
პარტიების აკრძალვის შემდეგ, უკვე ყველა ინდივიდუალურად ავიკრძალებით - ასეთია ახალი კანონი და საკონსტიტუციოს მიერ პარტიების გაუქმება პრაქტიკულად ავტომატურად გამოიწვევს ამ შედეგს - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, ხვალ თსუ-ის პირველ კორპუსთან დაგეგმილი აქციით პროტესტის ახალი ფაზა იწყება.
„პარტიების აკრძალვის შემდეგ, უკვე ყველა ინდივიდუალურად ავიკრძალებით - ასეთია ახალი კანონი და საკონსტიტუციოს მიერ პარტიების გაუქმება პრაქტიკულად ავტომატურად გამოიწვევს ამ შედეგს. დიახ, ასი ათასობით ადამიანს პოლიტიკაში ყოფნის უფლება აღარ ექნება. თან შერჩევით - მხოლოდ მათ, ვისაც ბიძინა გადაწყვეტს. დიახ, პოლიტიკის კეთების ლიცენზიას ამიერიდან ივანიშვილი გასცემს.
არ აგერიოთ ამომრჩევლის აკრძალვაში: ხმის მიცემა გაცილებით მეტ ადამიანს ან აღარ შეუძლია, ან აზრს ვერ დაინახავს, რადგან მათი ფავორიტი პარტიები ბიულეტენში უბრალოდ არ იქნებიან. ასეთი უკვე საქართველოს მილიონ ნახევრამდე ადამიანია, ოპოზიციის ასაკრძალი სუბიექტების ამომრჩეველს და ემიგრანტებს თუ დავაჯამებთ.
პოლიტიკური ლიდერების, მოქმედი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გარდა, პოლიტიკაში ყოფნა ეკრძალებათ ე.წ. დაკავშირებულ პირებსაც: სრულიად განუსაზღვრელ პირთა წრეს, რომლებადაც შეიძლება ჩაითვალონ, მაგალითად, ყველა ჩემი ოჯახის წევრი, არასრულწლოვანი შვილებიც კი (რომლებმაც ქართული შესანიშნავად იციან, ქოცებო, რა სამარცხვინო ნაძირალობებსაც არ უნდა წერდეთ მათზე), ჩემი მეგობრები, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ჩემი გათავისუფლება მოუთხოვია, პარტიისთვის ფული შემოუწირია, ჩემი მხარდამჭერი კომენტარიც კი გაუკეთებია და ასე შემდეგ და შეუზღუდავად.
ასე რომ, პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა.
ხვალ, 7-ზე, თსუ-ის პირველ კორპუსთან! ვიწყებთ პროტესტის ახალ და, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვან ფაზას:
საქართველო ივანიშვილის გარეშე!
ps როცა ცვლილების ყველა არხი იხშობა, მდინარე იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ ჯებირი გაარღვიოს. ეს უნდა გვახსოვდეს“,- აცხადებს გვარამია.