რეზონანსი
04.06.2024

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მოსაზრებით, დღეს ჩვენ ქვეყანას სწორედ ხალხის მმართველობა ანუ ნამდვილი დემოკრატია გადაარჩენს, რასაც ჯერჯერობით ასევე ხალხის გონიერებით ვინარჩუნებთ!

"ბოლო რამდენიმე კვირაა, "ფართოდ დახუჭული" თვალებით ვაკვირდები გამჭვირვალობის ქართულ კანონზე დასავლელი პოლიტიკოსების რეაქციებს და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ერთ დროს ჩვენთვის სანატრელ და მისაბაძ ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკაში ტრაგიკულად მძიმე მდგომარეობაა. ხანდახან არც კი მჯერა, რომ დასავლეთის მსგავსი დეგრადირება ჩვენ თვალწინ მოხდა, ხოლო ამაზე საუბრის დროს პირზე ხელს გვაფარებენ.

"უკვე ყველანაირი ზღვარი წაშლილია, პოლიტიკოსები ფორმალურადაც კი აღარ იცავენ თამაშის წესებს და პირდაპირ, უტიფრად გიმტკიცებენ რომ თეთრი შავია, ცუდი კარგია და ჩვენთვის დამაზიანებელი სასარგებლოა, ხოლო სასარგებლო დამაზიანებელი. პირადად ჩემთვის, გამჭვირვალობის კანონის მიღების პროცესმა და ამ ყველაფერზე გაკეთებულმა რეაქციებმა დასავლური პოლიტიკის გარდაცვალება და მის ნაცვლად, აგენტურული მმართველობის ჩაბეტონება საბოლოოდ გააფორმა.

და მაინც, ყველაზე ცინიკური ამ პროცესში არის ფასეულობების გადაგვარება, მათთვის ახალი შინაარსის მიცემა და შემდეგ იარაღად გამოყენება. რამდენიმე დღის წინ აშშ-ს წარმავალი ადმინისტრაციის წარმავალმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამჭვირვალობის ქართულ კანონზე საუბრისას თქვა, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესის დაზიანება. ესეც არ იკმარა და იქვე დაამატა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში, თურმე, დემოკრატიული უკუსვლა დაიწყო. გესმით თქვენ, ამხელა თანამდებობის მქონე პოლიტიკოსისთვისაც ყველანაირი ზღვარი წაშლილია, აღარ არსებობს რაიმე შემაკავებელი ბარიერი, რასაც ანგარიშს გაუწევს. აი, ასე შეუცვალეს შინაარსი სიტყვა დემოკრატიას და მისი შიგთავსი კოლონიალიზმი გახადეს. თურმე, ადამიანების მკვლელი სისტემის შემქმნელი სააკაშვილი ყოფილა დემოკრატიის შუქურა, ხოლო ხალხის მიერ მრავალჯერ მანდატმინიჭებული „ქართული ოცნება“ დემოკრატიის დამაზიანებელი. რეალურად კი, ბლინკენის ეს მესიჯი შემდეგნაირად უნდა გავიგოთ - „დაუძინებელი მეგობრებისათვის“ მთავარია კოლონია იყო, მათი დავალებები უსიტყვოდ შეასრულო და რაც გინდა აკეთე, მაინც შეგაქებენ და თავზე ხელს გადაგისვამენ, სწორედ ისე, როგორც სააკაშვილს. ხოლო 2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო სუვერენიტეტის აღდგენა, თავი დააღწია აგენტოკრატიულ მმართველობას და საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით დაიწყო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, მარიონეტებად ქცეულმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა დასაქოქი თოჯინებივით ერთ ხმაში, ერთიანი მესიჯბოქსით ეროვნული ხელისუფლება ანტიდემოკრატიულად გამოაცხადეს.

კიდევ უფრო მძიმე სანახავია დასამარებული, თავად კოლონიალიზმის მსხვერპლი ევროპა და მისი პოლიტიკური ელიტა. ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ, ერთიანი ევროპული ოჯახის გაძლიერებასა და დემოკრატიის განმტკიცებაზე უნდა ზრუნავდნენ, სრულად არიან დამორჩილებული გლობალურ ომის პარტიას და დამოუკიდებლობადაკარგულნი თუთიყუშებივით იმეორებენ ოკეანის გაღმიდან წამოსულ მესიჯებს, ზუსტად ისე იქცევიან, როგორი ინსტრუქციაც მოუვათ. აქ კიდევ უფრო წაშლილია ზღვარი და განულებულია პოლიტიკური მორალი. ევროპა, სამწუხაროდ, კოლონიის კოლონიად იქცა და მან დემოკრატიის საფარქვეშ, დავალებების შესრულების პროცესში სრულად დაკარგა სუვერენიტეტიც და ავტორიტეტიც. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ამერიკის ინტერესებს სრულად დამორჩილებული ევროპა, ევროპული ქვეყნების აგენტურული მმართველების ხელით, სიტყვა დემოკრატიას საქართველოს წინააღმდეგ იარაღად იყენებს და რეალურად, ჩვენი ქვეყნის ისევ კოლონიად გადაქცევას ლამობს.

და მაინც, ხშირად მესმის კითხვა - რა ინტერესი აქვს ასეთი მთელ დასავლეთს ჩვენი პატარა ქვეყნის მიმართ, რომ ყველანაირი ზღვარი გადალახეს, ფორმალურადაც კი აღარ იცავენ თამაშის წესებს, უტიფრად და ზღვარგადასული ზეწოლით ცდილობენ შიდაპოლიტიკური პროცესების მართვას და მკვლელობის მუქარასაც კი აღარ ერიდებიან?! მაინც რამ გამოიწვია ასეთი შეტევა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული დემოკრატიული ხელისუფლების მიმართ, რომ უსირცხვილოდ თეთრზე შავს გვეუბნებიან?! მარტივია - გავბედეთ და ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში არ გავხვიეთ. გავბედეთ და დავალების შესრულებაზე უარი ვთქვით, იმ დავალების შესრულებაზე, რომელიც საქართველოს მიწასთან გაასწორებდა. გავბედეთ და ეროვნული ინტერესი დავიცავით, გავბედეთ და სუვერენიტეტის გასაძლიერებლად გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, გავბედეთ და კოლექტიურ დასავლეთს პირდაპირ ვუთხარით - დიახ, ჩვენ არ გავხდებით არავის კოლონია! სწორედ ამიტომ, გათელილი დემოკრატიული ფასეულობების პირობებში, ნეოკოლონიალისტურმა „მეგობრებმა“ გადაწყვიტეს, რომ არაფრის ფასად არ გვაპატიონ ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ იმის გამო, რომ მეორე ფრონტის დავალების შესრულებაზე ხმამაღლა ვთქვით უარი, მათაც ხმამაღლა გვითხრეს, რომ საქართველოში ყველაფრის ფასად დააბრუნებენ იმ რეჟიმს, რომელიც მათ ნებისმიერ დავალებას უსიტყვოდ შეასრულებს. აი, ასე გადაიქცა დემოკრატია კოლექტიური დასავლეთის ხელში იარაღად, რომლის შინაარსი არის კოლონია და რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ.

დღეს, ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც სხვა რამდენიმე სახელმწიფო ინერციით მიისწრაფვის ევროპისკენ. დიახ, ინერციით - რადგან 2008 წლამდე ეს გაერთიანება მართლაც რომ მიმზიდველი იყო, მუდმივად პროგრესირებდა ეკონომიკა, უწყვეტად შენდებოდა ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, იყო უმაღლესი დონის განათლება და მეტნაკლებად დაცული იყო ევროპული ოჯახის მთავარი პრინციპი, ქრისტიანულ ღირებულებებზე დამყარებული ჰუმანური დემოკრატია. დღემდე სწორედ რომ ინერციით მოდის ჩვენამდე ევროპული სიკეთეები - ძლიერი ეკონომიკა, კონკურენტუნარიანი ბაზარი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სამართლის უზენაესობა... ის ყველაფერი, რაზეც დაფუძნდა და განვითარდა ევროპული ოჯახი, დღემდე სანატრელია მოსახლეობისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს აქვს გასაცნობიერებელი, თუ რა გზას ადგას ახლა ევროგაერთიანება. აგერ უკვე მეორე ათეული წელია, გამჭვირვალობა კორუფციამ ჩაანაცვლა, სამართლის უზენაესობა შერჩევითმა სამართალმა, ხოლო ქრისტიანული ღირებულებები თავსმოხვეულმა ფსევდოლიბერალურმა იდეოლოგიამ. გარდა ამისა, მეორე ათეული წელია ევროპის ეკონომიკა და შესაბამისად, ეკონომიკაზე მიბმული ყველა სფერო სტაგნაციას და დეგრადაციას განიცდის. ეს ყველაფერი კი, მიზანმიმართულად, კონკრეტული ადამიანებისა და ადამიანთა ჯგუფების მხრიდან არის ორგანიზებული. რთულად, მაგრამ ეტაპობრივად, ამ პროცესს უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, იმდენად დიდია ინერცია, რომელიც ერთ დროს მართლაც იდეალურთან მიახლოებული ევროპული ოჯახისადმი სწრაფვაში გამოიხატება, რომ სამწუხაროდ, ეს ინერცია და მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობა არსებული რეალობის შესახებ მავანს აძლევს საშუალებას, ეს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს. ხომ ხედავთ, პირდაპირ გვემუქრებიან, რომ ევროპულ ოჯახში არ მიგვიღებენ, შეგვიჩერებენ ვიზალიბერალიზაციას, გადახედავენ ურთიერთობებს და ა.შ. ეს ყველაფერი კი, მხოლოდ ხალხზე ზემოქმედების მიზნით კეთდება, რამეთუ, როგორც აღვნიშნე, დღეს საქართველოში ჯერ კიდევ არის კრიტიკული ანალიზის სერიოზული პრობლემა. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანის ცნობიერებაში ევროკავშირი არის იდეალური ადგილი, სადაც ჩვენ უნდა დავფუძნდეთ, მაგრამ ნაკლებმა თუ იცის, რომ ამჟამინდელი ევროკავშირისგან მხოლოდ „სახელი და გვარია“ დარჩენილი...

მესმის, რომ ქართველი ადამიანისთვის ეს ყველაფერი მძიმე სანახავი და მოსასმენია. მესმის, რომ უკიდურესად შეურაცხმყოფელია, როდესაც ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და ევროპელი „პოლიტიკოსები“ გვეუბნებიან, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, ხოლო მმართველი გუნდი ანტიდემოკრატიულ სისტემას აყალიბებს. მესმის, რომ ძალიან უჭირს ქართველს ამ უმძიმესი და უსამართლო მოცემულობის გაცნობიერება, მაგრამ უიმედობამ არ უნდა შეგვიპყროს. ძალა ხალხშია, ხოლო ხალხის მმართველობა, ანუ ნამდვილი დემოკრატია, ყველაზე მძლავრი იარაღია კოლონიალისტებთან საბრძოლველად. რამდენად პათეტიკურადაც უნდა ჟღერდეს, დღეს ჩვენ ქვეყანას სწორედ ხალხის მმართველობა ანუ ნამდვილი დემოკრატია გადაარჩენს, რასაც ჯერჯერობით ასევე ხალხის გონიერებით ვინარჩუნებთ!" - წერს შათირიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×