რეზონანსი
22.10.2026

რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს სპეცწარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნას ქართულ ანალიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. მოსკოვში ამ საკადრო ცვლილებას დადებითად უყურებენ და რუსი ანალიტიკოსების ნაწილი ამას „საქართველოს რუსეთისკენ შემობრუნების" დასაწყისადაც აღიქვამს. ამ მხრივ, სავარაუდოდ, ბევრი რამ ნათელი გახდება ნოემბერის დასაწყისში დაგეგმილ ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე, სადაც ქართულ დელეგაციას სწორედ ზურაბაშვილი უხელმძღვანელებს.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი 21 ოქტომბერს დაინიშნა.

„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება, ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილის წარდგენისას.

იმ ფონისა და მოვლენების გათვალისწინებით, რაც წინ უსწრებდა ამ გადაწყვეტილებას, ანალიტიკურ წრეებში გაჩნად მოსაზრება, რომ თბილისი საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი დიპლომატიური ტაქტიკის გამოსაცდელად ემზადება.

ზურაბაშვილის დანიშვნა ემთხვევა პერიოდს, როდესაც მოსკოვი საქართველოს მიმართ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აძლიერებს ზეწოლას. სიტუაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო კვირებში რუსეთის მხრიდან განხორციელებული ნაბიჯები ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნის, რომელიც თბილისზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისკენაა მიმართული.

აფხაზეთის რკინიგზის თემის გააქტიურება

სექტემბრის ბოლოს მოსკოვში გაიმართა ახალი სატრანსპორტო კორიდორის პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით „პუტინის გზა". პროექტი ითვალისწინებს რუსეთსა და ირანს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა-ამუშავებას საქართველოსა და სომხეთის გავლით.

ეს გეგმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნას გულისხმობს, რასაც საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად და კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამ გეგმას ასევე ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოების ნაწილიც.

აფზახეთის რკინიგზის გახსნაზე მოსკოვში პერიოდულად კეთდება ხოლმე განცხადებები. თუმცა, ამჟამად ეს გეგმა ახალი კონცეფციითა და ახალი სახელით იყო წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას აქტიურად ლობირებს სომხეთი, ხოლო „პუტინის გზის" პროექტის კონცეფცია ერთობლივად მოამზადეს რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა ინსტიტუტმა, რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის რუსულ-სომხური ურთიერთობების კვლევის ცენტრმა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული კვლევების ცენტრმა.

ემბარგო, როგორც პოლიტიკური იარაღი

9 ოქტომბერს რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ნაწილობრივი ემბარგო დააწესა. „როსპოტრებნადზორმა" განაცხადა, რომ 9 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით დროებითი სანიტარული ღონისძიება დაწესდა. აკრძალვა შემდეგ კომპანიებს შეეხო: „თელიანი ველი"; „თბილღვინო"; „ძმები ასკანელები"; „ვაინმენი"; „ქართული ლუდის კომპანია"; „კოკა-კოლა"; „ნაბეღლავი".

ხუთშაბათს ამაზე დამატებითი განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ:

„დაწესებული შეზღუდვები მიზნობრივია. ვხედავთ, როგორ ცდილობენ სრულიად რუტინული პროცედურიდან რაღაც პოლიტიკური ფაქტორების შექმნას და სპეკულირებას. აქ არაფრის ძებნა საჭირო არ არის. არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს. არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც გადაეცათ მათ, ვისაც ეს პროდუქცია შემოჰქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში შემოტანას ათობით ქართული კომპანია ახორციელებს. დარღვევები მხოლოდ რამდენიმე საწარმოში გამოვლინდა. ყველა დანარჩენი უპრობლემოდ მუშაობას განაგრძობს ჩვენს ბაზარზე, რომელიც საქართველოსთვის პრიორიტეტულია", - განაცხადა ზახაროვამ.

ამის მიუხედავად, რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური შეზღუდვები მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლისა კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მიღწევის ინსტრუმენტია, როგორც, მაგალითად, სომხეთის შემთხვევაში, სადაც მოსკოვი ემბარგოს შანტაჟით ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეჩერებას ცდილობს.

იძულება „ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე"

ქართულ პროდუქციაზე ნაწილობრივი ემბარგოს ამოქმედების დღესვე, 9 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოითხოვა საქართველოსგან საოკუპაციო რეჟიმებთან (სოხუმსა და ცხინვალთან) „ძალის გამოუყენებლობის შესახებ" შეთანხმების გაფორმება.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა დათანხმდეს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ლემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაწტებას

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი და ზურაბაშვილის მისია

არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი ის პოლიტიკური კონტექსტია, რომლის წინაც გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. 10-11 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, რიგირთ 68-ე რაუნდია დაგეგმილი და ქართულ დელეგაციას სწორედ ახლადდანიშნული გიორგი ზურაბაშვილი უხელმძღვანელებს.

ეს გარემოება აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შემუშავებული აქვს კონკრეტული გეგმა ან შეთავაზება, ხოლო ზურაბაშვილი ჟენევაში განსაკუთრებული მისიით გაემგზავრება.

რატომ შეიცვალა მთავარი მომლაპარაკებელი

კონფლიქტოლოგი და რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნასა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. მისი შეფასებით, პროცესებში ახალი არაფერი ხდება, კრემლის პოლიტიკური დღის წესრიგი თუ ზეწოლის მექანიზმები სტანდარტულია და ამ დანიშვნის უკან რაიმე განსაკუთრებული დიპლომატიური გარღვევა ან არსებითად ახალი სტრატეგიული გეგმა არ დგას.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „იმით, რომ მინისტრის პირველი მოადგილე ინიშნება აღნიშნულ თანამდებობაზე, ამ თანამდებობას ენიჭება ოფიციალური ხასიათი. პრაქტიკულად, ხდება ინსტიტუტების აღიარება და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი".

 

„ეს ინსტიტუტი არსებობს პრემიერ-მინისტრის ქვეშ - ვინაიდან არ არსებობდა დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის, გამოძებნილი იყო არაფორმალური სათათბირო ორგანო. ზურაბ აბაშიძე 12 წელი იყო ამ თანამდებობაზე, შემდეგ ქაჯაია...

„უცნაურობა არის ის, რომ დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. პრაქტიკულად არეულია ის კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც დაინიშნა აბაშიძე. იმით, რომ მინისტრის პირველი მოადგილე ინიშნება აღნიშნულ თანამდებობაზე, ამ თანამდებობას ენიჭება ოფიციალური ხასიათი. პრაქტიკულად, ხდება ინსტიტუტების აღიარება და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი შეფასებით, ზურაბაშვილი პრაქტიკულად ჩაენაცვლება ლაშა დარსალიას, რომელიც რუსეთთან მიმართებით პრინციპულობითა და კატეგორიულობით გამოირჩეოდა. ზაქარეიშვილის აზრით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა სწორედ ჟენევის დისკუსიებიდან დარსალიას ჩამოშორება იყო, რაც რუსეთთან მეტ ფორმალურ და ინსტიტუციურ დაახლოებაზე მიუთითებს და აქამდე არსებულ არაფორმალურ მონაპოვარს ანგრევს.

ზაქარეიშვილის აზრით, პროცესების შეფასებისთვის გადამწყვეტი იქნება როგორც მოსკოვის, ასევე სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებების რეაქციები. თუ საოკუპაციო რეჟიმები და კრემლი ამ საკადრო ცვლილებას მიესალმებიან და განაცხადებენ, რომ „როგორც იქნა, მათთან ლაპარაკი შეიძლება", ეს იქნება პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ პოლიტიკა შეიცვალა.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და რკინიგზის გახსნის თემას, ზაქარეიშვილი გამორიცხავს, რომ ამ პროცესებს რაიმე რეალური შედეგი მოჰყვეს. მისი შეფასებით, პროექტი „პუტინის გზა" აბსურდულია, ხოლო ქართული პროდუქციის ნაწილობრივი ემბარგო არა პოლიტიკურ შანტაჟს, არამედ რუსულ კორუფციულ სქემებთან ქართული კომპანიების შეუგუებლობას უკავშირდება.

„30 წელია მიდის საუბარი რკინიგზის საკითხსა და ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების იძულებით ხელმოწერაზე, აქ ახალი არაფერია... არანაირი ხელშეკრულების ხელმოწერა არ მოხდება საქართველოს მხრიდან, არანაირი რკინიგზა არ აღდგება - შემიძლია თამამად ვთქვა. ეს არის ძველი სიმღერის გადამღერება რუსეთის მხრიდან, სხვა არაფერი", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

10-11 ნოემბრის ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი გიორგი ზურაბაშვილისთვის პირველი სერიოზული გამოცდა იქნება ახალ ამპლუაში. გახდება თუ არა ეს საკადრო ცვლილება თბილისის მხრიდან ახალი დიპლომატიური სტრატეგიის დასაწყისი, თუ უბრალოდ მოსკოვის მორიგი პოლიტიკურ-ეკონომიკური პრესინგის ფონზე მიღებული ტექნიკური გადაწყვეტილება, ამას უახლოესი მოვლენები და ჟენევის შეხვედრის შედეგები გამოაჩენს. მანამდე კი აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ბალანსის პოვნა კრემლის გააქტიურებულ შანტაჟსა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების უპირობო დაცვას შორის.

 

თამარ ოყუჯავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×