ელზა პაპოშვილი
21.06.2024

ტრეფიკინგის უმძიმესი ფაქტი - სამი ქალბატონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა გოგონას ფულის სანაცვლოდ მამაკაცების სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა, მიღებულ თანხას კი ერთმანეთში იყოფდნენ. ისინი უკვე დააკავეს. გამოძიება აცხადებს, რომ ამის დამადასტურებელი ფარული ჩანაწერები აქვთ. ქალებთან ერთად დაკავებულია ერთი მამაკაციც, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

დანაშაული, სავარაუდოდ, ანონიმური სატელეფონო ზარის საფუძველზე გაიხსნა. პოლიციამ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფარული მიყურადღება და თვალთვალი. საქმეში არსებული ფარული ჩანაწერებით დგინდება, რომ დაკავებული ქალები შშმ პირს კაცების სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ. 

ადვოკატები ამბობენ, რომ ამ ეტაპისთვის დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, ხოლო დაცვის მხარე მტკიცებულებს ეცნობა. საქმე კი საკმაოდ მოცულობითია. 

რაც შეეხება დაკავებულ მამაკაცს, რომელსაც დანაშაულის  შეუტყობინებლობას ედავებიან, ის ამბობს, რომ სატელეფონო კომუნიკაციით მას ჰქონდა ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ, თუმცა ზუსტად არაფერი იცოდა. 

„დანაშაულის შესახებ ჰქონოდაო ინფორმაცია და სწორედა ამას ედავებიან - ვითომ მიღებული ინფორმაცია დამალა. ის სახლში დააკავეს. ამბობს, რომ დაზარალებულ გოგოს ფიზკურად არ იცნობს. არ იცოდა ზუსტად რაზე იყოს საუბარი. რაღაცას ტელეფონით მოჰკრა ყური, მაგრამ ის რომ ამ საქმეში ჩართული თავად ყოფილიყო, გამორიცხულია. რაღაც ყურმოკრულის გამო დააკავეს“, - ამბობს დაკავებული მამაკაცის ერთ-ერთი ახლობელი „რეზონანსთან“.

გამოძიების მასალების მიხედვით კი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონაზე ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ამას ადასტურებს ფარული აუდიო-ჩანაწერები, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა, თუმცა მის ავთენტურობას ადვოკატები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

პროკურატურის ცნობით, ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე სამ პირს, ხოლო აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება უკვე წარედგინა.

ახლა ოთხივე დაკავებული ხმაურიანი სასამართლო პროცესის მოლოდინშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×