რეზონანსი
21.05.2024

თბილისის მერი კახა კალაძე გამოცემა "პოლიტიკოს" მიერ MEGOBARI Act-ის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბურთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარესაა. კალაძე მათ "შანტაჟში" სდებს ბრალს და ამბობს, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

თბილისის მერი ასევე ამტკიცებს, რომ ვერცერთ მაგალითს ვერ დაასახელებენ, რომ მათ რაიმე არასწორი გაეკეთებინოთ ან ისეთი ნაბიჯები გადაედგათ, რომელიც "რუსულ ინტერესებში" შედის.

"გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ასევე ის შანტაჟი, რომელიც ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ხდება, ესეც მიუღებელია. გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ეს არის მოლაპარაკებების გახსნა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან, ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, ეს არის პირდაპირი ფრენები. თუ ეს მიდგომა და დამოკიდებულება იქნება და დავინახავთ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორისგან არა მხოლოდ სიტყვებით და ჯერ არავინ არ იცის ეს ინიცირებული კანონპროექტი სად იქნება და რა დონემდე მივა. თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს შეუძლიათ გადადგან, რა თქმა უნდა, კანონის აუცილებლობაც არ იქნება საჭირო. ბურთი არის მათ მხარეს. საქართველო, ჩვენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოყოლებული 2012 წლიდან დღემდე, თქვენ ვერ მოიყვანთ, ვერც თქვენ, ვერც თქვენი პატრონები ვერცერთ მაგალითს, რომ ჩვენ რაიმე არასწორი გაგვეკეთებინოს ან ისეთი ნაბიჯები გადაგვედგას, რომელიც რუსულ ინტერესებში შედიოდეს," - აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოცემა "პოლიტიკომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა კონგრესში ამ კვირაში წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ამერიკამ საქართველოს შესაძლოა გამოუყოს დახმარების პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით. გარდა ამისა, "პოლიტიკოს" ცნობით, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც მოითხოვს.

ქართულმა ოცნებამ კი დღეს საპასუხო განცხადება გაავრცელა, რითაც აშშ-ს შემოთავაზებაზე უარი თქვა და რუსული კანონი აირჩია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×