
თვითონ იციან ძალიან კარგად, როგორი რეჟიმიც არსებობდა 2004-2012 წლებში, იციან, რა ძალა არის ეს და ამ ძალასთან ერთად კოალიციას ქმნიან. არათუ მყისიერად ემიჯნებიან, წლების შემდეგ დადასტურებული ფაქტები რომ იციან, არამედ მათთან ერთად კოალიციას ქმნიან, მათთან ერთად ცდილობენ, რომ გარე დავალების მიმცემებთან იარონ, მათი ინსტრუქტაჟი მოისმინონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესზე და ოპოზიციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო წერილი მისწერეს ჯოზეფ ბორელს, სადაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებს ითხოვდნენ.
„საერთო მოღალატეობრივი წერილი მისწერეს ბორელს, სადაც პირდაპირ უწერიათ, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ არჩევნებში გამარჯვება, ამიტომ თქვენ სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან და შესაბამისად, ქართველ ხალხთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეთ და სანქცირებები მოითხოვეთო. სახელმწიფოს კი არ გადაუხადოთ თანხა, სამართლებრივი დახმარება მას კი არ გაუწიოთ, არამედ ლომჯარიას, კაპიტან გიგაურს, სხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცით 120 მილიონიო. როცა ამ ყველაფერს ესენი აკეთებენ ცალ-ცალკე თუ ერთად, ყველა ქმედება მათ მიემართებათ ერთობლივად, როგორც არაკონსტიტუციური ქმედებები.
მათი ქმედებები ბოლო წლებში და ახლაც, შეუძლებელია არ შევაფასოთ როგორც არაკონსტიტუციური, მაგრამ გვაქვს ვალდებულება, რომ სამართლებრივად შეფასდეს 2004-2012 წლების. თავისთავად აღებული, 2012 წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მათი ნამოქმედარი არაკონსტიტუციურია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად არაკონსტიტუციურს ხდის ყველაფერს, როდესაც აქ ლაპარაკია სისტემური და სისტემატური წამების, სისტემის და რეჟიმის შემქმნელ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად კოალიციის შექმნაზე", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.