
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს "მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2026-2027 წლის წარმოების დაფინანსება".
საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად, 2026 წლის 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის 18:00 საათამდე ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ პროგრამაში - cinemacom.ge.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროდიუსერებს. მხატვრული ფილმის პროექტის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 52 წუთს.
კონკურსის საექსპერტო კომისიები (ჟიური) წარმოდგენილ პროექტებს ორ ეტაპად განიხილავს. პირველ ეტაპზე საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა პროექტებს შეაფასებს სამი კრიტერიუმით: ფილმის პროექტის მხატვრული ღირებულება; ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების გამოცდილება; ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილება.
მეორე ეტაპზე კი საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა 7 კრიტერიუმით იხელმძღვანელებს: ფინანსური კუთხით პროექტის განხორციელებადობა და მდგრადობა; ტექნიკური დოკუმენტაციის გამართულობა; პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების რეალურობა; პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მოპოვების ვადა; გააჩნია თუ არა შეუსრულებელი ფინანსური ან სხვა სამართლებრივი ხასიათის ვალდებულება ეროვნული კინოცენტრის წინაშე (მათ შორის, დაკისრებული აქვს თუ არა ფინანსური სანქციები); პროექტის კომერციული წარმატების პერსპექტივა; მიღებული აქვს თუ არა დაფინანსება პროდიუსერს ეროვნული კინოცენტრიდან და დადებით შემთხვევაში, პროდიუსერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა (ფილმის დასრულება, გადავადების არსებობის ფაქტი, დაუსრულებელი პროექტი და სხვ.); ხარჯთაღრიცხვის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, თუ რამდენად არის გათვალისწინებული საბაზრო ფასები მისი შედგენისას.
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 500 ათასი ლარი. მაქსიმალური დაფინანსება თითოეული პროექტისთვის 125 ათას ლარს შეადგენს. საკონკურსო პირობებით განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი მაქსიმუმ 4 პროექტს დააფინანსებს.