
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პარლამენტის წევრს, ლიზა იასკოს სასამართლოში შეტანილ სარჩელს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელთანაც საერთო ქალიშვილი ჰყავს.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ დიდ პატივს სცემს ლიზას, რომელიც რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის მათ შვილს.
"ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს საერთო ქალიშვილ ჟასმინს ეხება.
მე დიდ პატივს ვცემ ლიზას, რომელიც, როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მამაცურად შრომობს თავისი ქვეყნისთვის და ჩვენს მშვენიერ ქალიშვილ ჟასმინს უკიდურესად რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის," - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი მისი პატიმრობის შემდეგ დაიბადა, ზრუნავს მის კეთილდღეობაზე, გიული ალასანია კი ფინანსურად ყოველთვიურად ეხმარება, 2022 წელს კი კიევში მდებარე ბინაც აჩუქა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ დაიბადა, მე ის ძალიან მიყვარს და გულწრფელად ვზრუნავ მის კეთილდღეობაზე. სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს შესაძლებლობა, ვნახო ჩემი ქალიშვილი.
ამიტომ, დედაჩემი, გიული, რამდენჯერმე ესტუმრა მას კიევსა და ევროპის სხვა ქალაქებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურად ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს.
გარდა ამისა, დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა.
რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი სრულად ვართ პასუხისმგებელი ჟასმინზე და ყოველთვის ვიზრუნებთ მასზე.
იმედი მაქვს, მალე გავთავისუფლდები, რათა პირადად შევძლო ჩემს ქალიშვილთან ყოფნა და მისთვის მშობლის სიყვარული და მზრუნველობა გავუზიარო", - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტის წევრი ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან, რომელთანაც საერთო ქალიშვილი, ჟასმინი ჰყავს - სამართლებრივ დავაშია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილიდან იგი სასამართლოს მეშვეობით სააკაშვილისთვის ალიმენტის გადახდის დაკისრებასა და მისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით, ალიმენტის გადახდის საკითხი ბევრად უფრო ადვილად გადასაჭრელია, ვიდრე მშობლის უფლებების ჩამორთმევა. სასამართლო პროცესი 2026 წლის აპრილიდან მიმდინარეობს.