სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 2 მილიარდი ლარია
ქეთო გოგოხია
31.05.2024

სოფლის მეურნეობა დღესდღებით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი დარგია, რომელიც განუხრელ ზრდას აჩვენებს. ყველა ძირითადი პროგრამა წარმატებით ხორციელდება და ყოველწლიურად ახალი პროექტებიც ემატება. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში დიდი მიღწევებია როგორც ადგილობრივი წარმოების ზრდის, ასევე ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. მეთხილეობაში, მეღვინეობაში, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების განვითარების, ასევე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მხრივ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან კარგ შედეგზე გავიდა.

კონკრეტულად რა გაკეთდა, როგორ პასუხობს აგრარული სექტორი გამოწვევებს, რა პრიორიტეტებია და გლობალურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების რა ნაბიჯები იდგმება - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს 2023 წელის საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენდენისას დეტალურად ისაუბრა.

სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება თითქმის 2,0 მილიარდი ლარია. სწორედ ამ პროგრამებმა მისცა საშუალება და სტიმული ფერმერებს და ბიზნესსექტორს განეხორციელებინათ მნიშვნელოვანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის  რამდენიმე მთავარი მიმართულება დაასახელა, სადაც შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია და აჩვენებს კურსს, რამაც მომავალში სექტორის სტაბილური განვითარება უნდა უზრუნველყოს.

აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ რეკორდული, 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა კი 2023 წელს 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; დაფინანსებულია 400-მდე ახალი გადამმუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა; შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი; 120 მლნ ლარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის მხარდასაჭერად; მიმდინარე წელს, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ 3700-მდე პირს დაუფინანსდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა; გასულ წელს, 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში; ფერმერებმა მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება და სხვა. სოფლად უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 13.5%-მდეა შემცირებული.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წარმატებულია აგროდაზღვევა და სახელმწიფო პროგრამით 67 000 -მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობამ 83 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. კიდევ ერთი წარმატებული მიმართულება, რაზეც მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, კლიმატის ცვლილება, არჩენების მართვა და სფეროში განხორციელებული ღონისძიებებია. კერძოდ, ბოლო წლების განმავლობაში, ტყის აღდგენის ღონისძიებები  5000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სრულად გადაიარაღდა; თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვნენ ინსპექტორები და გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების მობილური ჯგუფები; ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების უწყვეტ თვითმონიტორინგს დაქვემდებარებული დაახლოებით 51 აქტიური საწარმოდან სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში უკვე დარეგისტრირებულია 31 საწარმო, 11 საწარმო ხელსაწყოების მონტაჟის პროცესშია; 2024 წლიდან ქვეყანაში ავტომობილებისთვის ემისიის ევრო 5 სტანდარტი ამოქმედდა; ნარჩენების მართვის მიმართულებით ჩამოყალიბებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა.

აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებით ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ 2024-2027 წლებში საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იგეგმება და 2027 წლისთვის, სულ მცირე, 24 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს.

,,ისტორიული მომენტი გახლდათ, როდესაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობას. 

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, დამტკიცდა 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც იდენტიფიცირებულია ღონისძიებები და საჭიროებები რაც აუცილებელია რეკომენდაციების აღსრულებისთვის“, - მინისტრმა საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

ოთარ შამუგიას შეფასებით, მიმდინარეობს მთელი რიგი ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს, ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ევროპული მართვის სისტემის სტანდარტების დანერგვას. 

„რა თქმა უნდა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დარგში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესაბამისად, აქტიურად გააგრძელებს სასოფლო-სამეურნეო ღირებულების ჯაჭვის თითოეული კომპონენტის მიზნობრივ მხარდაჭერას. მთავრობამ უკვე დაამტკიცა საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია 88 სხვადასხვა აქტივობა და რომლის ბიუჯეტი 4 მილიარდ ლარზე მეტია. შედეგად, 2024-2027 წლებში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იგეგმება და 2027 წლისთვის სულ მცირე 24 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს და გრძელდება ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ხორციელდება ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, მევენახეობისა და მეფუტკრეობის მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების და ბიოპრეპარატების თანადაფინანსებას. 

„ჩვენ ვეხმარებით მწარმოებლებს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციაში პრიორიტეტულ ბაზრებზე. სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და მხარდაჭერით, 2022-2023 წლებში 80-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 14 საერთაშორისო გამოფენაში და საკუთარი პროდუქცია წარადგინა. ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას. ჩვენ გვაქვს ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტები ევროკავშირთან, აშშ-თან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან და სხვა არაერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად. ეს პროექტები გვეხმარება როგორც სოფლის მეურნეობის ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

რაც შეეხება მეთხილეობას, მინისტრის ინფორმაციით, გასულ წელს, 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში; ფერმერებმა მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება.

„თხილი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი. ქართული თხილის ექსპორტის 70% ევროკავშირში ხორციელდება. თხილი ათიათასობით ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვეხმარებით თხილის სექტორს. ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, იღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რომელიც განკუთვნილია აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად და სათანადოდ ჩასატარებლად. 

ეს პროგრამა გასულ წელს დავიწყეთ. პროგრამის ფარგლებში, 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში. ფერმერებმა მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება. საქართველოში თხილის სექტორს აქვს დიდი პოტენციალი და ჩვენი მიზანია ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება დარგში ჩართული მოსახლეობის შემოსავლის ზრდაზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კლიმატის ცვლილების მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებების განხილვისას კი მინისტრმა განმარტა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი საფრთხეების შეფასებას, ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას. დღეის მდგომარეობით, 18 მეწყრულად აქტიურ უბანზე მიმდინარეობს მონიტორინგი და 2024 წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 30-ს მიაღწევს.

შვეიცარიელი, მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჩართვით, საქართველოს ყველა მყინვარულ ხეობაში დაწყებულია არსებული საფრთხეების შეფასება და, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები. 

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა სპეციალისტების ყურადღებაც მიიპყრო. აკადემიკოსი ანზორ მესხიშვილი ,,რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყურადღებით მოუსმინა მინისტრის გამოსვლას პარლემენტში, რაც მთელი სიზუსტით ასახავს იმ შედეგს, რასაც სექტორმა  ბოლო პერიოდში მიაღწია.

,,სწორი აქცენტები დაისვა და ადეკვატურად შეფასდა ღონისძიებები, რაც სოფლის მეურნეობის დარგში უშუალოდ მინისტრის ხელმძღვანელობით განხორციელდა. მისი სახით  დარგს ჰყავს ძალიან კარგი ხელმძღვანელი, რომლის საქმიანობა ბევრ წარმატებულ პროექტს ითვლის. შედეგი არაერთი მიმართულებით სახეზეა. განსაკუთრებით მომწონს, რომ ოთარ შამუგიას მჭიდრო და უშუალო კავშირი აქვს რეგიონებთან, ადგილზე ეცნობა სიტუაციას, ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებს და სწორად  ანაწილებს პრიორიტეტებს. 

სოფლის მეურნეობა არის ურთულესი დარგი, სამწუხაროდ, მაინც არის გამოწვევები. კადრების დეფიციტი წინაშე ვართ და სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს საგანმანათლებლო პროექტები, რომელიც ახალგაზრდობას დააინტერესს. ამ მიმართულებით აქტიური ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ, რათა საბოლოო ჯამში დარგში მოსავლიანობა გაიზარდოს“, - განაცხადა ანზორ მესხიშვილმა.

ცალკეულ დარგებთან მიმართებაში სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ძალიან კარგად მიდის კაკლოვანი კულტურების გაშენების საკითხი, ნუშისა და კაკლის წარმოება მაღალ დონეზე ვითარდება, დიდი წარმატება აქვს ქვეყანას ფაროსანასთან ბრძოლაში, მეთხილეობაში პრობლემები მეტწილად დაძლეულია, ფერმერებს დიდი მხარადჭერა აქვთ სახელმწიფოსგან, რაც ძალიან კარგია. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან  ფერმერთა მხარდამჭერი აგრარული პროექტების კუთხით მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება სოფლის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ, თუმცა მიანიშნა იმ საკითხებზე, რაზეც მთავრობას მომავალში მუშაობის გაძლიერება მოუწევს.

,,ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან გამოცოცხლებულია ფერმერული მეურნეობები და სახელმწიფოსთან ერთად, ამ საქმეში  უცხოური ორგანიზაციები კარგად და აქტიურად მუშაობენ. ერთობლივი ძალისხმევით არაერთი პროგრამა მოგვარდა, თუმცა რჩება გამოწვევებიც.  მიმაჩნია, რომ ცოდნის თვალსაზრისით, კიდევ ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი. მნიშვნელოვანია, ამ საკითხს მეტი ყურადღება მიექცეს. 

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებითაც ბევრი პროექტი განხორციელდა და რამდენადაც ვიცი, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ კლიმატგონივრული ტექნოლოგიებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან იგი კლიმატის უკეთესად გამოყენების საშუალებას გვაძლევს. 

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადამწყვეტია. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე გასარწყავებას, სადაც თვითდინება არ იქნება შესაძლებელი, ჭაბურღილი უნდა გაკეთდეს. ამ მიმართულებით ბოლო დროს მთავრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები იდგმება. 

ჩვენ ქვეყანას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ თავისუფლად გამოკვებოს საკუთარი მოსახლეობა და იმპორტზე მინიმალურად იყოს დამოკიდებული, ვფიქრობ, აგრარული პროექტების მიზანიც ეს არის, რადგან მთავრობის მხარდაჭერის გარეშე ამ ყველაფრის მიღწევა რეალურად წარმოუდგენელია“, - განუცხადა,,რეზონანსს“ კობა კობალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×