"თუკი სანქციების საკითხი მოიხსნება დღის წესრიგიდან, მაშინ შედარებით იოლად ჩაივლის ყველაფერი"
ქეთო გოგოხია
20.05.2024

მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, როცა ადგილი აქვს ლარის გაუფასურებას და ფინანსური ბაზრებზეც გარკვეული არასტაბილურობაა, ინფლაციის რისკიც გაიზრდა. მართალია, ეკონომისტები ირწმუნებიან, რომ ფასების ზრდა არ გვემუქრება, მაგრამ საუბრობენ იმაზეც, რომ სიტუაცია ხშირად არაპროგნოზირებადია და არ არის გამორიცხული, ლარის ვარდნის შემდეგ ინფლაციური პროცესები რეალური გახდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი სანქციებთან დაკავშირებით მუქარა სისრულეში მოვა.

ყოველ შემთხვევაში, დიდია ალბათობა, რომ ბიზნესმა მიმდინარე პროცესებზე რეაგირება გაზრდილი ფასებით მოახდინოს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ინფლაციური პროცესები ახლა დიდწილად დამოკდიებულია ეროვნული ბანკის ქცევაზე,  რამდენად გაართმევს თავის ძირითად ვალდებულებას და რამდენად შეინარჩუნებს არსებულ სიტუაციას, რომელსაც ლარის კურსის შემდეგ შესაძლოა, გარკვეული საფრთხე დაემუქროს.

უახლოეს დღეებში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა და ალბათ განაკვეთის შემცირებაზე საუბარი არც კი იქნება, რადგან ლარის კურსიც საფრთხეშია და ინფლაციური რისკიც გაზრდილია.

ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ყველაზე მეტად ინფლაციაზე სანქციები იმოქმედებს, თუკი კონკრეტულ ჩინოვნიკებს დაუწესდებათ, რაც ქვეყნის იმიჯზეც ნეგატიურად აისახება და ბიზნესი რბ შესაბამის რეაგირებას გაზრდილ ფასებში ასახავს.

,,ინფლაცია ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება. ამ მხრივ თავს ართმევს ეროვნული ბანკი და არ არის ნიშნები იმისა, რომ გაგვექცეს პროცესი და პროდუქცია გაძვირდეს. თუმცა ისიც ცხადია, რომ რაც ხდება, დადებით მოლოდინს არ ქმნის და სამომხმარებლო ბაზარზე რაღაც პროცესები შეიძლება დაიწყოს კიდეც, მაგრამ კონტროლი სებ-ის მხრიდან ალბათ მოხერხდება. თუკი გარკვეული დასახელების საქონელზე ფასი მოიმატებს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ინფლაციაზე დიდ გავლენას მოახდენს.

დღევანდელ ეკონომიკაში მოლოდინზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, სხვადასხვა განცხადებს ვისმენთ, სადაც მინიშნებებია, რომ შესაძლოა, კონკრეტულ ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესონ, რაც, თავის მხრივ, უარყოფით მოლოდინს ზრდის,  ქვეყნის იმიჯისთვისაც არ არის კარგი.

მიუხედავად ამისა, რაიმე რყევებს ინფლაციის კუთხით არ ველოდები, მაგრამ არც გამოვრიცხავ. ისეთი გაურკვევლობაა, რომ წინასწარ რთულია პროგნოზი, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება კეთდება. მთავარია, სანქციების საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან, სხვა მხრივ ეკონომიკაში ნეგატიური პროცესი, მათ შორის, ინფლაციასთან დაკავშირებით, ნაკლებად სავარაუდოა", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" მერაბ ჯანიაშვილმა.

განსხვავებული მოსაზრებისაა ეკონომისტების მეორე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარება შესაძლოა, ინფლაციისთვის დამატებითი წნეხი აღმოჩნდეს. როგორც ეკონომისტმა გივი მომცელიძემ აღნიშნა, რაც დღეს ხდება პოლიტიკასა და ეკონომიკაშიც, ინფლაციისთვის სტიმულის მიმცემია, თუმცა ცვლილება მკვეთრი ალბათ არ იქნება.

მისი აზრით, ფასების ზრდასა და ლარის კურსის სტაბილურობაზე უფრო მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება. მით უმეტეს, რომ მიმდინარე პროცესების გამო ინფლაციის რისკები გაზრდილია. ეს ნამდვილად მოიტანს არასასურველ შედეგს, თუ საფრთხის ასაცილებლად შესაბამისი ღონისძიებები არ გადაიდგმება.

,,წლევანდელი წელი ინფლაციის მხრივ მეტ-ნაკლებად სტაბილურია. პრობლემა, ფაქტობრივად, დაძლეული იყო, მაგრამ ახლა პოლიტიკური პროცესების გამო რისკმა ერთბაშად მოიმატა. ამ მხრივ გარკვეული არასტაბილურობაა, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ფასების მკვეთრი ზრდის საფუძველი გახდეს, მცირე სხვაობა კი ნამდვილად მოსალოდნელია.

დღეს რთული სავარაუდოა როგორი იქნება ლარის კურსი მომავალში. როდესაც საქმე ეხება ინფლაციას აქ მაინც უნდა გამოვიდეთ მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორებიდან გამომდინარე. შესაბამისად, თუ მოთხოვნის კლება დაიწყება, ცხადია, რომ ეს რაღაც პერიოდში ფასების დონეზეც აისახება. ჩვენ პრობლემა გვემუქრება უშუალოდ იმ დაძაბულობის ფონზე, რაც საპროტესტო აქციების გამო შეიქმნა ქვეყანაში და აზარალებს როგორც ლარის კურსს, ასევე ეკონომიკური სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია. არ გამოვრიცხავ, ამით ბიზნესმა ისარგებლოს და გარკვეულ პროდუქციაზე ფასი გაიზარდოს", - განუცხადა მომცელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

ინფლაციასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკმა  ბოლო მონაცემი ამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და იგი აპრილს შეეხება.

აღნიშნულ პერიოდში, მარტთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ბენზინის 3.1%-იანი გაძვირება იყო, რამაც ინფლაცია 0.1 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სხვა პროდუქტებიდან გამოსარჩევია სეზონური ფაქტორების გამო ვაშლის გაძვირება, რამაც თვის ინფლაცია ასევე 0.1 პპ-ით გაზარდა, ხოლო იმერული ყველის გაიაფებამ 0.3 პპ-ით შეამცირა ფასების ინდექსი.

,,წლიურ ჭრილში აღსანიშნავია სურსათის 1.9%-ით გაიაფება, რის გამოც ინფლაცია 0.6 პპ-ით შემცირდა. სურსათიდან გამოსარჩევია მზესუმზირის ზეთის, პურის, კარტოფილის და ყველის ფასების კლება, რამაც ინფლაცია ჯამურად 1.2 პპით შეამცირა. მეორე მხრივ, ბენზინის, საბანკო მომსახურებისა და ვაშლის გაძვირებამ ინფლაცია 1.6 პპ-ით გაზარდა“, - აღნიშნულია „თვის მიმოხილვაში“

შეგახსენებთ, რომ აპრილში წლიური ინფლაცია გასულ თვეებთან შედარებით გაიზარდა და 1.5% შეადგინა, თუმცა კვლავ მიზნობრივი, 3%-იანი, მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. მარტთან შედარებით სამომხმარებლო პროდუქტების ფასმა 0.3%-ით მოიმატა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×