ნატალია ჯვარიძე
08.06.2024

ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა შეცვლის. ამის შესახებ პარტიის მთავარ ოფისშ შაბათს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ხაბეიშვილის გადადგომის მიზეზად მისი ჯანრთელობის მდგომარეობა დასახელდა. თუმცა, ანალიტიკოსების ამას უფრო სხვა ფაქტორებს უკავშრებენ. მათი შეფასებით, ხაბეიშვილი, როგორც ლიდერი, არ იყო მისაღები ფიგურა არც პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობაში და არც დასავლეთში. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ ხაბეიშვილის გადადგომის შემდეგ უკვე რეალური გახდეს ენმ-ისა და ყოფილი „ნაციონალების", მათ შორის პარტიის ყოფილი გენმდივნის, ნიკა მელიას პარტია „ახალის" თანაშრომლობა და ალიანსიც კი.

თუმცა, ამ საკადრო ცვლილებაზე თავად მელიას პირველი რეაქცია ასეთ პერსპექტივაზე ნაკლებად მიუთითებს.

„პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა - თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა. რუსულს რეჟიმს ვერ დაამარცხებ რუსული მეთოდებით. ოლიგარქს ვერ დაამარცხებ ფულით. არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით", - წერს მელია „ფეიქსბუქში" ენმ-ში მომხდარ საკადრო ცვლილოებასთან დაკავშირებით.

რატომ გადადგა ხაბეიშვილი და ამის შემდეგ არის თუ არა მოსალოდნელი გარკვეული ცვლილებები პარტიის პოლიტიკაში?

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხაბეიშვილის ფიგურა ენმ-ის გარშემო მძლავრი ოპოზიციური გაერთიანების შექმნისათვის, გარკვეული მიზეზების გამო, შემაფერხებელი ფაქტორი იყო და მისი ჩანაცვლებაც, სავარაუდოდ, ამას უკავშირდება. ბოკუჩავას თავმჯდომარეობის პირობებში კი ენმ-ს შეიძლება მისგან გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები დაუბრუნდნენ - „ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა" და „ვეროპული საქართველოც" კი.

„ხაბეიშვილის გადადგომა მოსალოდნელი იყო. თავიდანვე, როცა ის თავმჯდომარე გახდა, ბევრი ფიქრობდა, რომ პოლიტიკურ სტანდარტებს აკმაყოფილებდა. გარდა ამისა, მისმა არჩევამ ფაქტობრივად პარტიის გახლეჩა გამოიწვია და ნიკა მელია წავიდა. ამიტომ ჯანმრთელობის მდგომარება მთლად დამაჯერებელი ვერსია ვერ არის. მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ხაბეიშვილის ლიდერობით ერთიან სიაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია.

„ალბათ თინა ბოკუჩავა მეტ-ნაკლებად უფრო მისაღებია, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე მას ლიდერად ვერ აღვიქვამ, თუმცა სტანდარტებს შედარებით მაინც აკმაყოფილებს. აქ არც ისეა საქმე, რომ ვინმე სხვა შეიძლებოდა აერჩიათ. დღეისათვის ისე დასუსტდა ეს პარტია, რომ ბევრი კანდიდატი არაა. არ ვიცი რა ხდება პარტიაში და არის თუ არა რამე კრიზისი, თუმცა, ჩემი აზრით, ჩათვალეს, რომ ხაბეიშვილი დიდ გაერთიანებას ხელს უშლიდა და ამიტომაც გადადგა. თუ ეს არის კრიზისი, მაშინ ყოფილა.

„ამ ცვლილებაზე მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმდებოდნენ და „ნაცმოძრაობის" ელექტრორატი ზუსტად ისე იქნება სააკაშვილის მიმართ განწყობილი, როგორც „ოცნების" ბიძინა ივანიშვილის მიმართ, აქ დიდი სხვაობა არაა. ამიტომ, თუ სააკაშვილმა ბოკუჩავას ლიდერობა მიიღო, ესე იგი პარტიაც მიიღებს და აქ საკამათო არაფერია. ჩვენ ხომ არ გვყავს ისეთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ლიდერს შეიძლება შეეწინააღმდეგოს. ვისაც ხაბეიშვილი არ მოსწონდა და ვინც ჩათვალა, რომ მისი ლიდერობა არ შეიძლებოდა, მათ პარტია დატოვეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა დღის წესრიგში გაერთიანება დგას და ხაბეიშვილის ლიდერობა იქნებოდა ის საკითხი, რომელიც ამ გაერიანებას ხელს უშლიდა.

„მთლიანი ოპოზიციის ერთიანის სიის შექმნა მაინც გამორიცხულია, ოღონდ ბოკუჩავას ლიდერობით შესაძლოა ძველი „ნაცმოძრაობის" გაერთიანება, ანუ „ახლები" და „ნაციონალები" ისევ ერთი სიით გამოვიდნენ, დაემატოს ზურა ჯაფარიძის „გირჩი", ელენე ხოშტარია და არც „ევროპულ საქართველოს" გამოვრიცხავ. ჩემი აზრით, ასეთი გაერთიანება სწორი იქნებოდა, რადგან არ დაიკარგება არცერთი ისეთი ამომრჩევლის ხმა, რომლებსაც „ნაცმოძრაობა" ესიმპატიურება", - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, ხაბეიშვილი დასავლეთისთვის არაპრეზენტაბელური ფიგურა იყო და მისი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა.

„ჯანმრთელობის პრობლემა აბსოლუტურად არადამაჯერებელია, მითუმეტეს, რომ სოციალურ ქსელებში იდებოდა ვიდეოები, სადაც ჩანდა, თუ როგორ ზრუნავდა (ხაბეიშვილი) საკუთარ ჯანმრთელობაზე, ვარჯიშობდა და ა.შ. ამას საზოგადოების უმეტესობა არ დაიჯერებს. მე ვფიქრობ, ხაბეიშვილი თავიდანვე გარდამავალი ფიგურაად იყო ჩაფიქრებული, რომელიც შემსრულებელი იქნებოდა იმისათვის, რომ პარტიიდან კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტს ნიკა მელია მოეშორებინათ და მათ უკან მდგომ ხალხს. შესაბამისად, ხაბეიშვილის ლიდერის როლში მისი ტესტირების დრო გავიდა და მგონი ყველა დარწმუნდა, რომ მან ეს ვერ შეასრულა. ეს საკითხი არჩევნების წინ დადგებოდა და დადგა კიდეც.

„მეორეც - „ნაცმოძრაობას" თავის დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაცია უწევთ და ხაბეიშვილი მათთვის აშკარად არაპრეზენტაბელური იყო. როგორც ჩანს, გარე და შიდა ფაქტორებმა გამოიწვია ეს გადაწყვეტილება, თუმცა ამით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება, რადგან თინა ბოკუჩავა ისეთივე რადიკალი ტიპის ლიდერია, როგორც ხაბეიშვილი.

„ალბათ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც იყო, მაგრამ აქ ერთი მომენტია საკითხავი - რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც ხაბეიშვილის ხელდასმით მოხვდნენ პარტიის ადგილობრივ სტრუქტურებში. მან ხომ მთლიანად გაწმინდა პარტია მელიას მომხრეებისგან და იქ საკუთარი ხალხი დასვა. ალბათ ისინი თავს მოწყვლად მდგომარეობაში იგრძნობენ და რა თქმა უნდა, ამ მხრივაც მოუწევთ მუშაობა, რომ ეს კადრები შეინარჩუნონ ან ჩაანაცვლონ.

„მე ამ საკადრო გადაადგილებას პოლიტიკური კუთხით დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ეს არის იმის ინდიკატორი, რომ პარტიაში სერიოზული კრიზისია, რომელიც ჯერ კიდევ მელია-ხაბეიშვილის დაპირისპირების დროიდან დაიწყო. როგორც ვხედავთ, ეს კრიზისი გრძელდება და შეიძლება „ნაცმოძრაობამ" მთავარი ოპოზიციის სტატუსი დაკარგოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისივე აზრით, ხაბეიშვილის გადადგომა ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული „ქართული ქარტიისა" და ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. როგორც ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისათვის ხაბეიშვილი არც ისე სასურველი პოლიტიკური პარტნიორი იყო და ეს შესაძლო თანამშრომლობას აფერხებდა.

„ბოკუჩავა არის ის ლიდერი, რომელიც გვარამია-მელიასთვის ხელჩამორთმევადია და მეტ-ნალებად მისაღები. შესაბამისად, ხაბეიშვილის გადადგომა შესაძლოა უკავშირდება ამ ქარტიის ფარგლებში საჭირო სოლიდარობას, რათა ქარტიის ხელმომწერ პარტიებს შორის უფრო მეტი ურთიერთნდობა იყოს. ამიტომ ვფიქრობ, ეს ცვლილება გარკვეულწილად ამისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„ხაბეიშვილი გაერთიანებას ხელს ვერ შეუშლიდა, უბრალოდ ამის მიზეზი მის უკან მდგომი ძალები იყვნენ, რომლებმაც ის პარტიის ხელმძღვანელობაში მოიყვანეს. რაც შეეხება ბოკუჩავას დანიშვნას, შესაძლოა, არც იყო სხვა კანდიდატურა და ამიტომაც აირჩა ის", - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×