"ეკონომიკას ახალი სტიმული მიეცემა, ინვესტიციებიც დაძვრება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინვესტიციებს მოჰყვება ადამიანებიც..."
გვანცა წულაია
28.05.2024

საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა სულ უფრო მეტად ღრმავდება. ორ ქვეყანას შორის უკვე ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამასთან ერთად,  საქართველოს გავლით ჩინეთიდან თურქეთში სატრანზიტო ავტოგადაზიდვა დაიგეგმა, ამ ორ სიახლეს, სპეციალისტების შეფასებით, ეკონომიკაში დადებითი სიახლის მოტანა შეუძლია. 

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში 28 მაისიდან შევიდა. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში და ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე დაჰყონ. საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. 

როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს შემომყვანი ტურისტების რაოდენობის ზრდას და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

„გაიზრდება როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ასევე ქვეყნის შიგნით შემოსავლების მოცულობაც, რაც პირდაპირი წესით ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აისახება. თავის მხრივ, ტურისტული კომპანიების მოტივაციაა, კიდევ უფრო გაამყარონ თანამშრომლობა. ორივე მხარე - ქართული და ჩინურიც, დაინტერესებულია ტურისტული პროდუქტების შექმნით, ახალი პროექტების განხორციელებით, შედეგი ერთ წელიწადში გამოჩნდება.

გარკვეული აქტიურობაა მოსალოდნელი, როგორც ბიზნესის მიმართულებით, ასევე ტურისტულ სეგმენტში, რათა კულტურული ტურების ნაწილი გახდეს უფრო საინტერესო ქართველი მომხმარებლისთვის და პარალელურად შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანას ეწვიონ", - განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ „ბიზნესპარტნიორთან".

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან ერთად, ივლისში საქართველოს გავლით ჩინეთიდან თურქეთში სატრანზიტო ავტოგადაზიდვა დაიგეგმა. შუა დერეფნის ისტორიაში პირველად, ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული საპილოტე ავტოგადაზიდვა განხორციელდა - ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები საქართველოში ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით საქართველოში 26 მაისს შემოვიდნენ. ამჯერად ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი საქართველო იყო, თუმცა, სამომავლოდ შესაძლებელია, შუა დერეფნის მარშრუტით ავტოგადაზიდვა ჩინეთიდან ევროპაში განხორციელდეს.

რაც შეეხება ამ მარშრუტით ავტოგადაზიდვის ვადებს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვას 52 დღე სჭირდება, მაშინ, როცა შუა დერეფნის გავლით საქართველოს პორტებამდე საკონტეინერო გადაზიდვა 12 დღეშია შესაძლებელი. მისი შეფასებით, გადამზიდავი კომპანიებისთვის ეს პროექტი და მარშრუტი უაღრესად მიმზიდველია.

„შესაბამისად, საქართველო გლობალური მიწოდების ჯაჭვში შუა დერეფნის სახით მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება", - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას ეკონომისტები დადებიტად აფასებენ. როგორც სტატისტიკოსმა და ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ განაცხადა, ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა საქართველოსთვის მრავალი სარგებლის მომტანი შეიძლება გახდეს. 

 „აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგი შეიძლება სხვადასხვა ასპექტით შეიძლება განვიხილოთ. შესაძლებელია ჩინეთი უკეთესად გაიცნოს ქართულმა საზოგადოებამ, როგორც ბიზნესმენებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა. ქართული მხარისთვისაც არის საინტერესო ცოდნა და გამოცდილება, რაც ჩინეთმა დააგროვა ბოლო ათწლეულებში საბაზრო ეკონომიკის გაზრდის, ახალი ტექნოლოგიების შემოღების, ინფრასტრუქტურის განვითარების და რიგ სხვა ასპექტში. 

ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ უფრო აქტიურად შევასრულოთ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ჰაბის როლი, მაშინ, ამ შემთხვევაში, ჩინური გამოცდილება, ახალი ტექონოლოგიების, ლოგისტიკის და ინსფრასტრუქტურის განვითარების მხრივ, უაღრესად საინტერესო იქნება. უნდა გავიგოთ ჩინეთის რიტმი და სტილი, რომლითაც ცხოვრობენ, აღწევენ წარმატებას და ვითარდებიან. 

ყველა ასპექტით ეს სიახლე პოზიტიურად შესაფასებელია და კარგი შედეგის მომტანი იქნება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ადგილს მსოფლიო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოძრაობის რუკაზე. 

არ გვიხსენებია კიდევ ერთი ასპექტი, რაც ჩინურ მხარეს იზიდავს საქართველოში და ქართული მხარისთვისაც ანგარიშგასაწევია. ეს არის ის დიდი საინვესტიციო პოტენციალი, რაც ამ უზარმაზარი ქვეყნის ეკონომიკას და კაპიტალს გააჩნია. ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა საქართველოსთვის მრავალი ბენეფიტის მომტანი შეიძლება გახდეს“, - განუცხადა სოსო არჩვაძემ „რეზონანსს“. 

ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას დადებითად აფასებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძეც. მისი მოსაზრებით, სიახლეები ფაქტორია, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ჭრილში.

„ეს არის ის სტრატეგია, რომელიც დიდი ხანია უკვე შენდება. თავისთავად ცხადია, რომ მთელი სოფლიო ცდილობს ევროპა-აზიას შორის დამაკავშირებელ გზაზე ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი გავლენა. სწორედ ეს ხდება, რაც ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლო და მომგებიანია, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის ტვირთები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შემოსავალის ზრდას. ის, რაც ახლა ხდება, არის ერთ-ერთი დამასრულებელი პროცესი, რომელიც ძალიან მალე ამოქმედდება. ეს სიტუაცია სასარგებლოა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ არაერთი სახელმწიფოსთვის. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ, როგორც პოლიტიკურ, ისე განსაკუთრებით ეკონომიკურ ჭრილში. 

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა უკვე არსებობდა, ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება კი უფრო მეტ სტიმულს მისცემს ურთიერთობების გაღრმავებას. ეს ამბავი კონკურენციის გაზრდასაც შეუწყობს ხელს, ინვესტიციებსაც მოიზიდავს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინვესტიციებს მოჰყვება ადამიანებიც და თავისთავად ცხადია, ამ პირობებში ჩვენი ტრადიციული ფასეულობები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. საბოლოო ჯამში, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს სიახლეები დადებითად შეიძლება შეფასდეს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ავთო სილაგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×