თამთა ჩაჩანიძე
13.06.2024

ერევანში სიტუაცია იძაბება - საპროტესტო გამოსვლები არ წყდება და განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა12 ივნისის პროტესტი სომხეთის პარლამენტის შენობასთან. მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, სულ მცირე 70 ადამიანი კი სამართალდამცავებმა დააკავეს. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო შეთანხმების საფუძველზე ბაქომ დაიბრუნა სომხეთის ტავუშის რაიონთან მოსაზღვრე ოთხი სოფელი.

დაძაბულობის ფონზე, დაგეგმილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენის ერევანში ვიზიტი. წინასწარ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამერიკული მხარე მზადაა განავითაროს თანამშრომლობა სომხეთთან სხვადასხვა სფეროში - მართლმსაჯულებიდან თავდაცვის ჩათვლით. ამის პარალელურად კი ნიკოლ ფაშინიანი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციიდან გასვლას აანონსებს. მიიღო თუ არა უსაფრთხოების გარანტიები სომხეთმა დასავლეთისგან, ჯერჯერობით ანალიტიკოსებს ამის თქმა უჭირთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სიტუაციის დაძაბვა ამით იყოს განპირობებული.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრორუსული ძალები განსაკუთრებით გააქტიურდნენ ერევანში და ეს დიდი ალბათობით ფაშინიანის ხელისუფლების საგარეო კურსს უკავშირდება.

სომხეთში გამოსვლები 20 აპრილიდან გრძელდება, მონაწილეები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. 12 ივნისის აქცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქციის მონაწილეებმა სომხეთის პარლამენტის შენობისკენ მიმავალი, პოლიციის მიერ გადაკეტილი გზების გარღვევა სცადეს. სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად, ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენა. მომხდარი შეტაკების შემდეგ, სამედიცინო დახმარებისთვის 101-მა მოქალაქემ მიმართა. სომხეთის შსს-ს ცნობით, დაშავებულებს შორის 16 პოლიციელია. ნაწილი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, ნაწილი კი მკურნალობას აგრძელებს.

პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, არეულობის პროვოკატორები უნდა დაისაჯონ და „სასულიერო-ფეოდალური ელიტა" სომხეთში მთავრობის შეცვლას ვერ შეძლებს.

„ჩვენ არ ვიქნებით სუსტი მთავრობა, ჩვენ ვიქნებით მოსიყვარულე, თანამგრძნობი, დამხმარე, მხარდამჭერი, ტოლერანტული, მაგრამ არასდროს სუსტი მთავრობა, რადგან ეს სახელმწიფოსთვის კატასტროფაა. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ლეგიტიმურობისა და კანონის ძალით, კანონიერების ძალით, რათა დავიცვათ სახელმწიფო, საზოგადოება, დემოკრატია, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მხოლოდ ხალხს შეუძლია სომხეთში ხელისუფლების შეცვლა, როცა უნდა. თუ სურს, გააკეთებს, თუ არ უნდა, არ გააკეთებს", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

აქვე აღსანიშნავია, რომ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის მუხლით.

9 ივნისს არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ოთხდღიანი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომელმაც მოუწოდა საპარლამენტო ფრაქციებს, მთავრობის გადაყენების მიზნით სამშაბათს რიგგარეშე სხდომა გაემართათ.

საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, სომხეთის მთავრობა დასავლელ ლიდერებთან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ობრაიენი იუწყება 12-14 ივნისს ერევანს ეწვევა. სომხური პრესის ინფორმაციით, სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ობრაიენი სხვა საკითხებთან ერთად სომხეთის გავლით „შუა დერეფნის" ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს. ასევე დაადასტურა ამერიკული მხარის მზადყოფნა, განავითაროს თანამშრომლობა სომხეთთან სხვადასხვა სფეროში - მართლმსაჯულებიდან თავდაცვის ჩათვლით.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დატოვებს, თუმცა მიიღო თუ არა უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთიდან, ანალიტიკოსებს ამის თქმა უჭირთ. ფაშინიანის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან სომხეთის გასვლის შესახებ „შესაძლო გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს არა ამ ორგანიზაციის, არამედ მხოლოდ სომხეთის თავდაცვის შესაძლებლობებზე". დეპუტატის თქმით, „რუსეთს იმედი აქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს არა სომხეთის ხელმძღვანელობაში, არამედ სომეხ ხალხში".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და არაა გამორიცხული, რუსეთი იყენებდეს მოსახლეობაში გაჩენილ უკმაყოფილებას სოფლების აზერბაიჯანისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

„შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია - ის მომენტი, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან გასვლას აპირებს და არცერთ შეხვედრას არ ესწრება, ესეც ფაქტია. ამავე დროს, დემონსტრაციულად ხდება დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრები. ამასთან, პარლამენტის სპიკერის განცხადებებიც პირდაპირ მინაიშნებს იმაზე, რომ სომხეთი უკვე საგარეო პოლიტიკურ კურსს ცვლის.

„რაც შეება საპროტესტო გამოსვლებს, „ტავუში სამშობლოსთვის" - ასეთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნა, მოძრაობას ხელმძღვანელობს ტავუშის არქიეპისკოპოსი გალსტანიანი. საუბარია აზერბაიჯანული მახრისთვის სოფლების გადაცემაზე და როგორც ჩანს კრემლი ეროვნულ თემას კარგად იყენებს, ამ მიმართულებას აძლიერებს და კიდევ რა ძალებს ჩართავს უცნობია. თუმცაღა, მოსკოვი სავარაუდოდ ოპოზიციის ახალ ლიდერს ამზადებს, ჯერჯერობით ვინაობა უცნობია, სავარაუდოდ ესაა რუსეთში სომხური დიასპორის ერთ-ერთი ლიდერი. არის კიდევ ყარაბაღული კლანი - სერჟ სარქისიანის და რობერტ კოჩარიანის დაჯგუფება",- განაცხადა მაისაიამ.

კითხვაზე, რამდენად შეიძლებოდა დასავლეთიდან ფაშინიანს უსაფრთხოების გარანტიები მიეღო „ოდეკაბედან" გასვლის სანაცვლოდ, მაისაიამ გვითხრა, რომ ჯერჯერობით მყარი გარანტიები არ ჩანს.

„ჯერჯერობით მყარი გარანტიები არ ჩანს. თუმცა სომხეთმა საფრანგეთთან საკმაოდ კარგად დაალაგა სიტუაცია, მან დიასპორები კარგად გამოიყენა, ფაქტიურად დიასპორული პოლიტიკაა. მაშინ როცა სომხეთს გარკვეული ტერიტორიები ჯერ კიდევ ეკავა, უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდებოდა რუსეთი და ამიტომაც იყო გარკვეულ დრომდე. დღეს კი სომხეთმა ფსონი საფრანგეთზე დადო, სადაც დიდი სომხური დიასპორაა და, როგორც ჩანს, საფრანგეთმა თავის თავზე აიღო სომხეთის რესპუბლიკის დაცვა და ალბათ ეს ტენდენცია გაძლიერდება.

„თან საერთოდ გაფუჭდა ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის, მანამდე არც თურქეთსა და საფრანგეთს შორისაც იყო კარგი ურთიერთობა, ის თურქეთის ევროკავშირში შეყვანას ბლოკავს. თუმცაღა ფაშინიანის ხელისუფლება არ ივიწყებს, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთიბები უნდა დაალაგოს და სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.

„როგორც განვითარდება მოვლენები სომხეთში, ძნელი სათქმელია - პრორუსული ძალები საკმარისად არიან და მოსკოვს თავისი როგორც ხისტი, ასევე რბილი ძალა ჯერ ბოლომდე არ აუმოქმედებია. თუმცაღა თავად ფაშინიანს მხარდაჭერა აქვს, განსაკუთრებით ურბანისტულ ქალაქებში - ერევანში და სხვა დიდ ქალაქებში. ფაშინიანს იმხელა მხარდაჭერა აქვს, რომ ჯერჯერობით ამ შემოტევებს გაუძლებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×