრივია პოლიტიკური თანამშრომლობა გვაქვს უმაღლეს დონეზე.

„ვფიქრობ, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ამ ხაზს გაჰყვება, რომ კიდევ უფრო გააფართოვოს საქართველოს დახმარება, რაც გულისხმობს არალეტალურ იარაღს, სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობას და უფრო მეტად ტრეინინგს.

„ბუნებრივია, აქ მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში ჩვენმა სამხედრო ოფიცრებმა სხვადასხვა წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა და გამოიწვრთნენ. ბუნებრივია, საქართველომ გაიღო სამწუხარო წვლილი დაღუპული ადამიანების სახით ავღანეთსა და ერაყში - ეს თანამშრომლობა გრძელდება, საქართველო ამტკიცებს, რომ სანდო პარტნიორია, რაც წლიდან წლამდე უფრო და უფრო ვითარდება",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს საკითხს შინაარსობროვად განიხილავენ, როგორც გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის და შესაძლოა გარკვეული შენიშვნებიც წამოვიდეს.

„ნატო-ს ლიდერშიპი შეეცვალა და ალიანსის ახალ გენმდივანს მარკ რუტეს სამიტზე ფაქტიურად დაამტკიცებენ. მას როგორი ხედვები აქვს ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა საქართველო, სხვა მოკავშირეებისგან შედარებით, არის ფაქტიურად გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი.

„საქართველოს საკითხს რა თქმა უნდა განიხილავენ და მგონია, რომ კრიტიკული შენიშნვნები წამოვა ნატო ევროკავშირს ვალში არ დარჩება და თავის პოზიციას გამოხატავს. შესაძლოა საკითხი დააყენონ ისე, რომ ალიანსსა და საქართველოს ურთიერთიბების შემდგომი განვითარება დამოკიდებული იქნება რუსული კანონისა და სხვა კანონთა პაკეტების გაწვევა-არგაწვევაზე, რომლებიც საქართველოში დასავლურ ღირებულებებს ლახავს, იგივე ოფშორული ზონისა და ლგბტ კანონები, ასევე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები.

„და მეორე ვარიანტია, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პირობა, როცა ნატო-ს წინა სტრატეგიულ კონცეფციაში პირდაპირ წერია, რომ რუსეთი სმხედრო მოწინააღმდეგეა და ჩინეთი გამოწვევა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×