რეზონანსი
06.06.2024

პუტინი იმუქრება და  დასავლეთს აფრთხილებს, რომ რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუ მის სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება.  პუტინმა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მსგავსი იარაღი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს დასავლეთის სამიზნეებზე დარტყმისთვის.

მისივე თქმით, რუსეთის პასუხი შესაძლოა იყოს ასიმეტრიული და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა უნდა იცოდნენ „რას ეთამაშებიან“. ეს განცხადება პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ 31 მაისს უკრაინას მიეცა მოკავშირეების მხრიდან მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება. 

გასულ კვირას უკრაინის არაერთმა მოკავშირემ განაცხადა, რომ კიევს შეუძლია გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დატყმებისთვის და თავის დასაცავად.    

„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შესაძლებელია ასეთი იარაღის გაგზავნა საბრძოლო ზონაში, რათა ჩვენს ტერიტორიაზე დარტყმები მოხდეს და შეგვექმნას პრობლემები, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება გავაგზავნოთ ჩვენი იგივე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ?“ - თქვა პუტინმა.

„კონფლიქტის ზონისთვის იარაღის მიწოდება ყოველთვის ცუდია" - თქვა პუტინმა ოთხშაბათს სანქტ-პეტერბურგში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებთან. 

მან გამოყო გერმანია, და თქვა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდება პირველი დარტყმა იყო რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებისთვის, მაგრამ რუსეთის შიგნით რაკეტების გამოყენების ნებართვა კიდევ უფრო უარესია.

„ახლა, როცა ამბობენ, რომ კიდევ რამდენიმე რაკეტა გამოჩნდება, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებს დაარტყამს. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ანგრევს რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს,“ - თქვა მან.

პუტინის თქმით, რუსეთი გააუმჯობესებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს შემომავალი რაკეტების განადგურების მიზნით. 

ჯო ბაიდენი კი ამბობს, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი მოსკოვსა და კრემლზე დარტყმებისთვის გამოყენებული არ იქნება. „მათი გამოყენება დაშვებულია მხოლოდ საზღვრის მახლობლად. ჩვენ არ ვაძლევთ ავტორიზაციას რუსეთში, 200 მილის სიღრმეში დარტყმებზე და არც მოსკოვსა და კრემლის მიმართულებით დარტყმებზე,“ - თქვა ბაიდენმა.   

„ბრძოლა დიქტატურასა და თავისუფლებას შორის არასდროს მთავრდება და ჩვენ ამას ვხედავთ აქ, ევროპაში. ამის ნათელი მაგალითია უკრაინა, სადაც შეიჭრა ტირანი. უკრაინელები იბრძვიან მამაცურად, განიცდიან დიდ დანაკარგებს, მაგრამ არასდროს ნებდებიან. თავად რუსეთი განიცდის დიდ დანაკარგებს. 350 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა, თითქმის ერთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა რუსეთი, რადგან იქ მომავალს ვეღარ ხედავენ. აშშ, ნატო და 50-ზე მეტი ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია უკრაინის გვერდით მტკიცედ დგანან. ჩვენ უკრაინას ზურგს არ ვაქცევთ. თუ ჩვენ ამას ვიზამთ, უკრაინას რუსეთი დაიმორჩილებს და შემდეგ მისი მეზობლები იქნებიან საფრთხეში, მთელი ევროპა იქნება საფრთხეში და ეჭვი არავის შეეპაროს, რომ მთელი მსოფლიოს ავტოკრატები აკვირდებიან ამ მოვლენებს ყურადღებით. ჩვენ არ დავნებდებით, რადგან დიქტატორებისთვის დათმობა მიუღებელია, - განაცხადა ბაიდენმა.  

ჩვენ ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან, – ამის შესახებ კი დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. შტატების ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინი ახსენებს ბირთვულ იარაღს, რადგან უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე საუბრობს და ჯო ბაიდენმა არ იცის, როგორ უპასუხოს ამას. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, მესამე მსოფლიო ომამდე მივა.

ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ, ბაიდენისგან განსხვავებით, სწრაფად მოაგვარებს უკრაინის კონფლიქტს. პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ ახლა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სახიფათო დროა. ამასთან, კვლავ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს უკრაინის ომი და ისრაელზე თავდასხმა არ მოხდებოდა.  

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულია და ეს მხოლოდ ცარიელი ლაპარაკი არ არის. მიიჩნევს, რომ პუტინს ევროპულ ქვეყნებზე დივერსიული ჯგუფებით შეტევის მიტანა შეუძლია და არც ის არის გამორცხული, რომ პოლონეთსაც კი დაარტყას. 

„პუტინის განცხადება და იმის პროგნოზირება რელურად რას იზამს, ძალიან რთულია. სამწუხაროდ, მას აქვს ბევრი ბერკეტი იმისთვის, რომ ევროპაზე ზეწოლა მოახდინოს. აქ ალბათ პუტინი მეორე ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებაში გულისხმობს ერაყში განლაგებულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმას. არაა გამორიიცხული, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყოს დივერსიული თავდასხმები. განსაკუთრებული სამიზნე კი ამ შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებიან. 

„არ გამოვრიცხავ, რომ ის იმაზე შორს წავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მაგალითად დაარტყას პოლონეთს და ახალი ფრონტის ხაზი ვიხილოთ. ან, არაა გამორიცხული, ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რომლითაც საფრთხე როგორც  უკრაინას, ასევე პოლონეთს და სხვა ევროპულ ქვეყნებს დაემუქროს. 

„ამ შემთხვევაში ასევე რთულია იმის პორგნოზირება, რას იზამს ამერიკა. როგორ პასუხს გასცემენ პუტინს და ა.შ. ახლა ამერიკაში ისეთი სიტუაციაა, ასეთი რთული მდგომარეობა მემგონი, როგორც  შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით არ ყოფილა. უკრაინის ომზე აქ აზრი ორად იყოფა, ამიტომ ვინ რას იზამს და იმოქმედებს, ამაზე პროგნოზი რთულია“, - ამბობს მაისაია. 

მისივე თქმით, არაა გამორიცხული ამ ფორმით რუსეთმა ევროპაზე ზეგავლენა მოახდინოს და მისი დაშანტაჟება დაიწყოს. მაისაია შიშობს, რომ შესაძლოა ამან ევროპის ერთიანობა გატეხოს. ამით კი პუტინმა  შეძლოს და ევროპის მეშვეობით უკრაინაზე მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად ზეწოლა მოახდინოს. ამიტომ საფრთხე რეალურია და პუტინს ამ მუქარის აღსრულების რესურსი ნამდვილად გააჩნია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×