ეკონომიკას და საფინანსო ბაზარს არც ახლა და არც მომავალში რაიმე საფრთხე არ ემუქრება
ქეთო გოგოხია
27.05.2024

ქართველი დიდმოხელეების მიმართ სანქციების შესაძლო დაწესება ეროვნული ვალუტისთვის მორიგი დიდი წნეხი აღმოჩნდა. როგორც კი მძიმე ინფორმაცია გახმაურდა, კურსმა მკვეთრი გაუფასურება განიცადა და დღესაც აჟიოტაჟური გავლენის ქვეშაა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სავალუტო ბაზარი მთლიანად პოლიტიკის მძევალი გახდა და სანამ ეს აჟიოტაჟი არ ჩაცხრება, ლარის კურსის დასტაბილურება რეალურად გაჭირდება, თუმცა ფინანსური ბაზარი სტაბილურობას მაინც შეინარჩუნებს.

სანქციების საკითხის ასეთი გააქტიურება ეკონომიკურ პროცესებზე, სავარაუდოდ, გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ლარი ფსიქოლოგიური ფაქტორისა და შექმნილი აჟიოტაჟის გამო გარკვეულ წნეხს განიცდის. თუკი ეს მოცემულობა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ კურსი 2,80-იან ნიშნულს გასცდეს.

ვითარება დრამატულია, რასაც ანალიტიკოსი ნიკა შენგელიაც ადასტურებს, რომლის შეფასებითაც სანქციების გამო ყველაზე მეტი საფრთხე სწორედ გაცვლით კურსთან დაკავშირებითაა, რადგან დასავლეთის ქვეყნების მუქარა გაუფასურების პროვოცირებას იწვევს და ეს კი სხვადასხვა სექტორისთვის არის გადამდები, მაგალითად, იმპორტისთვის, რადგან ლარის დევალვაცია ბიზნესში არასახარბიელო მოლოდინს აჩენს.

,,სავალუტო ბაზარზე ბოლო პერიოდში საკმაოდ მკვეთრი რყევებია. სიტუაცია ამჟამად დასტაბილურდა, მაგრამ შეიძლება ესეც დროებითია, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს, რაც თითქოს უკვე გადაწყვეტილია. მიუხედავად ამისა, მოკლევადიან პერიოდში დიდ რყევას არ ველოდები. რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან პერიოდს, ყველაფერი პოლიტიკურ პროცესზეა დამოკიდებულია.

შეიძლება ითქვას, რომ გაცვლითი კურსი, რაც ამ მოცემულობაში გვაქვს, მთლიანად პოლიტიკურია. ნიშნები იმისა, საითკენ გადაიხრება ლარი, ეს გამოიკვეთება ოთხშაბათიდან, თუ, რა თქმა უნდა,  ვეტო  იქნა დაძლეული.

სანქციების თემა დამატებითი წნეხია, რაც ლარზე ასევე მოქმედებს და სტაბილურობას რისკს უქმნის. ასე თუ გაგრძელდება, სავსებით მოსალოდნელია, კურსმა  2,80-იან ნიშნულს გადააჭარბოს. თუკი ამერიკულს ევროპული სანქციებიც დაემატება, ეს სავალუტო ბაზარს საკმაოდ შეარყევს", - აღნიშნა ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ მოსალოდნელია ინფლაციის ზრდაც, რაც დაიწყო კიდეც და პირველ რიგში საწვავის ბაზარზე აისახა.

,,სავალუტო  რყევა უკვე ასახულია საწვავის ფასზე, 5-10 თეთრით გაზრდილია საცალო ქსელში ბენზინისა და დიზელის ფასი. ასევე იმპორტული პროდუქტის ღირებულებაზე აისახება და შესაბამისად, შემდეგ თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი გვექნება.

საფინანსო ბაზარზე უფრო მეტი სტაბილურობაა, თუ ვიგულისხმებთ ქართული კომპანიების აქციების ფასს. სანქციები ფასიანი ქაღალდების ღირებულებაზე გავლენას არ მოახდენს, მაგრამ კურსზე ნამდვილად აისახება. თუ პოლიტიკური სიტუაცია არ ჩაწყნარდა და მდგომარეობა არ დასტაბილურდა, კურსი აუცილებლად მაღლა წავა, მაგრამ თუ იქნება სიმშვიდე, მაშინ ეს კურსი ამ 2,70-იან დიაპაზონში დარჩება და დროთა განმავლობაში შესაძლოა, უფრო დაბლაც წამოვიდეს - 2,65-იან ნიშნულამდეც", - აღნიშნა ნიკა შენგელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

როგორც გაირკვა, ფინანსურ ბაზრებზე პრობლემა ნაკლებად მოსალოდნელია და მთელი უარყოფითი გავლენა ლარის კურსზე გადაივლის, ესეც იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ვმებათაღელვა არ ჩაცხრება და სანქციები ძალაში შევა.

ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი მოვლენების ასეთ განვითარებას სულაც არ ვარაუდობს და პირდაპირ აცხადებს, რომ საქმე ეკონომიკურ სანქციებამდე ვერ მივა. ჩინოვნიკების მიმართ დაწესებული შეზღუდვა კი ეკონომიკურ გარემოზე და მით უმეტეს, საფინანსო ბაზარზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს.

,,რასაც სანქციებთან დაკავშირებით ვისმენთ, ცალკეული პირების მუქარაა, რაც ევროკავშირის და თუნდაც აშშ-ს მთავრობის ოფიციალური განცხადებებისგან განსხვავდება. თანაც, ერთია პოლიტიოკოსების მიმართ დაწესებული სანქცია და  მეორეა ეკონომიკური პაკეტები, რომელიც სავაჭრო ურთიერთობებს შეეხება.

ეკონომიკური სანქციები გამორიცხულია, ამას ვერ გააკეთებენ, შესაბამისად, არ ველოდები ამ მიმართულებით ვითარების დამძიმებას და საფინანსო ბაზარზე რყევებს, ამისთვის სექტორი სკმაოდ მტკიცეა. სანქციების ოფიციალურ დონეზე დაწესება მთელ პროცედურას მოიცავს.

წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, პრობლემას რეალურად ვერ გამოიწვევს, ქართული კომპანიების აქციები არ გაუფასურდება, არც ლარის კურსს ემუქრება საფრთხე", - აღნიშნა ხომიზურაშვილმა და დასძინა, რომ თუკი სავალუტო ბაზარზე მაინც გაჩნდება პრობლემა, სებ-ს გააჩნია ბერკეტები, რითაც თავისუფლად შეძლებს გაცვლითი კურსის დარეგულირებას.

რაც შეეხება საფინანსო ბაზარს, ფინანსისტი ფიქრობს, რომ დღესდღეობით სექტორი ყველაზე დაცულია და მისი პოზიციების შესუსტება მიმდინარე პროცესების გამო მოსალოდნელი არ არის.

,,ლარის კურსის საფრთხე დიდად არ იკვეთება, სებ-ს ჯერ კიდევ აქვს რეზერვი, კურსის დარეგულირებას ხელი შეუწყოს. მართალია, მისი ზემოქმედება არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც ადრე იყო, მაგრამ მაინც შეუძლია აბსოლუტურად უმტკივნეულოდ დაარეგულიროს ეს ვითარება. ინვესტიციების თვალსაზრისითაც, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური ინტერესები პოლიტიკურზე მაღლა დგას, აქედან გამომდინარე, ინვესტიციები თავისუფლად შეიძლება შენარჩუნდეს, იგივე ამერიკელი და ევროპული კომპანიების მიერაც. ამიტომ როცა საუბარია, რომ სავალუტო და საფინანსო ბაზრების სტაბილურობა შეირყევა, ეს არის გადაჭარბებული მოსაზრება, აბუქებენ და ამძაფრებენ სიტუაციას. რეალურად რაიმე ნეგატიურ გავლენას სანქციებიდან გამომდინარე არ ველით", - აღნიშნა ხომიზურაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×