"როცა საუბარია, რომ სანქციები ეკონომიკურ სტაბილურობას შეარყევს, ეს არის გადაჭარბებული მოსაზრება"
ქეთო გოგოხია
10.06.2024

ქართველი ჩინოვნიკების მიმართ დაწესებული სანქციები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეკონომიკური პარამეტრები მეტ-ნაკლებად მწყობრშია და ცალკეული პირების დასანქცირება ამ მდგომარეობას ვერ გააუარესებს. მით უმეტეს, რომ სანქციები ისედაც ბუნდოვანია და ბევრი დეტალი გაურკვეველია. 

იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური სანქციების ალბათობა არ არის, ეკონომიკურ მიმართულებებზე ეს პროცესი რაიმე სერიოზულ კვალს ვერ დატოვებს, მაგრამ ბიზნესის მოლოდინი გაუარესებას გამოიწვევს, რაც ისედაც იყო სავარაუდო ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური არასტაბილურობისა და დაძაბულობის გამო.

უშუალოდ სანქციების გავლენა მინიმალური იქნება. როგორც ეკონომისტები აცხადებენ, მშპ-ს ზრდის პროგნოზი, სავარაუდოდ, არ უნდა შეიცვალოს, რომელიც დღესდღეობით მატულობს და იმაზე მეტადაც, რა მოლოდინიც არსებობდა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა - აქამდე ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 5.2%-იანი მაჩვენებელი, რის შედეგადაც წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტს 86 მილიარდი ლარისთვის უნდა მიეღწია. ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი განახლებული პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა კი 87.7 მილიარდი ლარი იქნება.

შესაბამისად, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ეკონომიკური სტაბილურობის ყველა პირობაა და ამ მხრივ სანქციები ნეგატიურ გავლენას ვერ გამოიწვევს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის შეფასებით, ერთადერთი რისკი ჩანს ინვესტიციების კუთხით, სხვა მხრივ სანქციები ეკონომიკაზე არ იმოქმედებს.

,,სანქციებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რაც ცნობილია და რის მომსწრეც ვართ, ეს მნიშვნელოვან გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე არ მოახდენს. არ არის საუბარი სავაჭრო ურთიერთობებზე, არც  ეკონომიკურ სანქციებზე, რასაც შეეძლო ფონის დამძიმება. ფულადი გადარიცხვების კუთხითაც ყველაფერი წესრიგშია, შესაბამისად,  დაწესებული სანქციები რაიმე უარყოფით გავლენას არ ახდენს, თუმცა საინვესტიციო გარემოზე აისახება, მაგრამ დიდ ჩავარდნას უშუალოდ ამ მიზეზის გამო მაინც არ ველით. 

არ ჩანს, რომ სანქციები უფრო გამკაცრდება. ვიმედოვნებ, ასე არ მოხდება, ეს არ იქნება კარგი ჩვენი ეკონომიკისთვის. წინასწარი განცხადებები არ კეთდება და არ მგონია, მეტად გაამკაცრონ. რასაც სანქციებთან დაკავშირებით ვისმენთ, ცალკეული პირების მუქარაა, რაც ევროკავშირის და თუნდაც აშშ-ს მთავრობის ოფიციალური განცხადებებისგან განსხვავდება. ერთია პოლიტიოკოსების მიმართ დაწესებული სანქცია და  მეორეა ეკონომიკური პაკეტები, რომელიც სავაჭრო ურთიერთობებს შეეხება", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" გიორგი კაპანაძემ.

მისი შეფასებით, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, პრობლემა სანქციების გამო მოსალოდნელი არ არის და არც ლარის კურსს ემუქრება საფრთხე. ასეც რომ იყოს და სავალუტო ბაზარზე მაინც გაჩნდეს პრობლემა, სებ-ს გააჩნია ბერკეტები, რითაც თავისუფლად შეძლებს გაცვლითი კურსის დარეგულირებას.

,,ლარის კურსის საფრთხე დიდად არ იკვეთება, სებ-ს ჯერ კიდევ აქვს რეზერვი, კურსის დარეგულირებას ხელი შეუწყოს. ამიტომ როცა საუბარია, რომ სანქციები ეკონომიკურ სტაბილურობას შეარყევს, ეს არის გადაჭარბებული მოსაზრება, რითაც ამძაფრებენ სიტუაციას. რეალურად რაიმე ნეგატიურ გავლენას სანქციებიდან გამომდინარე არ ველით", - აღნიშნა კაპანაძემ.

განსახვებული მოსაზრებისაა ეკონომისტების ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ბიზნესი დეაკვირვების რეჟიმში გადავა, რაც სამომავლო პერსპექტივაზე ცუდად იმოქმედებს და ეკონომიკურ ფონს დაამძიმებს. ეკონომისტ რამაზ გერლიანის შეფასებით, ცვლილება უფრო გრძელვადიან პერიოდშია მოსალოდნელი, რაც სახარბიელო არ იქნება.

,,საქნციები ეკონომიკისთის კარგი ნამდვილად არ არის, გარკვეული მიმართულებით რისკები იზრდება და არასასურველ შედეგს გამოიწვევს, ეს უფრო გრძელვადიან პერიოდში გამოჩნდება. ასეთ დროს ეკონომიკური აგენტები ფიქრობენ, რომ მთლად კარგად არ მიდის პროცესები, ამიტომაც გადადიან  დაკვირვების რეჟიმზე, შესაბამისად, ეს ცუდად აისახება ეკონომიკაზე, საერთაშორისო დონეზე, როგორც საინვესტიციო კუთხით, ასევე სხვა მიმართულებითაც. 

ჩვენი ეკონომიკა არის ღია, ნებისმიერი სანქციები ცალსახად უარყოფით გავლენას ახდენს. პირველ რიგში, რეიტინგებზე აისახება, ეკონომიკურ ზრდას ამ მხრივ ნაკლებად ელის საფრთხე, პროგნოზი ასე სწრაფად არ იცვლება, ცვლილებას უფრო გრძელვადიან პერიოდში ვვარაუდობ. ჩემი აზრით, ნეგატიური გავლენა მოსალოდნელია ლარის კურესზეც, ხოლო კურსის ცვლილება უკვე ფასების ინდექსზეც აისახება. ხელისუფლება იძულებული გახდება, რომ საზოგადოებრივ აზრს ანგარიში გაუწიოს. იგი პასუხმისმგებელია ყველა პროცესზე, რაც ხდება ქვეყანაში", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" გერლიანმა.

როგორც ცნობილია, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამჭვირვალობის კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქციას დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, სანქციების პირველი ტალღა შეეხება ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. მილერმა კონკრეტული რიცხვი არ დაასახელა და თქვა, რომ დაახლოებით 30 ადამიანს. გარდა ამისა, მას კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და დასძინა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს. კონკრეტულ ვინაობას გავიგებთ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი აშშ-ში ჩასვლას ეცდება.

უცნობია, სანქციების რამდენი ტალღა არის მოსალოდნელი, ჯერჯერობით არც ეს მონაცემი დაკონკრეტებულა. შესაბამისად, სანქციების დაწესების და გამოცხადების ფორმა სრულიად გაურკვეველი დარჩა. მართალია, იგი გაცილებით მსუბუქი აღმოჩნდა დაანონსებულთან შედარებით, მაგრამ ბიზნესს სწორედ გაურკვევლობა აშფოთებს და ამიტომ პერსპექტივაც გამოკვეთილი არ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×