ელზა პაპოშვილი
11.06.2024

ფემიციდის მორიგ უმძიმეს დანაშაულზე მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო და მამაკაცს, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ცოლი მოკლა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსჯა. სასამართლოზე გამოძიების მიერ წარდგენლი მტკიცებულებებიდან გაირკვა, რომ მამაკაცი ალკოჰოლის  ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბლაგვი საგნით ცემის შემდეგ ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, მამაკაცი კი მიიმალა, თუმცა მისი დაკავება სამართალდამცველებმა იმ დღესვე შეძლეს. 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ კაცი მუდმივად სვამდა და შეზღუდული შესაძლებლობის ცოლზე ძალადობდა. მათ ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი მამაკაცის ალკოჰოლ დამოკიდებულების გამო. მკვლელობა სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის დროს მოხდა. 

„საშინლად მოკლა ქალი. ჯერ სცემა, როგორც ამბობენ და შემდეგ დაზიანებები მიაყენა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ცემაში შემოაკვდა. საწყალი ქალი შეზღუდული შესაძლებლობის იყო. ქმარი მუდმივად სვამდა და ამაზე ჰქონდათ კონფლიქტი.

„იმ ღამესაც ნასვამი მისულა, შეკამათებულან და  უცემია. მერე ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა და ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მეზობლებმა მაშინ გაიგეს, როდესაც უკვე სახლში გარდაცვლილი ნახეს და პოლიციაში დარეკეს. 

„ჯერ არავინ იცოდა რა მოხდა. როცა ადგილზე სამართალდამცველები მოვიდნენ და ეს სურათი დახვდათ, მიხვდნენ, რომ რაღაცაში იყო საქმე - ქალი არ იყო ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილი. ქმრის ძებნა რომ დაიწყეს, აღმოაჩინეს, რომ გაქცეული იყო. იმ დღესვე იპოვეს და დააკავეს“, -ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ კი სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარი მკიცებულებები და მამაკაცს განზრახ მკვლელობის გამო კანონით განსაზღვრული ყველაზე მაღალი სასჯელი მიუსაჯა. 

 „ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×