რეზონანსი
26.10.2026

საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს ოკუპანტი სახელმწიფოს მტკიცება, რომ 2008 წელს მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური, რადგან ამის საფუძველი შექმნა საქართველომ, - ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით არაკონსტიტუციური მიზნების, მათ შორის პოლიტიკური პარტიების აკრძალვა სამართალწარმოების ბოროტად გამოყენების ძლიერ ფორმად არის მიჩნეული. ამასთან, მან ისაუბრა, იმაზე, თუ რა არის მისივე შეფასებით, სარჩელის მნიშვნელოვანი მიზანი.

„სარჩელის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზანია კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის მტკიცება, რომ 2008 წელს მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური, რადგან ამის საფუძველი შექმნა საქართველომ. მინდა ხაზი გავუსვა - არა რომელიმე პარტიამ, არამედ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, შესაბამისად, თქვენმა და ჩემმა სამშობლომ, ჩვენმა სახელმწიფომ. შეიძლება იდავონ, რომ ეს არ არის მიზანი, მაგრამ ვერავინ იდავებს,რომ ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შედეგი იქნება ზუსტად ეს - რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დონეზე.

მოსარჩელე მხარე შეგნებულად ურევს ერთმანეთში პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ასევე, არ ასხვავებს სახელმწიფოსა და პარტიას და არ ავლებს მათ შორის არანაირ ზღვარს. ერთი მხრივ, კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მიიჩნევს პარტიისა, თუ პარტიების პასუხისმგებლობად და მეორე მხრივ, საკუთარ პარტიას აიგივებს სახელმწიფოსთან, როდესაც ამბობს, რომ მათი პარტიის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა ანტისახელმწიფოებრივია“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×