
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ დისტანციას ინარჩუნებს, ბრიუსელსა და თბილისს შორის პოლიტიკური დიალოგის აღდგენის პერსპექტივა კი ამ ეტაპზე ბუნდოვანია. მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ნაწილი სანქციების დაწესებასა და დამატებითი შეზღუდვების ამოქმედებას უჭერს მხარს, ნაწილი თბილისთან კომუნიკაციის შენარჩუნებისა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების თავიდან აცილების აუცილებლობაზე საუბრობს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ხორვატია, საბერძნეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და იტალია არიან ის ქვეყნები ევროკავშირში, რომლებიც საქართველოს „იოლად გასალახად არვის დაუთმობენ". ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ ხალხს საქართველოზე "მზე და მთვარე არ ამოსდის", მაგრამ იგივე პოლონეთის, ბალტიის ქვეყნების, გერმანიისა, თუ საფრანგეთისგან განსხვავებით, მოვლენებს რეალისტურად უყურებენ.
ამ ფონზე. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აქვს დაგეგმილი ევროპული ვიზიტები - 23 ოქტომბერს კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის 1956 წლის მოვლენების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება უნგრელი კოლეგის მიწვევით, 3 ნოემბერს კი ბრიუსელში, „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ოპოზიციის თქმით, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფიციალური გაფართოების ფორუმზე არმიწვევის ფონზე „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ სამიტში მონაწილეობას იყენებს იმის საჩვენებლად, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას ევროპელ ლიდერებთან პოლიტიკური კონტაქტები შენარჩუნებული აქვს და ქვეყანა ევროპულ გზას კვლავ მიჰყვება. კრიტიკის მთავარი საფუძველი ისაა, რომ 3 ნოემბრის ღონისძიება „ევრონიუსის" ორგანიზებულია და არა ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ, მაშინ, როდესაც 15-16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკომისიის გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება მიწვეული არ არის. შესაბამისად, ოპოზიციის შეფასებით, მედიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკურ ფორმატებში საქართველოს არყოფნას ვერ ჩაანაცვლებს.
„როცა ევროკავშირი არ გიწვევს, „ევრონიუსში" გაჩარხავ მიწვევას და ევროქოცებს გააბრიყვებ, რომ „ღირსებით ევროპისკენ მიდიხარ", - წერს „ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.
ხელისუფლების ბოლო გეგმები ევროპაში
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მთავარი საიუბილეო ღონისძიება, რომლის სტუმრებსაც სიტყვით მიმართავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე 23 ოქტომბერს გაიმართება.
„თავისუფლება, რომელიც ცენტრალურმა ევროპამ საბოლოოდ დაიბრუნა 1989 წელს, არ დაწყებულა 1989 წელს. მისი ისტორიის ნაწილი 33 წლით ადრე, ბუდაპეშტის ქუჩებში დაიწერა. მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება ღონისძიებაზე, სადაც პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა სიმამაცე დღესაც შთაგვაგონებს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს და რომელთა მემკვიდრეობაც კვლავ პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს", - აღნიშნულია პიტერ მადიარის ოფიციალურ მოსაწვევ წერილში, რომელიც კობახიძემ მიიღო.
3 ნოემბერს კი პრემიერი კობახიძე ბრიუსელში, „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამ ინფორმაციას სამიტის ორგანიზატორები ავრცელებენ.
ღონისძიების ფარგლებში ევროპელი ლიდერები და ექსპერტები ევროპის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.
სამიტის მთავარი განსახილველი თემები იქნება ევროკავშირის გაფართოება და კანდიდატი ქვეყნები; ევროპის უსაფრთხოება და რეგიონული პროცესები; ევროკავშირის ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან და ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობა და ინვესტიციები.
საქართველოს „დასჯის" მომხრეები და მოწინააღმდეგეები
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს პოტენციურ მოკავშირეებად შეიძლება განვიხილოთ ხორვატია, საბერძნეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და იტალია, რომელთა წარმომადგენლებმაც საქართველოს საკითხზე განსხვავებული პოზიციები გამოხატეს. მისი თქმით, ამ ქვეყნების არგუმენტი არა საქართველოს უპირობო მხარდაჭერა, არამედ იმის გააზრებაა, რომ ქვეყნის იზოლაციამ შესაძლოა ევროკავშირის გეოპოლიტიკურ კონკურენტებს - რუსეთს, ჩინეთსა და ირანს გაუხსნას გზა.
ანჯაფარიძე „რეზონანსთან" იმაზეც საუბრობს, თუ რა ინტერესები და არგუმენტები დგას საქართველოს მიმართ მკაცრი პოლიტიკის მოწინააღმდეგე და მომხრე ქვეყნების პოზიციების უკან.
„პოტენციური მოკავშირეები არიან პრინციპში ის ქვეყნები, რომლებიც ჩამოვთვალე. ჩემი ინფორმაცია ეყრდნობოდა მათ შორის რიკარდ იოზვიაკის ბოლო ბლოგს, როდესაც იხილებოდა საქართველოს საკითხი გაფართოებულ კონტექსტში და მისთვის შესაძლო სანქციების დაწესება. ამ სახელმწიფოების წარმომადგენლებს, სხვადასხვა აქტივობით და მონდომებით, მაგრამ მაინც გამოთქვეს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან შედარებით, რა განწყობებიც სუფევს ევროკავშირში - რომ საქართველომ დემოკრატიისგან გადაუხვია, საქართველო უნდა დაისაჯოს და უნდა ამოირიცხოს საერთოდ ევროკავშირის პარტნიორობის სიიდან, შეუწყდეს უვიზო რეჟიმი, კანდიდატის სტატუსი და ა.შ.
„ამ ქვეყნებმა ძალიან რაციონალურად დააყენეს საკითხი, რომ ეს ევროკავშირს ზიანის გარდა რას მოუტანს და დაასაბუთეს, რომ ევროკავშირი ამ სადამსჯელო ზომებით ზიანს უფრო მეტს მიიღებს, ვიდრე სარგებელს. ამ ხალხს საქართველოზე მზე და მთვარე კი არ ამოსდის, უბრალოდ სხვებისგან - ვთქვათ, იგივე პოლონეთის, ბალტიის ქვეყნების, გერმანიისა თუ საფრანგეთისგან განსხვავებით - მოვლენებს რეალისტურად უყურებენ, საკუთარ ცხვირს იქით იყურებიან, რომ პერსპექტივაში ეს გამოწვევს საქართველოს გარიყვას ევროკავშირიდან და შესაბამისად, ამით ევროკავშირი ნამდვილად ვერ ისარგებლებს, მაგრამ ისარგებლებენ ევროკავშირის გეოპოლიტიკური მტრები - რუსეთი, ჩინეთი, ირანი - მათი აზრით, ავტორიტარული რეჟიმები",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ამ ხალხს საქართველოზე მზე და მთვარე კი არ ამოსდის, უბრალოდ მოვლენებს რეალისტურად უყურებენ, რომ პერსპექტივაში ეს გამოწვევს საქართველოს გარიყვას ევროკავშირისგან და ამით ისარგებლებენ რუსეთი, ჩინეთი და ირანი".
კითხვაზე, საქართველოს ე.წ. დასჯის მომხრეთა არგუმენტები რა არის, ანჯაფარიზემ გვითხრა, რომ ზუსტად ის, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაშია აღნიშნული.
„რაც ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაშია დაწერილი საქართველოსთან მიმართებით, მათთვის არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია და ამას მერე უკვე თავისებურად აჟღერებენ მინისტერიალებზე, ელჩების შეხვედრაზე, ევროპული საბჭოს სამიტებზე და ა.შ. ასეთი ერთგვარი სინქრონული მოქმედება მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც ევროპარლამენტი იღებს მორიგ ანტიქართულ რეზოლუციას, მას ევროკომისიაში მოკავშირეები ეგულება", - თქვა ანჯაფარიძემ.
დამატებით კითხზვაზე, რას ნიშნავს საქართველოსთვის პოტენციური მოკავშირეების მხარდაჭერა, ანალიტიკოსმა გვიპასუხა:
„უბრალოდ ისინი იმის წინააღმდეგი არიან, რომ ევროკავშირმა არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რომ დასაჯონ საქართველო. როგორც გითხარით, ისინი გამოდიან ევროკავშირის საუკეთესო ინტერესებიდან, რომ არ მოხდეს საქართველოს გარიყვა, იმიტომ, რომ საქართველო მათთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა, მით უმეტეს დაკავშირებადობის კონტექსტში, ასევე შუა დერეფნის გათვალისწინებით, რომელზეც ევროკავშირი დიდ იმედებს ამყარებს და შესაბამისად, საქართველო არის მნიშვნელოვანი რგოლი ამ ყველაფერში; და მეორეც, ისინი, მათი კოლეგებისგან განსხვავებით, უფრო შორს იყურებიან და ალბათ მიიჩნევენ, რომ დროთა განმავლობაში ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.