რეზონანსი
18.05.2024

„არა რუსულ მთავრობას" - ეს უნდა იყოს სლოგანი და მერე ყველაფერი თავისი ლოგიკით განვითარდება - იქნება ეს მათი გადადგომის იძულება თუ არჩევნებში დამარცხება, უნდა მოხდეს კონსტიტუციური, მშვიდობიანი, კანონიერი გზებით, ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფების ძალაუფლებიდან ჩამოცილება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა „ინტერპრესნიუსს" პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი სლოგანი და ბრძოლა კანონის წინააღმდეგ, მარტივად, ბუნებრივად უნდა გადავიდეს სლოგანში "არა რუსულ მთავრობას".

„ისინი პასუხისმგებლები არიან საქართველოს ისტორიის წინაშე - მათ პასუხი უნდა აგონ და ჩვენი მთავარი სლოგანი და ბრძოლა კანონის წინააღმდეგ, მარტივად, ბუნებრივად უნდა გადავიდეს „არა რუსულ მთავრობას", ამ ხელისუფლების ჩამოცილება ძალაუფლებიდან. როგორც კი აღარ გვეყოლება რუსული მთავრობა, ყოველ გაზაფხულზე „რუსულ კანონებთან" ბრძოლა აღარ მოგვიწევს. იქნება ეს მათი გადადგომის იძულება თუ არჩევნებში დამარცხება, უნდა იყოს კონსტიტუციური, მშვიდობიანი, კანონიერი გზებით, ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფების ძალაუფლებიდან ჩამოცილება. „არა რუსულ მთავრობას" - ეს უნდა იყოს სლოგანი და მერე ყველაფერი თავისი ლოგიკით განვითარდება",- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, ეს იქნება პასუხისმგებლობა საქართველოს ისტორიის წინაშე.

„თუ გადაწყვეტენ და ვეტოს მაინც დაძლევენ, ეს მხოლოდ შიდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი არ იქნება, არამედ პასუხისმგებლობა იქნება საქართველოს ისტორიის წინაშე. ამ ადამიანებს უნდათ ჩვენი სახელმწიფოს მიერ საუკუნეების განმავლობაში აღებული გეზი შემოაბრუნონ და გავხდეთ რუსეთის გაგრძელება. ამ გადაწყვეტილებაზეა საუბარი და არა კანონებში, მუხლებში ჩასწორებაზე და დავაზე ამა თუ იმ სიტყვის გარშემო. ძალიან სწორია, რომ პრეზიდენტმა ამ ტიპის ვეტო დაადო და არ შეჰყვა ამ დისკუსიაში და დებატებში კანონის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ფუნდამენტურ, ეროვნულ ნაციონალურ სახელმწიფოებრივ საკითხებზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე და მომავალი თაობის ევროპულ მომავალზეა საუბარი - იცხოვრებენ რუსულ ჭაობში, თუ ევროპულ ქვეყანაში. ეს საკითხია დღეს სასწორზე, ამიტომ მათ ეკისრებათ უდიდესი და უმძიმესი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოსა და მისი ისტორიის წინაშე",- განაცხადა ცისკარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×