ელზა პაპოშვილი
22.05.2024

კომისია მიიჩნევს, რომ კანონის არსებული ვარიანტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციას. დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონი ნეგატიურად აისახება შეკრებისა და გამოხატვის, პრივატულობისა და საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე, ასევე გავლენას იქონიებს პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.   

ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ - მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაშია ნათქვამი.

როგორც ვენეციის კომისია განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქართული კანონმდებლობა უკვე მოიცავს პირობებს, რომელიც ვალდებულებებს აკისრებს ორგანიზაციებს რეგისტრაციის, ასევე, ანგარიშების ჩაბარების, მათ შორის დაფინანსების წყაროების შესახებ, დამაჯერებელი ახსნა არ ყოფილა, რატომ არ არის არსებული ვალდებულებები საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ არსებული კანონმდებლობა და პირობები საკმარისი არ არის, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა არსებულ კანონებში ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შესწორებების შეტანა უნდა განიხილონ.

კერძოდ, ვენეციის კომისიის თანახმად, უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარეგულირდეს ევროპულ სტანდარტებთან.  

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა. ანრი ოხანაშვილის შეფასებით, კანონის სამართლებრივი, თანმიმდევრული ლოგიკური ანალიზის ნაცვლად, ვენეციის კომისიამ დაიწყო ქუჩის აქციების შეფასება.

"ვენეციის კომისიამ დაწერა ის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მართლმსაჯულების 2020 წლის გადაწყვეტილებას. ვენეციის კომისია ამბობს, რომ თურმე გამჭვირვალობა არის ცუდი და არადემოკრატიული. საკითხი შეეხება არა სამართლებრივ, თანმიმდევრულ ლოგიკურ ანალიზს, არამედ ვენეციის კომისიამ დაიწყო ქუჩის აქციების შეფასება. აქაც მიკერძოებულად და ცალმხრივად.

თუ ახალი სტანდარტი აქვს ვენეციის კომისიას, რომ, სამართლებრივი ანალიზის ნაცვლად, ქუჩის აქციების კომისიაა, მაშინ აქაც უნდა იყოს ობიექტური და თანმიმდევრული. ეს მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციას აღვივებს და ახალისებს. ეს რატომ გააკეთეს?! - ჩემი პოზიციაა, რომ ამ რადიკალური ჯგუფებისთვის საბაბი მიეცათ, რათა კონკრეტული ახალი რადიკალიზაციის ტალღა დაეწყოთ," - ამბობს ანრი ოხანაშვილი.   

ვენეციის კომისიის დასკვნა თბილისში  პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ დასკვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კანონი ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება.

"ყველა ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობა დახურა ვენეციის კომისიამ. დეტალურად დასაბუთებული აქვს ვენეციის კომისიას, თუ რატომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება და, რაც ყველაზე მთავარია, რატომ ეწინააღმდეგება რუსული კანონი ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამ კანონის არათუ გალამაზებაა შესაძლებელი, არამედ, ერთადერთი, რაც არის შესაძლებელი, გაუქმდეს და გავიდეს პარლამენტიდან," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი უნდა ჩავარდეს.

"ზოგადად, ვფიქრობ, რომ ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია მიღებულ კანონზე პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაიწვიონ სასწრაფოდ და გაუქმდეს, ძალიან იშვიათია," - ამბობს "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძე.   

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პროცესები როგორც  მიმდინარეობდა, უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ „ვენეციის კომისიის“ დასკვნა იქნებოდა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური. ეს მოლოდინიც ახდა და ვენეციის კომისიამ მიიღო სრულიად მისთვის აბსურდი და შეუსაბამო დასკვნა. 

„რა შეიძლება ითქვას დასკვნაზე, რომელიც აფასებს არა კანონს, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას. ვინ აკითხებს ვენეციის კომისიას, როცა ქვეყნის შიდა პოლიიტკურ საქმეში ეჩრება. მას ჰკითხეს კანონის შესაბამისობა სამართლებრივი იყო თუ არა, ჩვენ კი სრულიად პოლიტიკური დასკვნა მივიღეთ. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული კონსტიტუციონალისტებისგან დაწერილი დასკვნა, რომლებიც აი ამ ისტერიკის გავლენის ქვეშ მოხვდნენ, რომელიც საქართველოს მიმართ არის დაწყებული. 

სამწუხაროდ არც პრეზიდენტმა და არც ვენეციის კომისიამ არ დატოვა სივრცე იმისთვის, რომ გარკვეული დისკუსია შემდგარიყო და რაღაცა კონსენსუსამდე მისულიყო სიტუაცია. ფაქტი ერთია, რომ ხელისუფლება ამ კანონს მომავალ კვირას მიიღებს. ძალიან სამწუხაროა, როცა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთი ღია ჩარევა ხდება. არ არის „ოცნება“ ვალდებული ვენეციის კომისიის დასკვნა მიიღოს, რადგან ეს არის მხოლოდ რეკომენდაცია და უნდა გაითვალისწინებს და უნდა არა. არავის ეკითხება თავის ქვეყანაში ვინ რა კანონს მიიღებს, როცა ზუსტად იგივე კანონი ევროპის არა ერთ ქვეყანაში არის და ამერიკაში „ფარას“ სახით“,-ამბობს აბაშიძე. 

მისივე თქმით, ასეთი ღია ჩარევა კარგი იმით არის, რომ  საბოლოო ჯამში მათი ლუსტრაცია მოხდება და საზოგადოება რეალურად დაინახავს რასთან გვაქვს საქმე. 

„ვენეციის კომისიის დასკვნა, რომ ქუჩის აქციებს და აქ შიდა პროცესებს ეხება კარგი იმით არის, რომ ყველა საბოლოოდ დარწმუნდება რაზე საუბრობს საქართველოს ხელისუფლება. მითუმეტეს აგერ აქციაზე ვიხილეთ 4 ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. აბა ერთი რომელიმეს გაებედა და საფრანგეთში ფერმერთა მიერ ჩატარებულ აქციაზე მისულიყო. ან ყვითელ ჟილეტიანების აქციაზე ევლოთ, რა პასუხს მიიღებდნენ  მაკრონისგან და თავად ფრანგებისგან. ეს ხომ ანომალიაა, როცა  ვეყნის  შიდა საქმეებში ასე ღიად ერევიან. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს იმ არჩეულ გზას,  რაც აქვს და ქვეყანაში იქნება კვლავ მშვიდობა და სტაბილურობა. მართალია რადიკალური ოპოზიცია ისევ შეეცდება ქვეყანაში რყევებს, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ“,-ამბობს აბაშიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×