თამთა ჩაჩანიძე
18.06.2024

აშშ-ს სახდეპს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „სამშვიდობო გეგმა" საერთაშორისო ნორმებს, ძირითად მორალს, საღ აზრს ეწინააღდეგება და რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის შესახებ სერიოზული დისკუსიებისთვის მზად არაა. ამასვე აღნიშნავენ ანალიტიკოსებიც, რომ პუტინი ამით თამაშობს, რადგან ისეთი პირობები აქვს წამოყენებული, რისი პასუხიც თავადაც იცოდა.

ამასთან, ანალიტიკოსთა შეფასებით, კრემლში შიდა კლანური დაპირისპირებებია და გარე ფაქტორებისთვის იმდენად „არ სცხელათ", რომ ომის წარმოებისთვის ხელსაყრელ სეზონს ვერ იყენებენ და ზაფხულის პირველი თვე ისე გადის, რომ ჯერჯერობით ფრონტზე აქტიურობა არ დაუწყიათ.

ამის პარალელურად, უკრაინა ახალი ტაქტიკით მოქმედებს, დრონებით ხშირად უტევს ნავთობის ბაზებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სამხედრო ობიექტებს, რაც ანალიტიკოსთა შეფასებით, ნავთობის რეზერვების განადგურება ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია უკრაინისთვის, რადგან ეს ომის ეფექტურად წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტია. აღსანიშნავია, რომ როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები წამოაყენა, რომლის თანახმადაც უკრაინამ ოთხი რეგიონის: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე უარი თქვას. უკრაინამ კი თავშივე განაცხადა უარი ამ გეგმაზე და აღნიშნა, რომ მათი მიზანი უკრაინის სრული დეოკუპაციაა.

„სამშვიდობო ხელშეკრულება შორია"

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის ე.წ. „სამშვიდობო გეგმას" ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის შესახებ სერიოზული დისკუსიებისთვის მზად არაა.

„კიდევ ერთი მაქსიმალისტური განცხადება, რომელიც უკრაინას მოუწოდებს, დათმოს უფრო მეტი სუვერენული ტერიტორიები, ვიდრე რუსეთს ამჟამად, მოლაპარაკებების დაწყებამდე აქვს ოკუპირებული. პრეზიდენტმა პუტინმა მოსთხოვა უკრაინას, განიარაღებაზე დათანხმდეს, რათა ის დაუცველი იყოს რუსეთის მომავალი აგრესიისგან. ვერც ერთი პასუხისმგებელი ერი ვერ იტყვის, რომ ეს მშვიდობის გონივრული საფუძველია. ის ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებას.

„ის ეწინააღმდეგება ძირითად მორალს. ის ეწინააღმდეგება ძირითად საღ აზრს. აშკარაა, რომ რუსეთი არ არის მზად რაიმე სერიოზული, კეთილსინდისიერი დისკუსიისთვის. რუსეთის ქმედებები ამას განსაკუთრებით ნათელს ხდის, რადგან ის აგრძელებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას, ემუქრება გემებს შავ ზღვაში და იძულებით გადააადგილებს ათიათასობით უკრაინელ ბავშვს", - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „;რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯერჯერობით ძალიან ადრეა სამშვიდობო გეგმებზე საუბარი.

„ჯერჯერობით სამშვიდობო ხელშეკრულება შორია, მხარეები ამისთვის მზად არ არიან. ეს გარკვეულწილად ჟენევის კონფერენციამაც დააფიქსირა, რომ მხარეებს რადიკალურად განსხვავებული ხედვები აქვთ, რუსები კი ამ ფორმატში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფენ. პუტინმა უკრაინას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ის საბრძოლო მოქმედებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა საკუთარ ოთხ რეგიონს გადასცემს - ზაპოროჟიე, ხერსონი, დონეცკი და ლუგანსკი, ეს პირდაპირ იყო დაფიქსირებული.

„პუტინის მეორე ულტიმატუმი ის იყო, რომ უკრაინამ ნატოში შესვლაზე უარი უნდა განაცხადოს და როგორც ჩანს, აქ აქცენტი მხოლოდ ნატოზე კი არა, ევროკავშირზეცაა, რადგან პუტინმა ფაქტიურად ამის გამო დაიწყო ჯერ ჰიბრიდული და მერე პირდაპირი სამხედრო აგრესია უკირაინის წინააღმდეგ. ამბობს,რომ გართულება ნატოზე აქვს, მაგრამ ბუნებრივია ევროკავშირსაც გულისხმობს, ოღოდ ღიად არ ამბობს.

„მესამე ულტიმატუმია, რომ უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალოს. ამ ეტაპზე ეს სამია, თუმცა გაცილებით მეტი პრეტენზიები აქვს პუტინს. ბუნებრივია, ამის საპასუხოდ უკრაინა არც ნებდება და არც აპირებს, რომ რაიმე კუთხით ულტიმატუმის ეს საკითხები მიიღოს და თუნდაც განიხილოს.

„აქ ერთი ნიუანსიცაა, თითქოს კრემლი თვლის, რომ ზელენსკი უკვე არალეგიტიმური პოლიტიკური აქტორია, რადგან მას საპრეზიდენტო ვადა გაუვიდა. მოსკოვი ამბობს, რომ თუ რამეა ის მოლაპარაკებებს გააგრძელებს უმაღლესი რანგის სხვა წარმომადგენლებთან და შესაძლოა ეს იყოს რადის სპიკერი სტეპანჩუკი. თუმცაღა ესეც რუსეთის მანიპულაციაა, რადგან მათ კარგად იციან, რომ უკრაინას ომის პირობებში საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივება და არჩევნების გადადება მოუწია. ქვეყანა საომარ ვითარებაშია, 30% ოკუპაციის ქვეშაა და რა არჩევნებზეა საუბარი?!

„პუტინმა კი მოლაპარაკებების შესაძლებლობა დაუშვა, მაგრამ ისეთი პირობებია წამოყენებული, დე ფაქტოდ გამიდის, რომ არ დაუშვა. ამასთან, ჩინეთმაც წამოაყენა თავისი სამშვიდობო ინიციატივა, რომ პროცესი გაიყინოს, გაფორმდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ეს დაახლოებით ისეთივეა, რაც 2008 წელს სააკაშვილის-სარკოზისა და მედვედევის მონაწილეობით იყო. რამდენადაც ვიცი, შეთანხმების რაღაც ხელშეკრულებას თურქეთიც ამზადებს და მათი სამშვიდობო ინიციატივა რა იქნება ჯერჯერობით გაურკვეველია", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ მოცემულობით არც უკრაინა არ წავა არავითარ შემთხვევაში მოლაპარაკებაზე და არც დასავლეთი.

„თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრუოებას ხელი ამ მოცემულობით მოეწერა, ეს საერთაშორსო სამართლის დარღვევა იქნება. გამოდის, რომ ამით რუსეთი დაიკანონებს უკრაინის ტერიტორიების 20%-ს - ყირიმის ნახევარკუნძულს, დონბასის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ხარკოვის ოლქების ნაწილს. ბუნებრივია ამაზე არც უკრაინა და არც დასავლეთი არ წავა. პუტინს უნდოდა ამით ეჩვენებინა, რომ თითქოს ისაა მშვიდობის მომხრე და უკრაინას არა.

„როგორც ჩანს, პირობებს უკვე დასავლეთი დააყენებს, ნელ-ნელა რუსეთს „ახრჩობენ", სანქციებიც გვიან მუშაობს და რუსეთის ეკონომიკა ჯერ არაა ჩამოშლილი, მაგრამ ეს ძირითადად იმიტომ, რომ რუსეთის ბიუჯეტი ერთი მესამედი სამხედრო სფეროზეა მიმართული. საბჭოთა კავშირის ეკონომიკაცსაც სადღაც 5-6 წელი დასჭირდა, რომ ჩამოშლილიყო და ახლაც ასეთი მდგომარეობაა",- განაცხადა ჩიტაძემ „რეზინანსთან".

რა მიზანი აქვს რუსეთის ნავთობრეზერვებზე უკრაინის შეტევას

როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბოვი აცხადებს რომ ქალაქ აზოვში, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების რეზერვუარებსცეცხლი გაუჩნდა. მისი ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები არიან ჩართული.

„აზოვში, დრონით თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის", - წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს თავდასხმები რუსეთისთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან ნავთობი ვალუტის მიღების „უებარი საშუალებაა".

„რუსეთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოა, ეს ვალუტის მიღების ერთ-ერთი უებარი საშუალებაა და მისთვის ენერგოუსაფრთხოების კრიტიკულ ობიექტებზე ნებისმიერი თავდასხმა ძალიან მტკივნეულია. ეს გარკვეულწილად ნავთობის ფასის რყევასაც გამოიწვევს.

„როცა რუსეთი ცდილობს დაამყაროს ვერტიკალური ურთიერთობები ოპეკ-თან (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) და ნავთობზე ფასის მონოპოლიზაცია მოახდინოს, ამ დროს, ამ ობიექტებზე დარტყმა და მისი მოსპობა, ბუნებრივია ძალიან ცუდად მოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე.

„რუსეთს ახლა ეშინია, რომ უკრაინა ციმბირისა და ურალის რეგიონებში არსებულ ნავთობის მარაგებს არ მისწვდეს. აქ რუსეთის რეზერვების დაახლოებით 70-80%-ია. უკრაინის დრონებმა თათარსტანსა და ბაშკირეთამდეც კი მიაღწიეს, მაგრამ რამდენად მისწვდებიან ამ რეზერვებს, ეს საკითხავია, რუსებიც კონკრეტულ ზომებს იღებენ.

„რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები გაგრძელდება, უკრაინისთვის ეს მთავარი ამოსავალი წერტილია, ომის ფორმატში ენერგოსტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელონ, რაც ომის ეფექტურად წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტია. ესეც საბრძოლო მოქმედებების ნაწილია, თუმცა, რამდენად ეფექტური იქნება, ამას დრო გვაჩვენებს.

„რაც შეეხება ფრონტს, აქტიური შეტევები არცერთი მხრიდან არ დაწყებულა, რუსებს თავისი პრობლემები აქვს, პუტინმა სამხედრო ხელმძღვანელობა მთლიანად შეცვალა, გუშინ გამოვიდა ახალი ბრძანება, რითაც თავდაცვის მინისტრის ათივე მოადგილე შეცვლილია და სერიოზული ახალი ტიპის გადაჯგუფებებია. კრემლის ახალი ე.წ. სამხედროების კლანიც კი შეიქმნა და არაა გამორიცხული შოიგუც დააპატიმრონ. ჯერჯერობით შიდაკლანური დაპირისპირებებია და ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ჯერჯერობით არ სცხელა, შეიძლება ივლისში წამოიწყოს ახალი ტიპის შეტევა.

„უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებამ, გავლენა გარკვეულწილად იქონია, ხარკოვთან რუსეთის ინტენსიური შეტევები შემცირდა, მაგრამ ტაქტკური უპირატესობა ისევ მათ მხარესაა, ანუ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს მიმართულებით, რუსებს ტაქტიკური უპირატესობა აქვთ",- განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნავთობრეზერვები რუსეთს ომის წარმოებაში და ეკონომიკაში დიდად ეხმარება და თუ დიდი ზიანი მიადგა, ეს გავლენას იქონიებს.

„ნავთობრეზერვები რუსეთს ომის წარმიებაში ეხმარება - ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, სამხედრო მანქანებს, საბრძოლო თვითმფრინავებს საწვავი სჭირდებათ.

„დღეს რუსეთში წელიწადში დაახლოების 400 მილიონ ტონაზე მეტი ნედლი ნავთობი მოიპოვება, სადღაც 20-ზე მეტი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ფუნქციონირებს, თუ ამ ინფრასტრუქტირას ზიანი მიადგება, ბუნევრივია რუსეთს დიდი პრობლემები შეექმნება, მათ შორის ფრონტზე ლოჯისტიკის თვალსაზრისით, ამიტომაცაა რომ უკრაინამ მიზანში ეს ქარხნები ამოიღო", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან"

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×