ტვითნაკადი კიდევ მოიმატებს და ტრანზიტულმა მანქანებმა თბილისი არ უნდა გადაკვეთონ
ირმა ჩიტაია
20.10.2026

თბილისის სატრანსპორტო კოლაფსისა და მძიმე ტრანზიტული ნაკადის განტვირთვის მიზნით, დედაქალაქის შემოვლითი გზის პროექტი იწყება. ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის ინფორმაციით, უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც წიწამური-ავჭალის მონაკვეთზე 4-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი პრევენციული ნაბიჯია, სპეციალისტები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ დედაქალაქი დიდი ხანია ფართომასშტაბიან შემოვლით მაგისტრალს საჭიროებს, რომელიც ტრანზიტული ტრანსპორტის მოძრაობისაგან თბილისს სრულად აარიდებს. 

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნისა და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის, ისე დედაქალაქის საგზაო ქსელის განტვირთვისთვის. პროექტის დასრულება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოსახლეობის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

სავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის პირველი ეტაპი რთულ საინჟინრო ამოცანებს აერთიანებს: წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე აშენდება ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბია. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ხიდების, სატრანსპორტო კვანძებისა და სხვა საჭირო ხელოვნური ნაგებობების მოწყობას.

მინისტრის განცხადებით, თბილისის შემოვლითი გზის სხვა მონაკვეთებზეც მოსამზადებელი პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს და ინიციატივა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს.

„თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პირველი ეტაპის ფარგლებში კონტრაქტორთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება. რამდენიმე დღეში გამოვლინდება მესამე მონაკვეთის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ასევე გაფორმდება ხელშეკრულება. გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს თვეებში მეოთხე და მეხუთე მონაკვეთებზეც სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავა“, - განაცხადა სოხაძემ.

სატრანსპორტო სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრობლემის ფუნდამენტურად მოსაგვარებლად მხოლოდ ერთი მცირე მონაკვეთი საკმარისი არ იქნება და საჭიროა ერთიანი სტრატეგია. ექსპერტ გელა კვაშილავას მიაჩნია, რომ პროექტის სრულად განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს გავლით ტვირთების ნაკადი ყოველწლიურად იზრდება.

„ზოგადად, ტრაილერებისა და დიდი მანქანების შესვლა ყველა დიდ ქალაქში შეზღუდულია. ცხადია, თბილისსაც უნდა ჰქონდეს ისეთი შემოვლითი გზა, რომელიც სატვირთოების მოძრაობას დაარეგულირებს. მნიშვნელოვანია პროექტის სრულად განხორციელება. მოგეხსენებათ, ინტენსიურია საქართველოს გავლით გადაზიდული ტვირთების მოცულობა და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. ვხედავთ, რომ ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობაც გააქტიურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში ტვირთნაკადი კიდევ უფრო მოიმატებს.

ასე რომ, საქართველოს გავლით შემომავალ ტვირთებზე და შუა დერეფანზე მუდმივად მიმდინარეობს საუბარი. თუკი ჩვენ მოვიაზრებით, როგორც სატრანზიტო კვანძი, რომელიც ორ კონტინენტს ერთმანეთთან აკავშირებს, მაშინ დედაქალაქის თანამედროვე შემოვლითი გზა გარდაუვალი და აუცილებელია. იგი სრულად უნდა ემსახურებოდეს დიდი გამავლობის ავტომობილებს, რაც ბუნებრივად განტვირთავს ქალაქს საცობებისაგან“, - აღნიშნა გელა კვაშილავამ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და მძღოლებისთვის კომფორტული პირობების შექმნაა, რათა მათ ქალაქის ცენტრში არ მოუწიოთ იძულებით შესვლა.

„მთავარია, გზამ საერთაშორისო სტანდარტებს უპასუხოს. გადამზიდავებს არ უნდა უწევდეთ ქალაქის ცენტრის გავლა. საერთაშორისო შემოვლით გზებზე პრიორიტეტი უნდა იყოს მაღალი სტანდარტი, უსაფრთხოება, კარგი განათება და კომფორტი.

ჩვენ ალტერნატივა არ გვაქვს და ეს ბევრ პრობლემას ქმნის. დედაქალაქში ყოველდღიურად ბევრი შემომავალი ტრანსპორტია და მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტები უნდა ჰქონდეთ, რომ საცობებს ადვილად აარიდონ თავი. ცხადია, საცობში დგომა არავის სიამოვნებს. თუ ალტერნატივა გაჩნდება, ეს ნაკლებად დააწვება ქალაქს და შვებას მისცემს მძღოლებსაც.

რაც შეეხება თავად პროექტს, მთავარია, ზედამხედველობა იყოს სრული. აუცილებელია უსაფრთხოების ყველა კომპონენტის ჩადება და თითოეული ნიუანსის გათვალისწინება. ეს უნდა იყოს საერთაშორისო დონის, მაღალი გამავლობის გზა. შემოვლითი გზა დიდი ხანია თბილისსაც და ნებისმიერ დიდ ქალაქს ესაჭიროება“, - დასძინა ,,რეზონანსს" კვაშილავამ.

პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრობს ორგანიზაცია "ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძეც. მისი შეფასებით, დედაქალაქის შემოვლითი გზების მშენებლობა კრიტიკულად აუცილებელია იმისათვის, რომ სატრანზიტო ტრანსპორტმა ქალაქი გვერდი აუქციოს.

"დედაქალაქისთვის შემოვლითი გზა უმნიშვნელოვანესია. თბილისზე გადის სატრანზიტო კომუნიკაცია და, შესაბამისად, ამ მარშრუტით მრავალი სატვირთო გადაადგილდება, რომლებიც სტანდარტულ გზებზე ხშირად საცობებს ქმნიან. ამიტომ თბილისს სრულფასოვანი შემოვლითი გზები სჭირდება. ტრანზიტული ტრანსპორტი გზებზე შეფერხებას არ უნდა იწვევდეს.

წიწამური-ავჭალის მონაკვეთზე 4-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა იგეგმება, ზოგადად კი, რუსთავამდე 49-კილომეტრიანი მონაკვეთია განსაზღვრული. სავარაუდოდ, ეს პროექტი ქალაქსაც და არსებულ გზებსაც განტვირთავს.

ცხადია, ეს არსებულ პრობლემას ერთბაშად სრულყოფილად ვერ მოაგვარებს, მაგრამ დედაქალაქს აშკარად მისცემს შვებას. გარდა ამისა, ეკოლოგიურ მდგომარეობას ცოტათი მაინც გააუმჯობესებს. როდესაც გარკვეული ტრანსპორტი ქალაქში აღარ შემოვა, ეს ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ მიმართულებით, რადგან საცობები სწორედ ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რაც პირდაპირ აისახება დედაქალაქში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეზე. მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის პროექტები დროულად, სწრაფად და ხარისხიანად განხორციელდეს. რადგან პროცესი უკვე დაიწყო, იმედია, შედეგსაც მალე ვნახავთ“, - განუცხადა ,,რეზონანსს" ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პროექტის წარმატებით დასრულებისთვის მთავარია სწორი მენეჯმენტი, ფინანსების რაციონალურ ხარჯვა და სანდო კონტრაქტორი კომპანიების შერჩევა.

„არაერთხელ გვსმენია პროექტების დროში გაჭიანურების შესახებ, ამიტომაც გადამწყვეტია ისეთი კომპანიის შერჩევა, რომელიც შემოვლით მაგისტრალს დროულად და მაღალი ხარისხით ააშენებს. კარგია, რომ არსებობს ამის ფინანსური რესურსი. ასეთი პროექტები დიდ დანახარჯს მოითხოვს და მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფინანსების ხარჯვა, ისე სამუშაოების შესრულების გრაფიკი მკაცრად და სწორად იქნეს გაწერილი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×