რეზონანსი
12.05.2024

ეს არის ზედაპირული ლოზუნგებით საუბარი, შინაარსის გარეშე - არავის აქვს ექსკლუზივი ქართველ ხალხთან ისაუბროს ევროპულ ღირებულებებზე,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გუშინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დეზინფორმაციული კამპანიის ტალღა მიმდინარეობს, მათ შორის უცხოეთიდან წარმოებული.

„სამწუხაროდ, ვხედავთ, მათ შორის ამ თემასთან დაკავშირებით სწორედ დეზინფორმაციული კამპანიის ტალღა არის, მათ შორის უცხოეთიდან წარმოებული. საგნობრივი დისკუსია ნულია. არის ტრაფარეტებით და სლოგანებით საუბარი, რომ რაღაც არ შედის ევროპულ ღირებულებაში, თუ შედის, ეწინააღმდეგება თუ არა ევროპულ მისწრაფებებს, ეს არის ზედაპირული ლოზუნგებით საუბარი, შინაარსის გარეშე. ეს არის პიედესტალიდან საუბრის მცდელობა ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც საუბარია, თითქოს რაღაც ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. არავის აქვს ექსკლუზივი ქართველ ხალხთან ისაუბროს ევროპულ ღირებულებებზე, ქართველი ხალხი ევროპელი ხალხია, ჩვენი ღირებულებები ზუსტად ევროპული ღირებულებებია“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „რატომ უნდა ვაძლევდეთ საქართველოს მთავრობას შეგრძნებას, რომ საქმე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, რატომ იმეორებს ევროკავშირი შეცდომებს და სიმამაცეს მატებს ავტოკრატებს“.

პაპუაშვილის თქმით, ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირების რეკომენდაციაა, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ევროპარლამენტარების ამ ჯგუფის მოსაზრებებს.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი, ამიტომ ვინც მიხეილ სააკაშვილის მეგობარია, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. არც ყურადღება არ მივაქციოთ, გადაწყვეტილებაზე რაიმე გავლენა არ აქვს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×