რეზონანსი
26.06.2024

საკანონმდებლო პაკეტი "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა. დეპუტატებმა იმსჯელეს ამავე შინაარსის საკონსტიტუციო ცვლილებებზეც.

სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან მხოლოდ "გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი იყო. სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები მსჯელობაშიც არ ერთვებიან, ვინაიდან ინიციატივას "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს უწოდებენ.

"ქართული ოცნების" წევრებმა თავიანთ გამოსვლაში აღნიშნეს, რომ ოპოზიციის არ ყოფნა ამ საკითხთან მიმართებაში მათ პოზიციაზე მიუთითებს.

"ოპოზიციური ფრთის სკამები საქართველოს პარლამენტში დღეს ცარიელია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ცარიელი სკამები არ გამოხატავს კონკრეტულ პოზიციას, ის ძალიან ცდება, რადგან ეს სკამები, სინამდვილეში, ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები მხარს უჭერენ ლგბტ პროპაგანდას ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

კოლეგას დაეთანხმა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და დასვა კითხვა - მათი აზრით, მოსალოდნელია თუ არა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ კანონსაც ვეტო დაადოს.

"ოპოზიციის არყოფნა და მხოლოდ ჩვენი ორი ოპონენტის ყოფნა დარბაზში ნიშნავს იმას, რომ ქართული ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა დღეს ლგბტ პროპაგანდის მხარესაა, ხოლო ჩვენ - მისი აკრძალვის მხარეს. რა მოლოდინი გაქვთ, გაბედავს თუ არა ე.წ. პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვეტო დაადოს იმასაც, რასაც ახლა ჩვენ განვიხილავთ,"-განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

რატი იონათამიშვილმა, დასმული კითხვის პასუხად, აღნიშნა, რომ პრეზიდენტისგან ვეტოს დადება უფრო მოსალოდნელია, ვიდრე - პირიქით.

"სალომე ზურაბიშვილისგან არაფერი არ არის გამორიცხული, ვინაიდან ის არ გამოხატავს საკუთარი ამომრჩევლის, ქართველი საზოგადოების ნებას, ის მხოლოდ დავალებების ნების გამომხატველია და, შესაბამისად, ვეტო მისგან უფრო მოსალოდნელია, ვიდრე არაა მოსალოდნელი. თანავუგრძნობ მის საპარლამენტო მდივანს, რომელსაც ამ ვეტოს გამოტანა მოუწევს საქართველოს პარლამენტის წინაშე," - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერს რატი იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×