რეზონანსი
09.06.2024

ტრისტან სარალიძის გარდაცვალებამ ძალიან ბევრ ადამიანს დასწყვიტა გული. მეგობრები და კოლეგები დღემდე ვერ იჯერებენ, რომ საოცარი ადამიანური თვისებებით და იუმორით დაჯილდოებული მსახიობი მათ გვერდით აღარ არის.

ბექა სონღულაშვილი, მსახიობი: „ის ჩემთვის უძვირფასესი პიროვნება იყო, იუმორით აღსავსე. ყოველთვის ცდილობდა, მეორე ადამიანი გაეხალისებინა, ადამიანებისთვის კარგი განწყობა შეექმნა. თეატრში რომ შემოდიოდა, ყოველთვის სიხარული შემოჰქონდა. სცენაზე, რეპეტიციაზე, სუფრასთან - ყველანაირ ურთიერთობაში იუმორით ცხოვრობდა. ბევრ ადამიანს ახარებდა. ჩვენი თეატრისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის მისი წასვლა უდიდესი დანაკლისი იქნება.

თურქეთიდან პირველად რომ ჩამოვიდა, თეატრში მოვიდა. ყველანი დაძაბულები ვიყავით, რა უნდა ჰკითხო ამ დროს ადამიანს, როგორ უნდა დაელაპარაკო... ტრისტანი ჩვეული იუმორით შემოვიდა, შებოჭილობა წამში მოგვიხსნა, გავთავისუფლდით. მან იცოდა საკუთარი დიაგნოზი და სჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მოგვიყვა თურქეთის ამბებს, რომ იქ ძალიან კარგ კლინიკაში მოხვდა, რომ მას ძალიან აფასებდნენ, რომ იქ ბევრი ქართველი ნახა და გაიცნო. თავის ექიმს საჩუქარიც კი გაუკეთა, საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოსვლა ნდომებია და ტრისტანს მოწვევა გაუგზავნია.

თურქეთში მეორედ რომ მიდიოდა, ტელეფონით ველაპარაკე. მითხრა, მივდივარ, ქიმიას გავიკეთებ და ჩამოვალო. მერეც სულ გვქონდა მიმოწერა. ჩვენ ვძმაკაცობდით. მე, ნიკუშა ქაცარიძე და ბატონი ტრისტანი ხშირად ვიყავით ერთად.

ექიმებმა გამოწერეს, აზრი აღარ ჰქონდა იქ გაჩერებას, მეტასტაზი თავზეც აღმოაჩნდა. სიცოცხლის ბოლო რამდენიმე დღე საქართველოში იყო“.

ბესო ბარათაშვილი, მსახიობი: „ტრისტანის ამბავი ძალიან განვიცადე, გავნადგურდი კაცი. როდესაც პროექტზე "სიცილის ზონა" მუშაობა უნდა დამეწყო, მითხრეს, შენ და ტრისტანი პარტნიორები უნდა იყოთო, რამაც ძალიან გამახარა. უნიჭიერესი კაცი იყო და მსახიობისთვის ნიჭიერი პარტნიორი დიდი ბედნიერებაა. ჩვენ ძალიან მალე დავმეგობრდით, დავძმაკაცდით.

ბოლოს ერთი კვირის წინ რომ ვიყავი მასთან მისული, ძალიან ცუდად იყო. ნახევარი კაცი იყო დარჩენილი, სიარული, ლაპარაკიც უჭირდა. ქიმიის კურსი პირველად რომ გაიკეთა, მაშინ მხნედ იყო. მეუბნებოდა, ტკივილები აღარ მაქვს, ჭამაც დავიწყეო. ეს დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული“.

კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×