რეზონანსი
21.05.2024

ამ შემთხვევაში მეტი შესაძლებლობა რა თქმა უნდა, აქვს ამერიკულ მხარეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ამ გზაზე ბუნებრივია, ვერაფერი შეგვაჩერებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში" გამოცემა POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი კახიანის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ამ შემთხვევაში მეტი შესაძლებლობა რა თქმა უნდა, აქვს ამერიკულ მხარეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ამ გზაზე ბუნებრივია, ვერაფერი შეგვაჩერებს. კანონი, რომელიც ამჟამად ვეტოს ეტაპზეა, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში რას ვხედავთ - გაუთავებლად მცდელობას, რომ სტაბილური ვითარება არ იყოს. ეს სხვადასხვა ფორმით ხდება. ქვეყანას ბოლოს და ბოლოს სიმშვიდე უნდა. გამჭვირვალობა ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამის წინაპირობა და გარანტია იქნება. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, ამავდროულად იმას, რასაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს. ეს ჩანს სოციალური კვლევების გარდა იმ განწყობებშიც, რომლებიც არის საზოგადოებაში. თუ კარგად დავაკვირდებით, ასე იკვეთება და ასე ჩანს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი სწორედ რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობის კანონის მიღებას", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობით.

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამერიკულ მხარეს ძალიან მარტივად შეუძლია, მართლაც ის ნაბიჯები გადმოდგას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო მყარს და მჭიდროს გახდის. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ამის მოლოდინიც არსებობს და მივესალმებით ყველაფერს ამას. საქართველო ყოველთვის იყო მონდომებული და დაინტერესებული, რომ შეერთებულ შტატებთან გვქონდეს ძალიან ახლო, მჭიდრო ურთიერთობა და შემთხვევითიც არ არის, რომ ამ ურთიერთობას სტრატეგიულ ვუწოდებთ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

აშშ-ს შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტი გამოუყოს, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×