თამთა ჩაჩანიძე
28.06.2024

2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად, რათა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ნატო-სთან - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში ინტეგრაცია და აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავება. ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რაც არის სწორი გზა იმისათვის, რომ შესრულდეს უმთავრესი ეროვნული ამოცანა".

აცხადებს, რომ „ოცნების" საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება, ჯანდაცვა და მმართველი პარტია აპირებს ფუნდამენტური ცვლილებების შემოთავაზებას. ამბობს, რომ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცებას, რისტისაც პრემიერმა უმრავლესობას მადლობა გადაუხადა.

პრემიერის შეფასებით, „ოპოზიციის გაცხადებული სურვილი იყო ქვეყნის ომში ჩართვა და ამას ღია ტექსტითაც ამბობდნენ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების ლიდერები".

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსი, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, დეოკუპაცია და რუსეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით აქტიური მუშაობა, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება - ეს ის საკითხებია, რაზედაც კობახიძემ პარლამენტში ისაუბრა.

ფეხბურთი

პრემიერმა სრულიად საქართველოს მიულოცა ეროვნული ნაკრების 26 ივნისის გამარჯვება, ფეხბურთელებს და ფეხბურთის ფედერაციას კი განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, თითოეულმა მათგანმა სული და გული ჩადო იმისათვის, რომ საქართველოს ამ წარმატებისთვის მიეღწია.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს იმ ფულადი ჯილდოს გადაცემისთვის, რაც ევროვნულ ნაკრებმა პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარი გადასცა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი დაჰპირდა, რომ ნაკრები დამატებით 30 მილიონს მიიღებს.

„ამ დღეებში იყო გარკვეული სამარცხვინო სპეკულაციები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით, რაც ძალიან შემაშფოთებელია - ფეხბურთელი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი და კონცენტრირებული უნდა იყოს ფეხბურთზე და თამაშზე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს იყო შემთხვევები, როდესაც საფეხბურთო შემადგენლობის დაყენებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლები პირდაპირ ერეოდნენ.

პრემიერკმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ, ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა. მისი თქმით, „ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი. სიმართლე მათ მხარეს არ არის, სიმართლე არის ჩვენ მხარეს. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს „ქართულ ოცნებასთან" დებატებში შემოსვლას".

ინფრასტრუქტურა და ეკონომიკური ზრდა

პრემიერი ამბობს, რომ ეკონომიკის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის დამაკავშირებელი-სატრანზიტო ფუნქციის განვითარება; ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა ამ კუთხით საკმაოდ დიდ შესაძლებლობებს იძლევა და განსაკუთრებული ყურადღება ამ ფუნქციის განვითარებისკენ იქნება მიმართული. ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„უკანასკნელი 4,5 თვის განმავლობაში გაიხსნა მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთები. რიკოთზე უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი; აპრილში გავხსენით ზესტაფონის შემოვლითი გზა, ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი; დასკვნით ფაზაშია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, უკვე გაჭრილია ხუთივე გვირაბი და აშენებულია 20 ხიდი. ასევე, გაიჭრა კობი-ქვეშეთის უნიკალური გვირაბი, რომელიც აპრილში გაიხსნა. ეს არის 9-კილომეტრიანი, ყველაზე გრძელი გვირაბი. საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი დღემდე იყო რიკოთის გვირაბი, რომლის სიგრძე ორ კმ-ზე ნაკლებია.

„ახლა, პირველად საქართველოში, გაიჭრა 9 კმ-იანი გვირაბი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია თავისი შინაარსით. პრაქტიკულად განახევრდება მგზავრობის მანძილი ყაზბეგამდე, რასაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სხვა მონაკვეთებზეც არის მნიშვნელოვანი პროგრესი. ბაკურციხე-წნორის შემოვლით გზა, მთლიანობაში, გზის მონაკვეთი 16,6 კმ-ია. აქედან ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია 13 კმ-ზე. სრულდება უკვე შესაბამისი სამუშაოები გზის მთლიან მონაკვეთზე. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთების დასასრულებლად. ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე სამუშაოები მიმდინარეობს ყველა მონაკვეთზე, საფარი უკვე მოწყობილია 36 კმ-ზე.

„მოწყობის სამუშაოები გრძელდება 14 კმ-ზე. წელს შესრულდება დაპირება, რომელიც გაცემულია საზოგადოების წინაშე და, მთლიანობაში, წელს 90 კმ ავტომაგისტრალი აშენდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მარტო წელს შესრულდება ამ მიმართულებით იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე წინა ხელისუფლებამ ცხრა წლის განმავლობაში შეასრულა. ხედავთ, რამხელა ცვლილებაა წინა ხელისუფლების და ახალი ხელისუფლების ეფექტიანობას შორის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შემოდგომაზე მთავრობა წარადგენს ახალ 4-წლიან გეგმას, რომელიც დაკავშირებული იქნება ავტომაგისტრალების შემდგომ განვითარებასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს გაწეული სამუშაოსთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება,დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული ექვსივე გვირაბის მშენებლობა.

მისი თქმით, ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე, უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები თელავისა და მესტიის აეროპორტებისთვის. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები - პორტთან დაკავშირებით უკვე დასრულებულია კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი.

პრემიერის თქმით, თბილისის ახალი სტადიონი იქნება ბრიტანული სტილის, 70 ათას ადამიანზე გათვლილი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ემოციურ კავშირს მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული წარმატებისთვის.

პრემიერი ამბობს, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობის თაობაზე. პროექტირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ დაიწყება უკვე მშენებლობის სამუშაოები. მისი ტქმით, საუბარი იყო, რომ წინა სივრცე იქნებოდა გამოყენებული საინვესტიციო პროექტისთვის, თუმცა ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის.

მისი თქმით, შენდება 11 იუსტიციის სახლი, ამით დასრულდება ყველა მნიშვნელოვან პუნქტში იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამჟამად გაფორმებულია 284 ხელშეკრულება ახალი ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით.

„მათგან 214 არის ჰიდროელექტროსადგური, 26 - ქარის, ხოლო 44 - მზის ელექტროსადგური. დარწმუნებული ვართ, ყველა შესაბამისი პროექტი წარმატებით განხორციელდება. აქტიურად მიმდინარეობდა ასევე ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა. აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაახლოებით ერთ თვეში, ივლისში დასრულდება", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.

„ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ორ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად კვლავაც რჩება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი მომავალშიც ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული.

ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ჩემს მოხსენებას დავიწყებ ეკონომიკაზე საუბრით. ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველი თვეების განმავლობაშიც აღინიშნა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, დღეს უკვე გამოქვეყნდა მაისის მონაცემები, დაფიქსირდა 9,2%-იანი ეკონომიკური ზრდა. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკურ გუნდს, ეკონომიკის მინისტრს, ჩვენს მინისტრებს ეკონომიკური გუნდიდან. ხუთი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი არის 9,3%, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

შეგახსენებთ, 2021-2023 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9,7%. რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ამას პროგნოზირებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სავალუტო ფონდის პირვანდელი პროგნოზი იყო 4,8% და როგორც უკვე მოგახსენეთ, ამჟამინდელი მაჩვენებელი, ხუთი თვის მაჩვენებელი არის 9,3%.

„მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე. საგარეო ვალის კუთხით ბიუჯეტის დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ინფლაცია, ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონით. ინფლაციას რაც შეეხება, იანვარ-აპრილში დაფიქსირდა 0,6 % ინფლაცია, რაც არის ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ევროპაში.ასევე ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა წლევანდელი ბიუჯეტის 360 მილიონი ლარით გაზრდის შესაძლებლობა და შესაბამისი ცვლილებები იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე, სულ მცირე, 360 მლნ ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი", - აღნიშნა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტურიზმი და ავიაცია არის საქართველოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით კარგი ტენდენციები ფიქსირდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, 1,4 მილიონი ადამიანია დღეს საქართველოში დასაქმებული, რაც ისტორიული რეკორდია 90-იანი წლების შემდეგ. ამბობს, რომ „ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე".

პრემიერი ამბობს, რომ რეგიონების თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მისი თქმით, თანდათანობით იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება, ბიუჯეტების მოცულობა, შემოსავლების მოცულობა.

„ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და დასრულებულია 730 მილიონ ლარამდე ღირებულების 78 პროექტი. ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება შესაბამისი პროექტები. განახლდა 730-მდე შენობა, 40 ათასზე მეტ ფართობზე მოეწყო 92 სკვერი. მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გასულ წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 350 მილიონ ლარამდე ღირებულების 864 პროექტი დაფინანსდა. წელს ფონდიდან უკვე განაწილებულია 400 მილიონი ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შარშან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 40 600 000 ლარი, დაფინანსდა 3 780 პროექტი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ 2024 წელს დაემატება 365 000 ახალი ბენეფიციარი, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია, გაზიფიცირების სამუშაოები 63 დასახლებულ პუნქტში უკვე დასრულდა.

ღინისძიებები გარემოს დაცვის მიმართულებით

კობახიძე ამბობს, რომ მტავრობას მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჰქონდა გარემოს დაცვის მიმართულებით, შემუშავდა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების რუკები მთელი ქვეყნის ტერიტორიისთვის, დასრულების ეტაპზეა გეოლოგიური საფრთხეების რუკები. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 11 მეწყრულ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე მონიტორინგის სისტემები.

„დღეისთვის სხვადასხვა ტიპის გეოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება 18 მეწყრულ ლოკაციაზე. გაფორმდა ხელშეკრულება შვეიცარიელ ექსპერტებთან, საქართველოს მყინვარულ ხეობებში შეფასდება არსებული საფრთხეები, რის შედეგადაც მაქსიმალურად შერბილდება კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. გაფართოვდა ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, საანგარიშო პერიოდში ამოქმედდა რვა სტაციონარული და ერთი მობილური ახალი ავტომატური სადგური.

ამჟამად საქართველოს რვა ქალაქში ფუნქციონირებს 18 ავტომატური სადგური. საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდებოდა საქართველოს მდინარეებისა და ტბების 236 წერტილში; დეგრადირებული ტყის მასივების აღდგენის მიზნით გასულ წელს ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა 1679 ჰა ფართობზე; შეიქმნა 15 ათას ჰა ფართობზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია; მიმდინარეობს 690 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობის სამუშაოები რვა დაცულ ტერიტორიაზე.

„ორ დაცულ ტერიტორიაზე დასრულდა ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ხოლო რვა დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ესეც არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება გარემოს დაცვის მიმართულებით", - აღნიშნა პრემიერმა.

„კულტურის ხელშეწყობის" პროგრამა

მთავრობის მეთაურის თქმით, საანგარიშო პერიოდში „კულტურის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 500-მდე პროექტი, მათ შორის - 60-მდე ფესტივალი, 50 საიუბილეო ღონისძიება, 50 წიგნის თარგმნა-გამოცემის პროექტი, სხვა პროფესიული კონკურსები თუ ღონისძიებები.

„საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში ჩატარდა 130-მდე პროექტი. აქედან 100-ზე მეტი - საზღვარგარეთ; 17 ახალგაზრდა არტისტს დავეხმარეთ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობაში. მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 20 პროექტი. მიმდინარეობდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების გამოვლენა, შესწავლა, ინვენტარიზაცია. დასრულდა 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია; ამჟამად მიმდინარეობს 19 ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მომზადდა ათი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი; მიმდინარეობს რვა ძეგლის პროექტირება. მომზადდა ახალი კანონპროექტი „თეატრების შესახებ", რომელიც უზრუნველყოფს თეატრების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას, საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო თეატრების სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების გაუმჯობესებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამინისტრო აგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობას ღია კონკურსის წესით ათამდე პრიორიტეტული მიმართულებით.

განათლება

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საფუძვლებს დაეფუძნა, ესენია: პატრიოტიზმი, ეროვნული ფასეულობები, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა და უნივერსალური ღირებულებები.

„განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზუსტად ისევე, როგორც ითქმის ეკონომიკაზე, განათლებაზეც შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც ძლიერია განათლების სისტემა, იმდენად ძლიერია სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სფეროს.თებერვალში წარდგენილი განახლებული გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს 250 სკოლის, 6 პროფესიული სასწავლებლის და 2 სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საფუძვლებს დაეფუძნა: პატრიოტიზმი, ეროვნული ფასეულობები, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა, უნივერსალური ღირებულებები. ეროვნული სასწავლო გეგმა, სწორედ, ამ საფუძვლებსა და ღირებულებებს, პრინციპებს უნდა დაეფუძნოს და გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესწავლილ იქნა არსებული სასკოლო სახელმძღვანელოები და ამ მიმართულებითაც მომავალი წლების განმავლობაში ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდება, რათა მაქსიმალურად იყოს მორგებული სახელმძღვანელოები სახელმწიფო ინტერესებზე, მოსწავლის განვითარების ინტერესებზე,"- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ივლისიდან საშუალოდ, 500 ლარით იზრდება სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები და, საბოლოო ჯამში, ხელფასების მატებაც უნდა აისახოს სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება.ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 3 000-მდე კურსდამთავრებულს მისცემს როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორსა და მუნიციპალიტეტებში სტაჟირების გავლის საშუალებას.

ევროკავშირში ინტეგრაცია და აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავება

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში ინტეგრაცია.

„პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში განვახორციელე სწორედ ბრიუსელში, სადაც დავესწარი ასოცირების საბჭოს სხდომას. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით და ცხრა პრიორიტეტით გათვალისწინებული პირობების შესრულება. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად, რათა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა.

რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ნატო-სთან. ამ შემთხვევაშიც, პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრები ნატო-ს ხელმძღვანელობასთან და მონაწილეობა მივიღე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო სფეროში, თავდაცვის სფეროში და ამ თანამშრომლობის გაღრმავება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, თავისი წვლილი შეიტანოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაში, რაც 2020 წლიდან განვითარებული მოვლენების ფონზე აუცილებლად გვესახება; ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხვა თემები

მისი თქმით, საქართველო აწარმოებდა ეფექტიან პოლიტიკას, რათა ქვეყნის ტერიტორია სანქციების გვერდის ასავლელად არ ყოფილიყო გამოყენებული, რაც აშშ-ის, ევროკავშირის, ბრიტანეთის მხრიდან დადებითად შეფასდა.

კობახიძემ ისაუბრა იმაზე რომ, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიღწეულ პროგრესს ყველა საერთაშორისო შეფასება მოწმობს. ასევე თავდაცვის სამინისტრო წარმატებით ახორციელებდა საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების,ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მისი თქმით, მიღწევებია პენიტენციურ სისტემაშიც. ამასთან, გმირ მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხარა მათი არაერთი გმირობისთვის.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს იმ პროცესებისთვის, რომლებიც სამინისტრომ ღირსეულად გამოიარა გასული 2-3 თვის განმავლობაში.

ამბობს, რომ 2012 წლიდან დღემდე ოთხჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი, რაც მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია.

მისი თქმით, საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ მლრდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ერთი წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, 30%-ით ვიზიტორთა რაოდენობა.

განაცხადა, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით.

დასძენს, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი სურვილი და ამოცანაა, თითოეული თანამემამულე საბოლოოდ დაუბრუნდეს სამშობლოს, ეკონომიკური ზრდა ამ თვალსაზრისითაც წამახალისებელი იქნება. კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ ათამდე ქვეყანას, თუმცა გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია და გვინდა, დავიკავოთ ადგილი ევროპის ქვეყნების სამეულში.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×