ნატალია ჯვარიძე
25.06.2024

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჰააგის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა. როგორ შეიძლება აღსრულდეს ჰააგის ეს გადაწყვეტილება და ვინ დააკავებს მათ?

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვს ბრალი ედებათ ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში.

„მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ 2023 წლის 9 მარტამდე, პასუხისმგებლობა ეკისრებათ", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერიც გასცა.

სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას აზრით, შესაძლოა, იქ სადაც ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილები მოქმედებს, მაგალითად თურქეთში, გერასიმოვი და შოიგუ დააკავონ. როგორც იგი აღნიშნავს, ამ ორს კიდევ სხვა რუსი მაღალჩინოსნებიც მიჰყვება და მათი რიცხვი 20-მდე გაიზრდება.

„ჯერჯერობით ამ ორს ვერავინ დააკავებს, რადგან მათ საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავიათ, მუნიტეტი გააჩნიათ და საკუთარ ქვეყანასა და რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოებში ეს არ მოხდება.

„თუ ისინი გადაადგილდებიან იმ ქვეყნებში, სადაც ჰააგის სასამართლოს ტრიბუნალის გადაწყვეტილებები მოქმედებს, რომელშიც გაეროს თითქმის ნახევარი ქვეყანა არ შედის, იქ შეიძლება. მაგალითად ეს განხორციელდება თურქეთის ტერიტორიაზე, რადგან ამ ტრიბუნალს ისინი უკვე შეუერთდნენ, თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ მათი დაკავება იქაც გაჭირდეს.

„მთავარია დადგინდა, რომ ესენი სამხედრო დამნაშავეები არიან, ეს საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი ბრალდებაა და რაც მთავარია, აბსოლიტურად გამართლებულია, რადგან მათ წამოიწყეს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„მანამდე პრეზიდენტ პუტინსაც აქვს წაყენებული ბრალდება, მაგრამ მას საერთაშორისო მასშტაბით ტრეფიკინგისა და სხვა დანაშაულებები. რა თქმა უნდა, მას საკმაოდ მძიმე მუხლებით აქვს წაყენებული, თუმცა, არანაკლებ მძიმეა ომის გაჩაღების საბაბის წარმოქმნა, რომელიც შოიგუსა და გერასიმოვის დამსახურებაა.

„ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან გამოიკვეთა უკრაინის ომის დამწყებებისა და შემკვეთების ვინაობა, პუტინი, შოიგო და გერასიმოვი - აი, ეს სამეული. ფაქტობრივად, ალბათ ამის შემდგომ მეორე სერიაც დაიწყება და მათ კიდევ მიჰყვება სხვა რუსი მაღალი ჩინოსნები და სამხედრო სარდლები, რომლებმაც ამ ომში მონაწილეობა მიიღეს და შესაძლოა ეს რაოდენობა 20 კაცამდე გაიზარდოს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×