თამთა ჩაჩანიძე
11.06.2024

ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს „ოპოზიცია" აპროტესტებს - ყოფილი „პრეზიდენტის" ანატოლი ბიბილოვის პარტია „ერთიანი ოსეთი" აცხადებს, რომ პროცესი მასობრივი დარღვევების, დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა, პარტიაში იმასაც ამბობენ, რომ რამდენიმე ასეულ ბიულეტენზე ხმის მიცემის შემდეგ, მელანი აორთქლდა. ბიბილოვის პოლიტიკური ჯგუფი ე.წ. პარლამენტში მუშაობაზე უარს აცხადებს, მიაჩნიათ, რომ „შედეგების აღიარება ხალხის მიმართ დანაშაული და ღალატია". საინტერესო კი ისაა, რომ ბიბილოვის პარტია ე.წ. არჩევნებზე პირველ ადგილზე გავიდა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. არჩევნებში მოქმედებს შერეული - პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა. მასობრივი გაყალბება კი, როგორც ჩანს, მაჟორიტარულ ნაწილში მოხდა და განსაკუთრებით ვლადიკავკაზში, სადაც, ბიბილოვის პარტიის თქმით, „ჯადოსნური მელანი" იქნა გამოყენებული.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ ე.წ. პარლამენტი მაინც დალაგდება და „უმრავლესობას" მაინც შეკრავს დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პარტია. თუმცა დასძენს, რომ თუ ხალხი დარწმუნდა, რომ მასობრივი გაყალბება მართლაც მოხდა, შესაძლოა გამოსვლები დაიწყოს და გამწვავდეს მდგომარეობა.

როგორ ჩატარდა „არჩევნები"

დე ფაქტი ცესკოს 11 ივნისის მონაცემებით დათვლილია ყველა ბიულეტენი აქტივობამ კი 72,32% შეადგინა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ანატოლი ბიბილოვის „ერთიანი ოსეთი" - 31,52%;

ალან გაგლოევის „ნიხასი" - 30,60%;

„სახალხო პარტია" - 16,03%;

„კომუნისტური პარტია" - 7,01%;

„ხალხის ერთობა" - 4,49%;

„ირი ფარნი" - 4,71%;

„ერთობა" - 1,98%;

„ყველას წინააღმდეგ" - 3,66%.

აღსანიშნავია, რომ ცხინვალში 7%-იანი ბარიერი აქვთ და ამ მონაცემებით „პარლამენტში" ოთხი პარტია მოხვდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 9 ივნისს ღამის შედეგებით, რომლებიც ოქმების 21%-ის დამუშავებას ეფუძნებოდა, პროპორციული სისტემით 45,67% ჰქონდა „ერთიან ოსეთს", 29,59% „ნიხასს", დანარჩენ პარტიებს კი, 7%-ზე ნაკლები. ხმების სრულად დათვლის შემდეგ კი შედეგები დრამატულად შეიცვალა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) წერს, რომ 9 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნების ჩატარებისას ადგილი ჰქონდა, ბიულეტენების მასობრივად ჩაყრის მცდელობებს, ასეულობით ადამიანის ორგანიზებულად მიყვანას ჩრდილო ოსეთიდან, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონებიდან, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა არც კი იცნობდა. ამასთან, კონკრეტულ მისამართებზე ხალხის მასობრივად დარეგისტრირებას. ასევე, კენჭისყრის დღეს, ახალგორის მოსახლეობას მათ შორის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები სთხოვდნენ ეჩვენებინათ მტკიცებულება, რომ ხმა „ნიხასს" მისცეს.

ბიბილოვის „ერთიანი ოსეთი" აცხადებს, რომ „პარლამენტში" არ იმუშავებს, „სანამ სამართლიანობა არ აღდგება და კენჭისყრის სამართლიანი შედეგების დადგენა არ მოხდება". პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ერთიანმა ოსეთმა" ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ე.წ. არჩევნების დროს დაფიქსირებული მასობრივი დარღვევების შესახებ განცხადება უკვე წარადგინა, სადაც საუბარია პასპორტების დარიგებასა და ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვის შესახებ.

„განსაკუთრებით გვსურს ავღნიშნოთ ვლადიკავკაზში გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც 733 ბიულეტენი არა მხოლოდ ბათილად იქნა ცნობილი, არამედ ვიღაცამ კრიმინალური გზით მელანი შეცვალა, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ აორთქლდა. მიგვაჩნია, რომ ასეთი შედეგების აღიარება ჩვენი ხალხის მიმართ დანაშაულია და ღალატი. ვლადიკავკაზში შედეგის აღიარება შენი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ვლადიკავკაზში მდებარე უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოვითხოვთ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორ განვითარდება მოვლენები ოკუპირებულ ცხინვალში

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთში" თვალშისაცემ გაყალბებებზე საუბარი პირველი შემთხვევაა.

„იქ შერეული სისტემაა - პროპორციული და მაჟორიტარული. მეტი გაყალბებები მაჟორიტარულშია. ბიბილოვის ხალხი იქ ცოტა გავიდა და პროპორციულში ხმები მეტი აიღეს. საბოლოო ჯამში მგონია,რომ ნახევარი ნახევარზე დალაგდება. ბიბილოვი კი ამბობს, რომ პარლამენტში არ შევალო, ალბათ არ შევა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, აქ ყველაფერს დე ფაქტო პრეზიდენტი წყვეტს.

„ადრე, როგორც წესი, ასეთი გაყალბებები არ ყოფილა. ასეთ თვალშისაცემ გაყალბებებზე საუბარი პირველი შემთხვევაა. ჩვენ იქ არ ვართ, ე.წ. დამკვირვებლები არაფერს ამბობენ და ამიტომ ძნელია ობიექტური მასალა ამოიღო. „დამკვირვებლები" რუსეთიდან არიან ჩასული და ისინი ამბობენ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ეს არაა სანდო.

„საბოლოო ჯამში, მაჟორიტარების ხარჯზე ალბათ გაგლოევი გაიმარჯვებს, მეტი ხალხი ეყოლება. გაგლოევს სჭირდება, რომ ე.წ. პარლამენტში უმრავლესობა ჰყავდეს, მთავარი ის კი არაა ვინ რამდენი პროცენტი აიღო, არამედ ის, თუ როგორ დაჯამდება საბოლოო ჯამში დეპუტატების რაოდენობა. მაჟორიტარების ხარჯზე გაგლოევი გაიმარჯვებს და პროპორციულში წააგო, როგორც ჩანს.

„როგორცბიბილოვის მომხრეები ამბობენ, ძალიან გაყალბდა მაჟორიტარების კომპონენტში და ვლადიკავკაზში. ამბობენ - აქ ჩაყრები იყო ძალიან მასობრივიო. ეს მე სულაც არ მიკვირს. აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად დამაჯერებელი იქნება ეს მოსახლეობისთვის. თუ მოსახლეობა გაყალბებას იმდენად დაიჯერებს, რომ ქუჩაში გამოვიდა, როგორც წესი, ცხინვალში ქუჩაში გამოსვლა სერიოზული მოვლენაა, იქ დიდი სახოგადოება არაა და 5-6 ათასი კაცის ქუჩაში გამოსვლა უკვე სერიოზული ძალაა და შესაძლოა დაიძაბოს სიტუაცია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, „ჯადოსნურ მელანზე" და ხმის მიცემისთვის უცხო ადამიანების საარჩევნო ყუთთან მიყვანაზე სმენია, თუმცა ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი არსად უნახავს.

„ეს ყველაფერი ლაპარაკია და ამის დამტკიცებაა საჭირო ფოტოებით და სხვადასხვა დოკუმენტებით. მეც მითხრა რამდენიმე ოსმა, რომ ხალხი იყო ჩამოყვანილიო. მე ვუთხარი, ერთი სურათი მაინც არ გაქვთ, როცა ყველას ხელში მობილურები გიჭირავთ-მეთქი? ჯერჯერობით არცერთი ფოტო წარმოდგენილი არაა. ლაპარაკი ბევრია. მთავარია რა დამტკიცდება და საზოგადოება რას დაიჯერებს.

„კალმებზე საუბარსაც დამტკიცება უნდა. მე იქ არ ვყოფილვარ და ეს კალამი არ გამომიყენებია და ვინც იყო, რაღაც სურათი მაინც უნდა გამოეტანა, რომ ჯერ კალამი შემოხაზულია და მერე არ არის",- განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×