
ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან „დაახლოებას ცდილობს“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, მათ საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ, დიახ. არ ვიცი, სწორია ეს თუ არა, რადგან პუტინთან მეგობრობა თუ არმეგობრობა მისი პირადი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინამ აშშ-გან „პატრიოტის“ სისტემის მხოლოდ 24 რაკეტა მიიღო, მაშინ როცა მას გაცილებით მეტი სჭირდება.
ზელენსკიმ ასევე უპასუხა კითხვას - „შეურაცხყოფილად გრძნობს თუ არა თავს აშშ-ის მხრიდან ბრალდებების გამო, რომ საკმარისად მადლიერი არ არის“.
„რა თქმა უნდა, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, უბრალო ადამიანი ვარ, შესაძლოა, პუტინის მსგავსი დიდი ჰუმანისტი არ ვარ, მაგრამ ძალას არ ვიშურებ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.