თამთა ჩაჩანიძე
26.10.2026

ორდღიანი შესვენების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე განხილვა ორშაბათს განახლდა.

მეოთხე სხდომაზე მხარეებმა საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს, მმართველმა გუნდმა ოპოზიციის წინააღმდეგ ბრალდებები კიდევ ერთხელ გააჟღერა, ოპოზიციამ კი სარჩელის პოლიტიკურ მიზნებზე ისაუბრა.

პროცესს თან ახლდა დაპირისპირება როგორც მხარეებს, ისე ოპოზიციის წარმომადგენელსა და სასამართლოს თავმჯდომარეს შორის.

სხდომაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა განმარტა, კონკრეტულად რა ბრალდებებს უყენებს მმართველი გუნდი თითოეულ ოპოზიციურ პარტიას და რა საფუძვლით ითხოვს მათ აკრძალვას. მათი განცხადებით, ხუთივე პარტიას საერთო ანტიკონსტიტუციური მიზნები აერთიანებს. ცალკე იყო გამოყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერაზე და ეს მმართველი პარტიის მხრიდან სახელმწიფო ინტერესების ღალატად შეფასდა.

საპასუხოდ, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარჩელის მიზანი მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არ არის და მისი დაკმაყოფილება შესაძლოა რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციის საფუძვლად იქცეს.

რა ხდებიდა სასამართლოზე

საკონსტიტუციო სასამართლომ "გახარია-საქართველოსთვის" შუამდგომლობის ის ნაწილიც არ დააკმაყოფილა, სადაც პარტია ჩორჩანას საკითხზე ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ვახტანგ გომელაურის, მამუკა ბახტაძის, არჩილ თალაკვაძის, გია ვოლსკის, სოზარ სუბარის, თეა წულუკიანის და მამუკა მდინარაძის მოწმის სახით დაბარებას ითხოვდა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც კითხვის ნიშნები შეუძლებელია დაისვას, მოწმეთა დაკითხვა ვერ დაკმაყოფილდება" - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ.

სხდომაზე მოსმენის დაწყებამდე რევაზ ნადარაიამ მხარეებს მოუწოდა, პოზიციები მაქსიმალური თავშეკავებითა და კორექტულობით წარმოადგინონ, თავი შეიკავონ ეპითეტებისა და ისეთი განცხადებებისგან, რომლებმაც მეორე მხარის გაღიზიანება და პროცესისთვის ხელის შეშლა შეიძლება გამოიწვიოს. მისი თქმით, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ორივე მხარის პოზიციის შეუფერხებლად მოსმენა.

  • საკონსტიტუციოს თავმჯდომარე ზაზა ბიბილაშვილს: "ირიბად, სასამართლოს თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ, როდესაც ჩვენს მიუკერძოებლობაში ეჭვი შეიტანეთ"

"შესაძლებელია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტები მიუღებელია მოპასუხე მხარისთვის, ისევე როგორც მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები ალბათ მიუღებელი იქნება მოსარჩელე მხარისთვის, მაგრამ მაქსიმალური თავშეკავებით, მაქსიმალური კორექტულობით, ყოველგვარი ეპითეტებისა და მითითებების გარეშე, ისე რომ ამან მეორე მხარის გაღიზიანება არ გამოიწვიოს და შემდგომში პროცესს არ შეუშალოს ხელი.

სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია თითოეული მხარის განმარტება და სასამართლოს მხარეთა პოზიციების - როგორც მოსარჩელე მხარის, ასევე მოპასუხე მხარის პოლიციების მოსმენაში ხელი არ უნდა შეეშალოს", - განაცხადა ნადარაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის მეოთხე სხდომაზე არჩილ გორდულაძემ განმარტა, კონკრეტულად რას ედავება „ქართული ოცნება" ხუთ ოპოზიციურ პარტიას.

ბრალდებები ეხება ოპოზიციურ ალიანსებსა და პოლიტიკურ შეთანხმებებს, ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფას, საგარეო სანქციების ხელშეწყობასა და, „ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერას. მმართველი გუნდი ამ ქმედებებს პარტიების საერთო ანტიკონსტიტუციური მიზნების მტკიცებულებად მიიჩნევს.

საპასუხოდ, ენმ-ს წარმომადგნელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" სარჩელის დაკმაყოფილებამ შესაძლოა 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია გამოიწვიოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დონეზე. მისი შეფასებით, მოსარჩელე მხარე ერთმანეთში ურევს სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობას და კონკრეტული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს პარტიებს მიაწერს. ასევე, მან სარჩელი სამართალწარმოების ბოროტად გამოყენებად შეაფასა.

"მოსარჩელე მხარე შეგნებულად ურევს ერთმანეთში პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ასევე, არ ასხვავებს სახელმწიფოსა და პარტიას და არ ავლებს მათ შორის არანაირ ზღვარს. ერთი მხრივ, კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მიიჩნევს პარტიისა, თუ პარტიების პასუხისმგებლობად და მეორე მხრივ, საკუთარ პარტიას აიგივებს სახელმწიფოსთან, როდესაც ამბობს, რომ მათი პარტიის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა ანტისახელმწიფოებრივია", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

  • ზაზა ბიბილაშვილი მოსამართლეს: "მე რომ ვიყო თქვენ ადგილას, შეურაცხყოფა იქნებოდა, თუ ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი, რომელიც ამ ქვეყანაში ფორმალურად ყველაზე უფრო ძალმოსილი თანამდებობის პირია, იტყოდა, რომ ამ საქმის ბედი გადაწყვეტილია და რამდენიმე დღეა დარჩენილი".

"სარჩელს პასუხობთ თუ ჩვენ გვაკრიტიკებთ ჩვენი გადაწყვეტილების გამო. აცილებას გვიყენებთ თუ რა გინდათ? გარკვეულწილად, ირიბად, სასამართლოს თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ, როდესაც ჩვენს მიუკერძოებლობაში ეჭვი შეიტანეთ - თქვენ გამოხატავთ უპატივცემულობას და ამასაც თავისი ზღვარი ექნება, გაითვალისწინეთ!"- ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ ბიბილაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესის შედეგებთან დაკავშირებით არანაირი ილუზია არ აქვთ.

ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილს სარჩელის შესაგებლის წარდგენა შეაწყვეტინა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მანანა კობახიძის თვითაცილებასა და აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციაზე საუბრობდა.

„იყო თქვენს პასაჟში გაჟღერებული ისეთი მომენტები, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, რომ არ უნდა ილაპარაკონ მხარეებმა. თქვენ სამართლებრივად უნდა გასცეთ პასუხი, რამდენად არსებობს აკრძალვის საფუძველი", - მიმართა ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილს.

როგორც ბიბილაშვილმა საპასუხო რეპლიკაში აღნიშნა, შეურაცხმყოფელი არა მის მიერ გაჟღერებული მოსაზრებები, არამედ იმ მაღალი თანამდებობის პირის განცხადებებია, რომელმაც ბიბილაშვილის თქმით, განაცხადა, რომ „პროცესის ბედი გადაწყვეტილია და რამდენიმე დღეა დარჩენილი".

„ჩემი აზრით, მე რომ ვიყო თქვენ ადგილას, შეურაცხყოფა იქნებოდა, თუ ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი, რომელიც ამ ქვეყანაში ფორმალურად ყველაზე უფრო ძალმოსილი თანამდებობის პირია, იტყოდა, რომ ამ საქმის ბედი გადაწყვეტილია და რამდენიმე დღეა დარჩენილი. ეს არის ადამიანი, რომელსაც კონკრეტული ბერკეტები გააჩნია ამ ქვეყანაში ყველას ცხოვრებასა და კარიერაზე. მე ასეთი, რამე არ მიკადრია. მე არ გამომიხატავს უპატივცემულობა",- განაცხადა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილის შესაგებელში, რომელიც მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გააწყვეტინა, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ის, რომ პროცესის მიმართ არანაირი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, დაადასტურა მანანა კობახიძის თვითაცილებამ და ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციამ, რომელმაც მანანა კობახიძის წარსულში, მის განცხადებებსა და დაკავებულ თანამდებობებში მიუკერძოებლობის ეჭვის საფუძველი ვერ დაინახა.

ვის რას ედავება "ოცნება"

საკონსტიტუციო სასამართლოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოვიდა და განმარტა, რა საფუძვლებით ითხოვს "ქართული ოცნება" ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას. მისი განცხადებით, სარჩელში წარმოდგენილი გარემოებები ამ პარტიების საერთო მიზნებსა და კოორდინირებულ მოქმედებებს ადასტურებს.

გორდულაძემ თითოეული პარტიის შემთხვევაში ყურადღება გაამახვილა ოპოზიციურ ალიანსებში მონაწილეობაზე, პოლიტიკურ შეთანხმებებსა და ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფაზე, რაც, მმართველი გუნდის მტკიცებით, ერთიანი ანტიკონსტიტუციური მიზნების არსებობაზე მიუთითებს.

"ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებასთან კონტაქტების გაწყვეტის, არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის უარყოფის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივებში მონაწილეობისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში „გახარია საქართველოსთვისთან" კოალიციური თანამშრომლობის გამო ედავება.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ხელისუფლება ედავება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთობლივი მოქმედების, ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფისა და „ოპოზიციის ალიანსში" გაერთიანების გამო.

"ძლიერი საქართველო - ლელოს" ოპოზიციურ ალიანსებში მონაწილეობისა და "გახარია საქართველოსთვისთან" 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ გაფორმებული შეთანხმების გამო, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ საერთო კანდიდატების წარდგენასა და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ერთობლივ კამპანიაზე.

"გახარია საქართველოსთვის" - "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციური თანამშრომლობის, მათ შორის, სენაკის საკრებულოში თანამდებობების განაწილების ეპიზოდის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივებში მონაწილეობისა და "ლელოსთან" საარჩევნო შეთანხმების გამო.

"ფედერალისტები" - სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ ოპოზიციურ პლატფორმებში მონაწილეობისა და სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირებული მოქმედების გამო.

საგარეო მიმართულებით "ქართული ოცნება" ოპოზიციას საქართველოს დასანქცირების ხელშეწყობას, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების მცდელობას, უვიზო რეჟიმისთვის საფრთხის შექმნასა და რუსეთთან კონფლიქტის გამწვავებისკენ მიმართულ ქმედებებს ედავება.

  • არჩილ გორდულაძე:"კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმია"

"კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმია, რაც გამოხატულია, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საჯაროდ აქტიურად წარმოებული კამპანიით „4-5-9-25" და 2024 წლის 24 ივნისს 6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ ქალაქ ბრიუსელში ხელმოწერილი ერთობის დეკლარაციით. პოლიტიკური პარტიები „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" და „გახარია საქართველოსთვის" - აგზავნიან წერილს, რომელიც  მოიცავდა, მათ შორის, ხელისუფლებასთან ყველანაირი კონტაქტის გაწყვეტის სურვილს",-თქვა გორდულაძემ. 

გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობას" 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერას ედავება, რომელშიც საქართველოსა და რუსეთის სამხედრო ძალების მიერ სამოქალაქო ტერიტორიებზე ძალის გამოყენების შესაძლო ომის დანაშაულად მიჩნევასა და გამოძიების აუცილებლობაზე იყო საუბარი. მისი მტკიცებით, ამ რეზოლუციის მხარდაჭერით პარტიამ ან ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, ან საკუთარ ქვეყანას დასწამა ბრალი, რასაც სახელმწიფო ინტერესების ღალატად აფასებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×